გიორგი მარგველაშვილი – უსამართლობისა და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე აგებული კედლები ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ევროპაში

0
352
არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ასეთი ბარიერის გავლებისა, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენ მიერ, არამედ თქვენ მიერაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მცოცავ ოკუპაციაზე ისაუბრა.
 
„საქართველოს პრობლემატიკა, რომლის მომსწრენიც თქვენ ყველანი, ალბათ, ამ დღეებში ხართ, როდესაც ხდება, გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, როდესაც კომენტარები ამ მცოცავ ოკუპაციასთან მიმართებაში არის აღვსილი ცინიზმით და სწორედ დაძაბულობის შემტანია რეგიონში. ამ ფორმატში საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც გამოირჩევა უდიდესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით. ჩვენი დამოკიდებულება იმ ისტორიულ უსამართლობასთან, რომელიც სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში ხდება ჩვენგან – როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის სახით, ამ საკითხის მიმართაც ჩვენ გვაქვს სწორედაც რომ ევროპული სტანდარტის, ევროპულ ღირებულებებსა და გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება. ჩვენ ვამბობთ, რომ უსამართლობის კედლები, კედლები, რომლებიც აგებულია უსამართლობისა და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ეს კედლები ევროპაში, მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად, მაგრამ, ამავე დროს ჩვენ ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ, ვიყოთ უაღრესად პრინციპული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ასეთი ბარიერის გავლებისა, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენ მიერ, არამედ თქვენ მიერაც, ჩვენო კოლეგებო და მეგობრებო იმიტომ, რომ ასეთი უსამართლობა არ მთავრდება ხოლმე იქ, სადაც ის ხდება. ყოველთვის ასეთ უსამართლობას, უსამართლოდ გავლებულ „საზღვრებსა“ და კედლებს მოჰყვება თავისი ექო სხვა შემთხვევებში, ამიტომ ყოველთვის ჩვენ ვართ მზად ვიყოთ ძალიან პრინციპულები და მოველით ხოლმე თქვენგანაც ძალიან ნათელ და მკაფიო შეფასებას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია პრივილეგირებული ინტერესის სფეროების პოლიტიკის ფარგლებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელიც თავის იდენტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალ საუკუნეებშიც განახორციელებს. 
 
„მაგრამ ბუნებრივია, ამ პროცესის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შემადგენელია საქართველოს დემოკრატიული პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და რომლის შინაარსიც მდგომარეობს ევროპული კულტურის ქვეყნის ევროპულ ინსტიტუტებზე დაფუძნებაში. ჩვენი 26 წლოვანი ახალი სახელმწიფოს ისტორია სწორედ ეს მცდელობაა – ევროპული კულტურის ქვეყანა და ხალხი ჩამოყალიბდეს ევროპული პოლიტიკური კულტურის ფარგლებში, ჩამოყალიბდეს ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების ფარგლებში და ჩამოყალიბდეს ისეთ პოლიტიკურ ველზე, როგორც ხორციელდება ევროპულ ქვეყნებში და ევროპულ პოლიტიკურ ცივილიზაციაში. ამ მიმართულებითაც, ბუნებრივია, ჩვენ არა ზოგადად იდეალებზე საუბარი, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში რეალური დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების განხორციელება გვმართებს. არ შეიძლება ვილაპარაკოთ პოლიტიკურ კულტურაზე სადღაც მომავალში. პოლიტიკური კულტურა, დემოკრატიული არჩევანი არის დღეს და აქ და ამ თვალსაზრისითაც თქვენთან თანამშრომლობა, თქვენთან ერთად ამ პროცესის გაღრმავება არის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხის შეკვეთის მაქსიმალური მსახურება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 
 
წინა სტატიაანტარქტიდას გიგანტური ზომის აისბერგი მოწყდა
შემდეგი სტატიაფოთელი მეთევზეები მერიასთან იკრიბებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური