1993 წლის სისხლიანი ივლისი კამანში

0
468
1993 წლის 5 ივლისი – კამანის (კომანი) დაცემის დღეა.
ამ დღეს კამანის ბოლო დამცველებმა გმირულ ბრძოლაში ჰპოვეს აღსასრული, მათთან ერთად  მოწამებრივად აღესრულა – კამანის ეკლესიის ბერ-მონაზონი მამა ანდრია ყურაშვილი და კამანის სიწმინდეების აღმდგენელი იური (გიორგი) ანუა.
  
რამდენიმე ფრაგმენტი კამანის ბრძოლის ქრონიკიდან: 
 
სროლის ხმა კამანში პირველად გაგრის დაცემის შემდეგ, 1992 წლის 3 ნოემბერს, გაისმა. სულ მალე ტყვიის წუილი, ჭურვის აფეთქება, გვამები – სანგრებში, მდინარის ზედაპირზე, გზებზე, ეზოებში – ყოველდღიურობად იქცა. სოფელი სამხედრო ბანაკს დაემსგავსა. ფრონტის წინა ხაზი მის სახლებზე, მის უბნებზე, მის ხეობაზე გადიოდა. ბრძოლები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ერთი წლის შემდეგ კამანს 65-ის ნაცვლად 32 ადგილობრივი ჯარისკაციღა ჰყავდა. დანარჩენები დაიღუპნენ. სახლები დაინგრა, ხოლო მათ ადგილას ზოგან უშველებელი ღრმულები დარჩა. გაუქმებული წყალსაცავები, მიტოვებული ბუნკერები და სარდაფები სანგრებად, ბლინდაჟებად იქცა. მშვიდობის ხანა, სამოქალაქო ცხოვრების რიტმი თითქოს სამუდამოდ დასრულდა. კამანმა თავდასხმებს გაუძლო. ის ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც იხსნა. სოფელი მიუდგომელი იყო. მის დასაბომბად უახლესი ტიპის საარტილერიო დანადგარების გამოყენებაც ვერ ხერხდებოდა. . . და მოწინააღმდეგე ეშერადან კამანისკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკის გაფართოებას შეუდგა. ამ გზაზე სამხედრო ტექნიკას უნდა ევლო, თანაც გუდაუთა-ამზარას ტრასას შრომის ხიდამდე შეერთებოდა. კამანი ალყაში ექცეოდა. სამმხრივი შტურმის დღე ახლოვდებოდა. . .
 
1993 წლის ივლისის დამდეგს, როდესაც კამანზე თავდასხმა გადაწყდა, გუდაუთის დაჯგუფებები ფრონტის გუმისთისპირა ზოლს თითქმის მთლიანად აკონტროლებდნენ. სოხუმის მიმდებარე დასახლებები _ ეშერა, ამზარა, შუბარი, ახალშენი, ზეგანი _ აფხაზების ხელში იყო. სოხუმამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა. ქართული სამხედრო ძალებისგან გაწმენდილ ტერიტორიაზე უკანასკნელ წინაღობას 42-კომლიანი სვანური სოფელი კამანი ქმნიდა. ის გუდაუთადან ყველა მიმართულებით დაძრულ შენაერთებს გზას ზედ ქალაქის მისადგომებთან, 15-იოდე კილომეტრის მანძილზე, უკეტავდა. კამანის აღება სოხუმის გარდაუვალ დაცემას ნიშნავდა. . .
 
გამაყრუებელი გრუხუნი, წივილ-კივილი ტაძარშიც აღწევს. მოემზადეთ ზიარებისთვის-მამა ანდრიას საკურთხევლიდან ბარძიმი გამოაქვს და თითოეული მლოცველისგან აღსარებას იბარებს. ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია, _ კითხულობს იოანეს სახარებას იური ანუა. ღვთისმშობელო, ღვთისმშობელო-ჩურჩულებს ანუას მეუღლე, ზოია ადამია. მეშინია, წმინდა გიორგი, დაგვეხმარე,  ცრემლმორეული იწერს პირჯვარს ანუას ქალიშვილი, მანანა. კარზე ბრახუნია-გააღეთ! ღმერთო, გვიშველე!. . გააღეთ!-ბრძანებას ავტომატების ჯერი მოსდევს. ქვის იატაკს სარკმლიდან ზრიალით ჩამოცვენილი შუშის ნამსხვრევები ფარავს. ბრახუნი მეორდება. წუთიც და მოშლილ საკეტს შემოლეწავენ. იური ანუა მამა ანდრიას უხმოდ შეჰყურებს. გააღე!  -ნებას რთავს წინამძღვარი და ორივენი გასასვლელისკენ მიემართებიან. საკეტი იმტვრევა. მამა ანდრია მკერდზე მიკრული ღვთისმშობლის ხატით ცდილობს იარაღშემართული ბრბოს შეკავებას: ,,ოღონდ ხალხს ნუ ესვრით!''
`ხმა გაკმინდე!. . . – ხატს ხელიდან გლეჯენ, გარეთ გაჰყავთ.
 
გვამებით მოფენილ, სასაკლაოდ ქცეულ ეზოში ათიოდე ბოევიკი ანუას გარს შემორტყმია. ვინ ხარ? – უბღავიან, აფხაზი? მერე ქართველებთან რა გინდა? რაო? ძმები ვართო? რეებს ამბობ? . . . მამა ანდრიას ზურგში კონდახს ურტყამენ, დაიჩოქე, დაიჩოქე მეთქი! მოძღვარი ლოცვას იწყებს. ტყვია კეფაში ხვდება, მაგრამ პირქვე კი არა, გულაღმა ეცემა. ტაძარში ვიღაც შერბის და გაჰყვირის-თქვენი მოძღვარი მოკლეეეს. . . ჯარისკაცები კედლებს ცხრილავენ, იოანე ოქროპირის სარკოფაგს ძირს ანარცხებენ, ზედ ფეხით დგებიან, ლეწავენ: განძი სად არის, თქვენი. . . სროლა-სროლით შერბიან სათავსოში. იქ მხოლოდ 12 მოხუცი ქალი და იური ანუას ცოლ-შვილია. . 
 
სროლა დღის ბოლოს შეწყდა. მეორე დილას სოფელში ჩეჩნურ-სომხური ბატალიონები გამოჩნდნენ. 6 ივლისს, სამშვიდობოზე გასულმა ჯიმშერ გადრანმა შრომის მთიდან გარკვევით დაინახა სამი თვითმცლელი, რომლითაც სადესანტო-იერიშმიმტანი ბრიგადის მებრძოლთა გვამებს ეშერისაკენ მიასვენებდნენ. მსხვერპლი დიდი იყო. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, 1993 წლის 15 აგვისტოს, კამანის გმირები სოხუმთან ახლოს, სოფელ მაჭარაში დაკრძალეს.
 
კამანის აღებიდან ზუსტად 22 დღის შემდეგ, 1993 წლის 27 ივლისს, მეორე სამშვიდობო-რუსულ-ქართულ-აფხაზური _ ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ სროლები მხოლოდ თვენახევრით შეწყდა. 16 სექტემბერს სოხუმის შტურმი დაიწყო. 27-ში ქალაქი დაეცა. 30 სექტემბერს გუმისთის გაერთიანებული ფრონტების მთელი შემადგენლობა მდინარე ენგურს მიადგა. ხიდზე რუსული საგუშაგო გაიხსნა და ზედ აფხაზეთის დროშა აფრიალდა. ამ დღიდან მეოცე საუკუნის მიწურულის საქართველოში ტერიტორია ფსოუდან ენგურამდე სიმბოლურად ახალ სახელმწიფოებრივ საზღვრებში მოექცა. ორი ერის თანაცხოვრება შეწყდა. საქართველომ აფხაზეთი დაკარგა. . .
 
მაგრამ, დროებით.!
 
წყარო armadage.

 
წინა სტატია,,ვერასდროს წარმომედგინა, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს ისეთი მონაპოვარი, როგორიც ეროვნული გამოცდებია, სულ რამდენიმე წელიწადში ნამდვილ ტრაგიკომედიად იქცეოდა”.
შემდეგი სტატიაგუშინ სოხუმში მარადონა დაკრძალეს. როგორც ირკვევა, სეპარატისტები საერთაშორისო საზოგადებაზე ზეწოლაში მის იმედზე იყვნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური