მთავარისიახლეებისაზოგადოება1 ივლისიდან რძის ფხვნილით ყველის დამზადება აიკრძალება

1 ივლისიდან რძის ფხვნილით ყველის დამზადება აიკრძალება

Published on

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან რძის ფხვნილით ყველის დამზადება აიკრძალება. ცვლილებებს რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც ყველი შეიძლება მხოლოდ ნედლი, ნატურალური რძისგან იწარმოებოდეს.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ცვლილების მიზანია, მომხმარებელთა უფლებების, ასევე ფერმერთა ინტერესების დაცვა.
 
„ცვლილების მიზანია, კეთილსინდისიერი მეწარმის ინტერესები დავიცვათ და სამართლიან კონკურენციას შევუწყოთ ხელი“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, საქართველოს მთავრობის #152 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. 
 
აგრეთვე ცვლილებები შეეხო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% – ს შეადგენს. ამასთან ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი – „კარაქის“ გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. 
 
„ცვლილების განხორციელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში, რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასიური ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე კეთილსინდისიერი ბიზნესის ხელშეწყობას, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
 
ბიზნესოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
 
ცნობისათვის: საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მართალია, მისგან მიღებული ნაწარმი მავნე არ არის, თუმცა არც სასარგებლოა. პრობლემას მცენარეული ცხიმი წარმოადგენს, რომელსაც რძეს, ხაჭოს, არაჟანს თუ სხვა ნაწარმს ცხიმიანობის გასაზრდელად უმატებენ. მცენარეული ცხიმი კი შეიცავს ტრანს-იზომერებს, იგივე ტრანს-ცხიმებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.
 
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით 100 გრამ პროდუქციაში ტრანს-ცხიმების გამოყენება 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. მიუხედავად ამისა, დღემდე საქართველოში მათი შემცველობა პროდუქტებში ნორმირებული არ არის. 

 
 

სიახლეები

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...