TV პირველი საპატრიარქოს დეკანოზის ოჯახთან შეხვედრის ჩანაწერის შესახებ განცხადებას პასუხობს

0
439
„TV პირველის“ კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელიც პატრიარქისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრის ვიდეოს Youtube-დან წაშლასა და კვლავ აღდგენას შეეხება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
 
„TiVi media არის Youtube-ის პარტნიორი კავკასიაში, რომელიც ჩვენ გვემსახურება და ადმინისტრირებას უწევს ჩვენს Youtube არხს. „იუთუბი“ კი ავტომატურად, თვითონ საზღვრავს და ბლოკავს. ჩვენი ვიდეოებიც ძალიან ბევრი დაუბლოკავს და მიუკუთვნებია სხვა არხისათვის. მე ვგულისხმობ Youtube არხებს. ამ შემთხვევაში რატომ აღიქვა „იუთუბმა“, რომ ეს ვიდეო ჩვენი კუთვნილება იყო და არა საპატრიარქოსი, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ჩვენც გამოვეხმაურეთ ამ ფაქტს და Youtube-ს შევეხმიანეთ. იმედია, ეს ყველაფერი მოგვარდება, იმიტომ რომ ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ეს ვიდეო ალბათ ჩვენც გვქონდა გამოყენებული, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რა ფორმით და როგორ. ეს შეიძლება იყო ჩვენსავე მასალაში ან საინფორმაციოში. თუმცა, ფაქტია ასეთი შეცდომები Youtube-ს უამრავი მოსდის და ასეთივე შეცდომებიც ხდება ჩვენს ვიდეოებზე. ​ჩვენს მულტიმედია მენეჯერს ჰქონდა კომუნიკაცია youtube-სთან TiVi media ჯგუფის გავლით. ჩვენ შევატყობინეთ, რომ ეს ხარვეზია და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. რეალურად, ასეთი რამდენიმე შემთხვევა გვქონდა და ყველა შემთხვევაში გამოსწორდა. Youtube-ი გასაჩივრებებს რომ იღებს ხოლმე, ის აუცილებლად რეაგირებს. მე ვფიქრობ, ეს ავტომატური პროცესია. როგორც ხდება ხოლმე, Youtube-ზე. ეს ლოგიკაა, რომელთანაც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება“, – განაცხადა ნანა აბურჯანიძემ. 
 
საქართველოს საპატრიარქომ, დეკანოზის ოჯახის წევრებთან ილია მეორის შეხვედრის ამსახველი ვიდეოს Youtube-დან წაშლის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ჩანაწერი ზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანია TiVi media-ს მოთხოვნის საფუძველზე დაიბლოკა.
 
დეკანოზის ოჯახის წევრები პატრიარქს 22 ივნისს შეხვდა. საპატრიარქომ დაპატიმრებული დეკანოზის ძმა შეხვედრის შინაარსის ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა და გაფრთხილების შემდეგ შეხვედრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. თუმცა 25 ივნისს ეს ჩანაწერი Youtube-დან წაიშალა. 
 
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
წინა სტატიამესის ბავშვთა ფონდს ფინანსურ თაღლითობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი 14:00 საათზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური