ვინ ჩაფარცხა ჩიბათში მომხდარი დაჭრის ფაქტი და რა კავშირი აქვს ეჭვმიტანილთან პარლამენტარ მამუკა მდინარაძეს ?

0
376
"გურიის მოამბე" აქვეყნებს სკანდალურ ინფორმაციას პარლამენტარ მამუკა მდინარაძის შესაძლო კავშირზე სოფელ ჩიბათში მომხდარ გახმაურებული ინცინდენტის მთავარ ,,გმირთან"', რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა თანასოფლელი,  და მის გათავისუფლებასთან  სისხლის სამართლის პასუხიმგებლობისგან. 
 
გასაიდუმლოებული დაჭრის ფაქტი ლანჩხუთში. – წერს გურია ნიუსის ჟურნალისტი ინფორმაციაში სათაურით ,,ჩაფარცხული დაჭრის ფაქტი ლანჩხუთში-რა კავშირი აქვს ეჭვმიტანილთან პარლამენტარ მამუკა მდინარაძეს'' –  როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გასული თვის ბოლოს სოფელ ჩიბათში მცხოვრები კ. ჩხაიძე სანადირო თოფით სოფლის ცენტრში დაჭრეს.
 
  ჩიბათიდან მოწოდებული  ინფორმაციით, ჩხაიძეს შემთხვევის დღეს, ტელეფონით ესაუბრა ამავე სოფლის მკვიდრი კ. სარჯველაძე, რომელიც უცხოეთიდან ახალ ჩამოსული იყო. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი და დაჭრილის ახლობელი გვიყვება,სარჯველაძემ  კ. ჩხაიძეს საღამოს სოფლის ცენტრში მისვლა სთხოვა. 
 
"ღამის 11 სთ-ზე კახა მივიდა სოფლის პარკში, სადაც იმყოფებოდა პოლიციელი კუკულაძე, ასევე იქ იყვნენ სოფლის რწმუნებულის თანაშემწე ა. მგელაძე და საკრებულოს წევრი გ. ჩახვაძე.
ადგილზე მისულმა ვერ დაინახა სარჯველაძე და იმათ ჰკითხა  ხომ არ დაგინახავთო. არაო, უპასუხეს. ეს გამობრუნდა და დაახლოებით 5 მეტრი ექნებოდა გავლილი, უკნიდან თოფი გავარდა. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც გაირკვა ორლულიანი თოფიდან აქვს ნასროლი რამდენჯერმე"-გვიყვება დაჭრილის ახლობელი.
 
კ. ჩხაიძე მძიმედ დაჭრილი გადაიყვანეს ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ფეხში მოხვედრილი ჰქონდა 15 ცალი ტყვია ე.წ ,,კარტეჟი".
 
კ. სარჯველაძეზე, როგორც ეჭვმიტანილზე გამოცხადდა ძებნა და დაიწყო საქმის გამოძიება. ის 2 ივნისს  ქალაქ ბათუმში დააკავეს, მეორე დღეს კი გაანთავისუფლეს.
 
"არ ვიცი მისი განთავისუფლების მიზეზი. სარჯვეელაძეების ოჯახი ძალიან ახლო ურთიერთობაშია პოლიციის უფროსის წულაძის ოჯახთან და ასევე პარლამენტარ მამუკა მდინარაძის სიმამრის ოჯახთან. ალბათ ჩაერია ვინმე ზემოდან და გამოაშვებინეს პოლიციას. ჩხაიძე დღესაც ქუთაისის სავადმყოფოში წევს და მისი ფეხის შენარჩუნება კითხვის ქვეშაა, რადგან დღემდე ვერ ხერხდება მისი ფეხიდან რამდენიმე ტყვიის ამოღება"-გვიყვება კ. ჩხაიძის ოჯახის ახლობელი.
 
"გურიის მოამბეს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხრადთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ  118-ე მუხლით,  რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 
 
დღესვე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთის პოლიციის უფროსს თანამდებობა დაატოვებინეს. ჩვენ შევეცადეთ ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურთან გადაგვემოწმებინა, თუმცა როგორც იქ გვიპასუხეს, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად წერილობითი მიმართვაა საჭირო. 
წინა სტატიამინისტრი: საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლეები განმეორებით გამოცდაზე არ გავლენ
შემდეგი სტატიასაჩინოს მოსახლეობა – 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ითხოვს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური