განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ აფგან მუხტარლისთან დაკავშირებით, არასამთავრობოებმა უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, არის თუ არა ის რეალურად ჟურნალისტი.
მისივე თქმით, შსს-მ დაიწყო მოკვლევა, მათ შორის აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციაზე, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს. „სამწუხაროდ, შევეჩვიეთ, რომ არასამთავრობოები თავის თავზე საგამოძიებო ორგანოს ფუნქციასაც იღებენ და თვლიან, რომ სამ საათში შეუძლიათ გახსნან საქმე და ჭეშმარიტება დაადგინონ. მე მგონია, რომ ეს უბრალოდ არაკომპეტენტურობის ინდიკაციაა. შსს-მ გაავრცელა განცხადება, გუშინვე დაიწყეს მოკვლევა, მათ შორის აქვთ ინფორმაცია აზერბაიჯანელი კოლეგებისგან, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ჟურნალისტი იყო, უნდა გადაამოწმოთ. არის ვერსია, რომ ის რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელია. გამოძიება დაადგენს რეალობას, სად და რა პირობებში დააკავეს. პრაქტიკულად, გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომელიც, სამწუხაროდ, არასამთავრობოებმა პირდაპირ ფაქტად წარმოგვიდგინეს, რომ ეს მოხდა თბილისში და მოხდა ძალადობა. თუმცა, გამოძიება დაწყებულია იმ ბრალდების საფუძველზე, რაც გაჟღერდა. რამდენიმე დღეში ვნახავთ, ზუსტი ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აფგან მუხტარლის სოლიდარობის აქცია გამართეს.