ევროპის სასამართლომ ქართულ მხარეს უარი უთხრა გია უდესიანის საქართველოში ექსტრადირებაზე

0
389
,,ამ წუთებში შემატყობინეს, რომ დღეს გია უდესიანის ექსტრადირების მოთხოვნა განიხილა ევროპის სასამართლომ და ევროპელი მოსამართლის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი მასალების საფუძველზე ქართულ მხარეს უარი ეთქვა გია უდესიანის საქართველოში ექსტრადირებაზე''- აცხადებს გია უდესიანის და, ჟურნალისტი ნატო უდესიანი 
 
გია უდესიანი 2008 წლამდე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა., 2012 წლიდან კი უცხოეთში ცხოვრობს. მისი სახელი ფიგურირებს ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით  მოკლულის  ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჩვენებებში, ისინი   ამბობენ, რომ მოკლულის ერთადერთი მტერი გია უდესიანი იყო, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი ტენდენციურად განწყობილ ახალ ხელისუფლებას და მის მიერ მართულ საგამოძიებო სამსახურებს სწორედ გია უდესიანზე მიემართათ აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საფუძველი და მტკიცებულება, გარდა ნათესავების განცხადებისა, ხელთ არ ჰქონიათ, და ამასთან, იგივე ხალხის მიერ დასახელდა ხარძიანის მკვლელობის დროს უკვე სხვა ხელისუფლებაში მყოფი  მაღალჩინოსნების – ზვიად ჯანყარაშვილის, გიორგი ზედელაშვილის, ლაშა ნაცვლიშვილის გვარებიც.
 
ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 2015 წლის 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადვოკატ ლამარა კობალაძის განცხადებით, ბესარიონ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს, ციხიდან 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას ქონება უკანონოდ წაართვეს და მის დასაბრუნებლად იბრძოდა.
 
ვის და რას ედავებოდა ხარძიანი?  მისი ადვოკატის განმარტებით, საქმის წარმოება სასამართლოში ბესარიონ ხარძიანმა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. საქმე “კუს ტბა კალადან” და “კუს ტბა პალასიდან” წილების დაბრუნებას ეხებოდა.“ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ წილების გადაცემა მოხდა იძულების ქვეშ დადებული გარიგებით,” – ამბობდა მაშინ  ადვოკატი.
 
მისი განმარტებით, წილების დათმობასთან დაკავშირებით გარიგება  2011 წლის 20 აპრილს შედგა, როდესაც ბესარიონ ხარძიანი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან სასამართლოში დავა დაიწყო და პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე საქმე სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა. კობალაძე ამბობდა, რომ სწორედ ხარძიანის მკვლელობის წინა დღეს იყო სხდომა, რომელიც 13 მაისისთვის გადაიდო.
 
ადვოკატისავე თქმით,  ამ საქმეში მოპასუხე სააქციო საზოგადოება “უოლმილ სერვისი''  იყო, თუმცა შეძლებდა დამტკიცებას, რომ იძულება მოდიოდა არა   “უოლმილ სერვისიდან”, არამედ მესამე პირებისგან. ადვოკატის თქმით, გია უდესიანის გვარი ამ პროცესში თავად მხარეების მიერ დასახელდა.
 
როგორც  ნატო უდესიანი აცხადებს,  ,,გია უდესიანს არანაირი მოტივი არ ჰქონდა, რომ ბესიკ ხარძიანი მოეკლა –  გია უდესიანმა სასამართლოს წარუდგინა მასალები, სადაც მტკიცდება, რომ ბესიკ ხარძიანისთვის უდესიანს კუს ტბა ძალით არ წაურთმევია''   
ნატო უდესიანის განმარტებით, იგი გულისხმობს ვიდეოჩანაწერებს, სადაც გია უდესიანს ხარძიანის და, მაია ხარძიანი დახმარებას სთხოვს. აღნიშნული მასალით კი, როგორც უდესიანის და ამბობს, ყველაფერი ნათელი ხდება და გია უდესიანი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს. 

 
 მიუხედავად ამისა,  ხელისუფლება მთელი ეს წლები  ცდილობდა მკვლელობის საქმე გია უდესიანისთვის მიეწერა,თუმცა  ყველა მტკიცებულება საპნის ბუშტივით სკდებოდა, რამდენადაც უდესიანის დაცვის მხარეს ჰქონდა ყველა საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ უდესიანს არც ქონების წართმევასთან და, მით  უმეტეს, მკვლელობასთან, არანაირი შეხება არ ჰქონია – და ხარძიანის თავიდან მოშორებასი  დაინტერესებულ მხარეს სულ სხვა პირები წარმოადგენდნენ.
 
 ასე მოხდა ამჯერადაც –  ევროპის სასამართლოს უარი  გია უდესიანის საქართველოში ექსტრადირებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი მასალების საფუძველზე, სხვა არაფერია თუ არა დადასტურება გია უდესიანის სამართლებრივი დევნის  უსაფუძვლობისა. – აცხადებს ნატო უდესიანი. 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

წინა სტატიახელფასი – ბებიებს შვილიშვილის მოვლისთვის
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას შავი იუმორი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური