ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა ფოთის პორტის შემდეგ საქართველოს პარლამენტის ელექტრონულ ფოსტაზეც განხორციელდა.
შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის უარყოფს ამგვარ ინტერპრეტაციას და აცხადებს, რომ მიზანმიმართულ კიბერშეტევაზე საუბარი არ არის, თუმცა მიმდინარეობს ვითარებაში გარკვევა.
„პირველ რიგში, ფოთის პორტთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ იქ კიბერთავდასხმა არ ყოფილა.- აღნიშნა შალვა ხუციშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას – იქ ერთ-ერთი უცხოური საერთაშორისო კომპანია ოპერირებს და მასზე იყო გარკვეული კიბერშეტევა, რომელსაც იძიებენ იმ ქვეყნის სამსახურები, სადაც მდებარეობს სათაო ოფისი და ჩვენთან მხოლოდ მისი წარმომადგენლობა იყო. რაც შეეხება პარლამენტს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა, თუმცა, ასე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სპეციალისტები დაუკავშირდნენ პარლამენტის შესაბამის სამსახურს. ამჟამად მიმდინარეობს ვითარებაში გარკვევა და ამის შემდეგ გადაწყდება სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყება თუ არა, ანუ რასთან გვქონდა საქმე. გამოძიება ამ ეტაპისთვის დაწყებული არ არის. "
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ელფოსტაზე კიბერშეტევა განხორციელდა. როგორც საკანონმდებლო ორგანოში საუბრობენ, პარლამენტის თითქმის ყველა წევრმა, ერთდროულად მიიღო საფოსტო შეტყობინება, რომ მათ გზავნილებზე კიბერთავდასხმაა. ტუმცა
პარლამენტის პრესსამსახური ოფიციალურად არ ადასტურებს ამას. იქ აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმა არ განხორციელებულა, უბრალოდ არსებობდა ინფორმაცია შესაძლო საფრთხის შესახებ, რის გამოც, "შემომავალი მეილები პრევენციული მიზნით დაიბლოკა".