”ამერიკის ხმა”- ვაშინგტონში ამბობენ, რომ 2008 წელს საქართველოსთვის მაპზე უარის თქმა სტრატეგიული შეცდომა იყო

0
358
საერთაშორისო და სტრატეგიულ კვლევების ცენტრში კონფერენცია გაიმართა, სადაც ამერიკის ყოფილმა ტოპ დიპლომატებმა და მიმომხილველებმა ევროპის და ამერიკის უსაფრთხოების დაცვაში ნატო-ს მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 
როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია წერს, საარჩევნო კამპანიის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს “მოძველებული” უწოდა, რამაც ვაშინგტონში პოლიტიკოსთა და მიმომხილველთა შეშფოთება გამოიწვია, ასევე გაურკვევლობა შესძინა იმას, თუ რამდენად მზადაა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია დაიცვას მისი ევროპელი პარტნიორები და შეინარჩუნოს ალიანსის “ღია კარის პოლიტიკა”.როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვაშინგტონში ამბობენ, რომ 2008 წელს საქართველოსთვის მაპზე უარის თქმა, სტრატეგიული შეცდომა იყო, რამაც რუსეთს საშუალება მისცა აგრესიული ნაბიჯები გადაედგა და შეჭრილიყო საქართველოსა და უკრაინაში.
“მე ვფიქრობ შეცდომა იყო საქართველოსთვის 2008 წელს წევრობის სამოქმედო გეგმის არ მიცემა. მე ამას ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოების პირველ რაუნდში, როდესაც მიიღეს პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, მაშინ ვფიქრობდი, რომ მათი უსაფრთხოების გზა რუსეთთან კარგ ურთიერთობაზე გადის… 2008 წლისთვის ნათელი იყო, რომ რუსებმა არჩევანი გააკეთეს და გადაწყვიტეს დამდგარიყვნენ არამარტო ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ, არამედ ასევე მმართველობის, გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ემოქმედათ, რაც ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტია და ასევე ამერიკასთან ურთიერთობებს საფუძველს აძლევს. მე ვფიქრობ 2008 წელს ჩვენ შეცდომა დავუშვით, ვინაიდან იმ დროისთვის უკვე ნათელი იყო თუ საით მიდიოდა რუსეთის ხელისუფლება. ვისურვებდი სხვანაირი გადაწყვეტილება მიგვეღო”, – განაცხადა სტენფორდის უნივერსტეტის მკლევარმა კორი შეიკმა. “რუსეთი ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს, მათ ბევრი ინვესტიცია ჩადეს ამ მიმართულებით და ეს ჩვენ სირიის შემთხვევაში ვიხილეთ. ევროპელები შეშფოთებულნი არიან, განსაკუთრებით ისინი, ვინც რუსეთს შეუპოვრად ეწინააღმდეგება, ვგულისხმობ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. საქართველოს და უკრაინისგან განსხვავებით, პუტინი ნატოს ქვეყნებს არ შეხებია. მაგალითად ბალტისპირეთს. რაც აჩვენებს ნატოს ძალას. ჩვენ სწორად ვიქცევით, როდესაც გამაფრთხილებელ ნაბიჯებს ვდგავთ და პუტინს ვაჩვენებთ, რომ არ გაბედოს ამ რისკზე წასვლა. მე ვფიქრობ, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, როდესაც ხედავს, რომ რისკები დაბალია და შესაძლებლობები მაღალი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ მას დამატებითი შესაძლებლობები არ მიეცეს”, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობების საბჭოს წევრმა ელიოტ აბრამსმა. 
მიმომხილველების თქმით, ნატოს მიერ ახალი წევრების მიღება, და ალიანსის გაფართოების მხარდაჭერა, რუსეთის აგრესიის შეკავების ეფექტური გზაა.
“ნატოს გაფართოების მთავარი მიზანი, ქვეყნებისთვის შესაძლებლობის მიცემაა, რომ შეუერთდნენ ალიანსს [თუ ისინი მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.] თავად გაწევრიანების პროცესი დადებითი მოვლენა. ის წყვეტს პრობლემებს სამხედრო, მმართველობის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ანუ იმ მიმართულებებით, რომლის გაუმჯობესებასაც ქვეყნები თავადაც უნდა ცდილობდნენ, თუ მათ სურთ ქონდეთ მდგრადი სახელმწიფო და იყვნენ დასავლეთის სანდო პარტნიორები. “ღია კარის პოლიტიკა” პოზიტიური მოვლენაა და ვფიქრობ აუცილებელია მისი შენარჩუნება, და შევინარჩუნებთ კიდეც”, – აღნიშნა ჰერიტიჯის ფონდის ვიცე პრეზიდენტმა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს კარაფანომ. მათი თქმით, ნატო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია ევროპასა და მის მიღმა და სწორედ ამიტომ, ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს ალიანსის აქტიური მხარდაჭერა და ამასთან, მხარი დაუჭიროს ახალი წევრების მიღებას.მიხუედავად წევრობის არცთუ ახლო პერსპეკტივისა, ისინი მოუწოდებენ ასპირანტ ქვეყნებს გააგრძელონ რეფორმების გატარება ინსტიტუტების და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.“ნატო-ში გაწევრიანების გზა ღიაა, თუმცა ეს არ მოხდება უახლოს მომავალში. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა როგორიცაა საქართველო, გააგრძელონ ამერიკასთან თანამშრომლობა და განავითარონ თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა არავისთვის არ იყოს ხელსაყრელი მათთვის ზიანის მიყენების პერსპექტივა”, – განაცხადა ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის წარმომადგენელმა ერიკ ედელმანმა. 
 
წინა სტატიასაქართველოში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება შესაძლებელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური