გუშინ სოხუმში მარადონა დაკრძალეს. როგორც ირკვევა, სეპარატისტები საერთაშორისო საზოგადებაზე ზეწოლაში მის იმედზე იყვნენ

0
483
გუშინ სოხუმში, მიხეილის ( მიხაილოვსკოეს) სასაფლაოზე მარადონა დაკრძალეს. ძალიან ბევრი აფხაზი მივიდა პროზექტურასთან,სადაც იგი ესვენა სამი ივლისის შემდეგ,როცა მისი ცხედარი იური ვორონოვის სახელობის პარკში, კაფე ,,ზღაპართან’’, შადრევანში იპოვეს. ახალგაზრდების მოთხოვნით, მას წესიც აუგეს, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რა აღმსარებლობისა იყო იგი. 
ბევრმა ისიც მხოლოდ ახლა გაიგო, რომ სოხუმში ათეული წლების წინათ უფადან შემოხეტებული ამ არცთუ ადექვატური კაცის ნამდვილი სახელი და გვარია  შამილ გალინი , რადგან  სოხუმელმა ბიჭებმა ქალაქში გამოჩენისთანავე   ,,მარადონა’’ შეარქვეს ფეხბურთის მეფესთან გარეგნული  მსგავსების გამო.
ეს იყო სავსებით უწყინარი, ღიმილიანი და ღიმილისმომგვრელი კაცი, რომელიც ზამთარ- ზაფხულ ფეხშიშველი, (ზოგჯერ  გაგანია ზაფხულში თექის ჩექმებითაც კი), შორტებში და ჭყეტელა მაისურებში დარბოდა და დააჟღრიალებდა ყელზე ჩამოკიდებულ ლუდისა და სხვა სასმელების ლითონის ქილებისა და პლაჟზე აკრეფილი გახვრეტილი  ქვების  გალას.
 ყველა სოფელს ყავს და უყვარს თავისი გიჟი . მარადონა გიჟი არა, მაგრამ ცოტა შერეკილი,  უფრო უცნაური კაცი იყო, როგორც სოხუმში იტყოდნენ ,,ჩუდაკი“,რომელიც ქალაქში მობირჟავე  ბიჭებისა და ზოგადად მოქეიფე ადამიანების  წრეს ეტანებოდა და ართობდა.
მარადონას თემასთან მიბრუნება ალბათ არც იქნებოდა გამართლებული, რომ არა ერთი ,,მაგრამ’’ – აფხაზებმა ამ კაცის გარდაცვალებაც კი სათავისოდ გამოიყენეს. 
 ,, მარადონა აღარ არის. აწი არავინ გააღვიძებს სოხუმელებს ყვირილით ,,გაუმარჯოს თავისუფალ აფხაზეთს!’’ მისგან ბევრი მოხვედრიათ უცხოელ პოლიტიკოსებსაც, რომელნიც  არ ცნობენ დამოუკიდებლობას ქვეყნისა, რომელიც მარადონასთვის მეორე სახლად იქცა.- წერს სააგენტო ,,აბხაზია ინფორმის’’ ჟურნალისტი – სოხუმის სანაპიროს არაერთი ჩამოსული  ,,ჩუდაკი’’ ახსოვს – ისინი მღეროდნენ , კითხულობდნენ ლექსებს, ხშირად იყენებდნენ არანორმატიულ ლექსიკას და თავისებური კოლორიტი შექონდათ ქალაქის ცხოვრებაში,მაგრამ  მარადონა სულ სხვა იყო. მის გარეშე სოხუმის სანაპირო დაობლდა.’’ 
გარდაცვლილის პოლიტიკური შეხედულებებით სპეკულირება  საკადრისი არ არის. , მით უფრო, რომ მარადონას ეს შეხედულებები არც ჰქონია – გაიძახოდა იმას, რის ძახილსაც სთხოვდნენ. თუ დღევანდელი ოფიციალური სოხუმი უცხოელ პოლიტიკოსებზე ზეწოლაში მარადონას იმედზეა, იყოს. 
სხვათაშორის მარადონას  გაგანია ომსიც არ დაუტოვებია სოხუმი, ქართველი ბიჭები აპურებდნენ და პატრონობდნენ და,  რომ გეკითხათ, ბაიბურში არ იყო, რა ხდებოდა აფხაზებსა და ქართველებს შორის, სეპარატიზმსა და პატრიოტიზმზე რომ არაფერი ვთქვათ,   თავისუფლებაც მხოლოდ  ქუჩა-ქუჩა შიშველი ტანტალი ეგონა.  
მარადონაზე კი ქართულ სოხუმსაც ძალიან დაწყდა გული. იგი უჩვენოდ დაობლებულ ქალაქს გვაგონებს. ეს არის და ეს. 
.
წინა სტატია1993 წლის სისხლიანი ივლისი კამანში
შემდეგი სტატიაუქმე დღეებით საქართველო და სლოვაკეთი ევროპის ლიდერები არიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური