კონგოელ ამბოხებულთა ლიდერმა დაადასტურა სოსო ოსორაულის დაღუპვის ფაქტი

0
370
"იმედის კვირის'' ინფორმაციით კონგოში მოქმედი დაჯგუფება "23 მარტის" პოლიტიკური ლიდერი ბერტრან ბისიმვა ადასტურებს, რომ ამბოხებულთა ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავი  სოსო ოსორაული ცოცხალი აღარ არის. 
 
"ჩვენ არ ვართ ტერორისტები და თქვენი მოქალაქე არ იყო ჩვენი მძევალი, ის ომის პატიმარი იყო. – განუცხადა ბისიმვამ ,,იმედის კვირის'' ჟურნალისტს – ჩვენ რევოლუციური ორგანიზაცია გვაქვს. ყოვლად მიუღებელია რევოლუციურმა ორგანიზაციამ მოქალაქის გასათავისუფლებლად ფული მოითხოვოს. ჩვენ არ ვართ კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ფულს ითხოვს მოქალაქის გასათავისუფლებლად. მოლაპარაკებებში თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან ხაზგასმით განვმარტეთ, რომ ჩვენ ფულს არ ვითხოვდით. ერთადერთი, რასაც ვითხოვდით თქვენი ხელისუფლებისგან, იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც წაიყვანდნენ თქვენს მოქალაქეს, არ მიეცათ მისთვის კონგოში კონგოელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოსვლის უფლება" 
 
"თქვენი მოქალაქე 2017 წლის 13 ან 14 მაისს დაიღუპა. კონგოს სამთავრობო ჯარი თავს მოულოდნელად დაგვესხა. ჩვენ თქვენი მოქალაქის ევაკუაციისთვის ვემზადებოდით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციისთვის უნდა გადაგვეცა. ამ დროს კონგოს ხელისუფლებამ განახორციელა ეს ოპერაცია, რა დროსაც თქვენი მოქალაქე დაიღუპა. ამ შეტაკებისას ჩვენი 6 მებრძოლიც დაიღუპა, რომლებიც თქვენი მოქალაქის უსაფრთხოებას იცავდნენ", – აცხადებს ბისიმვა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე აცხადებს, რომ ოსორაულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. მისი თქმით, ოსორაულის გადმოცემის სპეცოპერაციის ჩატარებას ყოველდღიურად ელოდებოდა ქართული მხარე, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია შეტაკების შესახებ. 
 
"ამას დაერთო ისიც, რომ ჩვენ ვეღარ მივიღეთ დამადასტურებელი ინფორმაცია ოსორაულის სიცოცხლის შესახებ. 7 ივნისს გაეროს მისიისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის ნამდვილად გარდაიცვალა. თუმცა ვინაიდან ფაქტობრივი მტკიცებულებები არც მათ (გაეროს) არ ჰქონია, ისინიც ამას 100%-ით ვერ ამტკიცებენ", – განაცხადა ზვიად გონაძემ.
 
მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული მართავდა, რომელიც ტყვედ აიყვანეს. ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.
 
სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
 
24 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ირწმუნება, რომ ის ცოცხალია.

წინა სტატიაჟენევის მოლაპარაკებები: ვერ შევეგუებით, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი ასეთი არსებითი მტკიცებულებების შემთხვევაში დადიოდეს თავისუფლად
შემდეგი სტატიაქუთაისში საინკასაციო მანქანას დააყაჩაღეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური