115 ხმოსანმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

0
412
პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივი განხილვის ფარგლებში 115 ხმით დაუჭირეს მხარი. 
პროექტის მუხლობრივი განხილვისას მიღებულ იქნა  დიმიტრი ხუნდაძის, ნუკრი ანთარიას, გიორგი ხატიძის მიერ  შეთავაზებული რამდენიმე  ცვლილება როგორც შინაარსობრივი, ასევე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით.
კერძოდ,  პროექტში ჩაიწერა, რომ:
სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის როგორც თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური, ასევე, დემოგრაფიული განვითარებისათვის.
ეროვნული ფასეულობების და თვითმყოფადობის დაცვაზე. 
სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე. 
 შეიცვალა როგორც მე-8 მუხლის სათაური, ასევე ამ მუხლის ფორმულირებაც და მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: 
”მუხლი 8. სახელმწიფოს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა 
”რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“.
მე-16 მუხლში, რომელიც რწმენისა და სინდისის თავისუფლებების საკითხებს არეგულირებს, დაემატა აღმსარებლობა და ამ მუხლის პირველ პუნქტს ექნება შემდეგი რედაქცია: ”ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება“.
 
ირაკლი კობახიძის წინადადებით, მოხდა მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ნორმის შემდეგი რედაქცია  ”მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამოკნაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ორგანული კანონით, რომლიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“. 
 
კანონპროექტის 33-ე მუხლში, რომელიც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებს შეეხება, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის წინადადებით ცვლილება შევიდა. კერძოდ, დაუშვებელი იქნება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.
 
პარლამენტის არჩევის წესზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ვენეციის კომისიის შენიშვნა და ბონუსისთვის დაწესდა ზღვრები. 
 
”დაწესებულია სამი სახის ზღვარი. ერთი ეს არის ფარდობითი ზედა ზღვარი ანუ 35%-ს არ უნდა აღემატებოდეს დამატებით მანდატების რაოდენობა ძირითადი მანდატების რაოდენობას. მეორე არის აბსოლუტური ზედა ზღვარი, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის 35%-იან მაჩვენებელთანაც. თუ ბონუსით გამოდის 89 მანდატზე მეტი, მაშინ ”იკეტება” ბონუსი და ყოველი შემდეგი მანდატი გადანაწილდება სხვა ბარიერგადალახულ პარტიებზე. მესამე არის ფარდობითი აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ბონუსითაც არ გიგროვდება 75 მანდატზე მეტი, ამ შემთხვევაში ბონუსს აღარ იღებ და ჩვეულებრივად პროპორციულად ნაწილდება ეს მანდატები. ანუ მაქსიმალურად არის შეზღუდული რეალურად ბონუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომრემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს არა ფარული, არამედ ღია კენჭისყრით. 
 
წინა სტატია„რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა, ოლიგარქებთან დათმობებს არ ვაპირებ, ვიბრძოლებ ბოლომდე, მაქვს მხარდაჭერა“- მიხეილ საკაშვილი
შემდეგი სტატია2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ არსებული – შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების გარდამავალ დებულებებში აისახა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური