აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედლის ჩამოშლის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსთან'' საუბარში ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან რატიანმა განაცხადა, დაშავებულ 20 წლის გოგონას კედლის ჩამონგრევის შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნება. კერძოდ, ქალა-თავისა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა და სხვა.
„პაციენტი კონტაქტურია. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედელი გუშინ ჩამოინგრა. ნაშალი მასალა გამვლელ გოგონას დაეცა.
პაციენტის ახლობლები კედლის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ.