ქართულ მედიასივრცეში დიდი ცვლილებები იგეგმება

0
406
ქართულ მედიასივრცეში დიდი ცვლილებებია დაგეგმილი. სექტემბრიდან, მაშინ როცა ტელევიზიები ახალ სეზონს დაიწყებენ, შესაძლოა საზოგადოება ახალი გადაჯგუფების მოწმე გახდეს. 
 
სატელევიზიო სივრცეში მთავარ კონკურენტებს შორის საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. რუსთავი 2 -დან კონკურენტ ტელე-იმედზე ჟურნალისტები გადადიან. პირველი "ტრანსფერი" კოტე ბათმანიდია, რომელიც რუსთავი 2-ში გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ამჟამად "იმედშიც" ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს. 
 
საზოგადოების განსჯის საგანი გახდა სპორტული მიმომხილველის დიმიტრი ობოლაძის რუსთავი 2 -დან იმედში გადაბარგება, რომელიც ყოფილ ტელევიზიაში დაახლოებით 20 წელი მუშაობდა. ობოლაძის თქმით, მას უკეთესი სამუშაო პირობები შესთავაზეს და ის შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდა. ამჟამად, იმედზე მას მთავარ საინფორმაციო გამოშვება ქრონიკაში სპორტული ბლოკი და არხზე ყოველ ხუთშაბათს სპორტული გადაცემა "სპორტის დრო იმედზე" მიჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული იმედმა ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის ან რომელიმე წამყვანი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია შეიძინოს და ეთერში გაუშვას.
 
ცოტა ხნის წინ ასევე რუსთავი 2-დან სამუშაოდ იმედში გადავიდა საინფორმაციო გამოშვება კურიერის პოლიტიკური ბლოკის მიმომხილველი ნატალია მახვილაძე. ჟურნალისტი ამჟამად საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" მუშაობს.
 
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დატოვებას აპირებდა არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი. ქართულ ონლაინ მედიაში დაიწერა, რომ ის იმედზე ბრუნდებოდა, თუმცა ლაფერაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
 
გასულ კვირას კი საზოგადოებამ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიიღო – გავრცელებული ინფორმაციის, რუსთავი 2-ს ორი პროდიუსერი ტოვებს – გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე. მართალია აღნიშნულ ინფორმაციაზე ორივე დუმს, თუმცა როგორც სააგენტოებში დაიწერა, მათი ტრანსფერი ტელეკომპანია იმედზე გადაწყვეტილია და ახალი სეზონიდან ისინი მუშაობას სწორედ ამ არხზე გააგრძელებენ. ხაბურზანია და ჯაფარიძე წლების განმავლობაში ქმნიდნენ ისეთ მეგა-პროექტებს, როგორიცაა "ნიჭიერი", "იქს ფაქტორი", "საქართველოს ვარსკვლავი". ის ტელეპროექტები, რომლის უკან სწორედ ეს პროდიუსერები დგანან, ქართულ სატელევიზიო რეიტინგებში ლიდერის პოზიციებს არავის უთმობს. შესაბამისად, გაჩნდა მოლოდინი, რომ პროდიუსერები იმედზე აღნიშნული პროექტებით წავლენ, რადგან, როგორც ცნობილია ამჟამად, ცნობილი ვითარების გამო რუსთავი 2-ს ფინანსური კრიზისი აქვს და არხის დამფუძნებლები გადაცემების დახურვას გეგმავენ. საინფორმაციო პორტალ AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, პროდუსერები პირველ ეტაპზე, "იმედზე" გადაცემებს "ექიმები" და "ნიჭიერი" გადაიტანენ.  
 
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ეკა ხოფერიას გადაცემა იხურება. გავრცელებული ინფორმაციით, ის ტელეკომპანიიდანაც მიდის, თუმცა აღნიშნულს ჟურნალისტი არ ადასტურებს. ხოფერიამ გარვცელებულ ინფორმაციაზე მწირი კომენტარი გააკეთა – მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დეტალებზე ჟურნალ "სითის" ივლისის ნომერში ისაუბრებს. რას დაწერს ჟურნალისტი უცნობია, თუმცა რამდენიმე ქართულმა ონლაინ მედიამ უკვე დაწერა, რომ ის იმედზე ახალი პოლიტიკური თოქ-შოუთი დაბრუნდება. ვარაუდი რეალობასთან ახლოსაა, რადგან მიმდინარე წლის აპრილში, "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნანა ლეჟავამ დაადასტურა, რომ არხზე ახალ პოლიტიკური ფორმატის გადაცემას სწორედ ეკა ხოფერია წაიყვანს. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკა ხოფერიას შოუს იმედზე არც მეტი და არც ნაკლები მაია ასათიანის პროფილი ჩაანაცვლებს და ჟურნალისტი იმედის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. თავად ასათიანი კომენტარს არ აკეთებს, კომენტარს არც პროფილის პროდიუსერები აკეთებენ. თუმცა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა რომ აღნიშნული არის ტყუილი. 
 
 
მოკლედ, ქართულ მედიაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა ცხელი ზაფხული ასევე ცხელი ინფორმაციების მიღების პერიოდიც იყოს.
 
 
წინა სტატიაფაქტები და ვარაუდები – ხანძარი ელიავას ბაზრობაზე
შემდეგი სტატიასად იყო დავით ნარმანია, როცა ელიავას ბაზრობაზე ხანძარი მძვინვარებდა?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური