ევროპული სტილის კონსტიტუცია თუ ერთ პარტიაში გარიგების შედეგად მიღებული დოკუმენტი?- განსხვავებული შეფასებები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

0
403
ევროპული სტილის კონსტიტუცია თუ ერთ პარტიაში გარიგების შედეგად მიღებული დოკუმენტი?-  პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მკვეთრად განსხვავებული შეფასებები კეთდება  გუშინ პარლამენტის მიერ ოპოზიციის  ბოიკოტის პირობებში პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. 
 
''ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული, ევროპული სტილის კონსტიტუცია – ეს ახალი კონსტიტუციის უმოკლესი აღწერა იქნება'', – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, სწორი პოზიცია არ შეიძლება იყოს მისგან გამიჯვნა და მეორე მხარეს დგომა. 
 
„რომელი პოლიტიკური ჯგუფი რატომ ემიჯნება ამ პრინციპებს, ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ჰქონდეს, მაგრამ მათ, რაც დრო გავა, მით უფრო გამოეკვეთებათ ერთი საერთო ნიშანი – უხერხულობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უდავოდ პროგრესული, დემოკრატიული, ევროპული სტილისა და ეროვნულ ღირებულებებზე განსაკუთრებულად ორიენტირებული კონსტიტიტუციის ბოიკოტირების გამო. მეტი სარწმუნოებისთვის, შეუძლიათ წინ დაიდონ ამ პრინციპების ჩამონათვალი და პასუხი გასცენ კითხვაზე – სად არის გაუარესება, რასთან მიმართებით არ არის მნიშვნელოვნი პროგრესი?! სწორ პასუხს, რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ იტყვიან, მაგრამ ამაზე ქართულ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
 
,,ერთ პარტიაში გარიგების შედეგად მიღებული დოკუმენტი''. – ასე შეაფასა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. გიორგი აბაშიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ იღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულობას აზიანებს.
 
"ჩვენ ვნახეთ ერთი პოლიტიკური პარტიის ყრილობა, რომელმაც მიიღო გარკვეული დოკუმენტი და საზოგადოებას შესთავაზა, რომ იზეიმონ პარტიის შიგნით არსებული შეთანხმება თუ მე დავარქმევდი ამას პირდაპირ გარიგება. სამწუხაროდ, ქართული დემოკრატია ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დავაყენეთ და სამწუხაროდ, ძალიან ფორსირებულად დღეს მივიღეთ ის დოკუმენტი, რის შესახებ საუბარი მათ შორის, არც საკონსტიტუციო კომისიაში და არც საერთო სახალხო განხილვებზე არ ყოფილა," – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.  

წინა სტატიაქართველების საპროტესტო აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში
შემდეგი სტატიარა ვითარებაა რიკოთის უღელტეხილზე? სპეციალურმა სქემამ და გრაფიკმა არ იმუშავა.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური