გაარტყა თუ არა მოქალაქეს პოლიციელმა ხელი დღეს ზუგდიდში?!

0
385
დღეს, ზუგდიდის ცენტრში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მკვიდრს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მოგვიანებით, წინააღმდეგობის გაწევის გამო, 58 წლის რევაზ ჯინჯოლავა პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. სადაც მისი თქმით, პატრულის თანამშრომელმა რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ხელი გაარტყა.
როგორც ჯინჯოლავა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს. 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში გზებია გადაკეტილი, რის გამოც, შემოვლითი გზით მოუწია სახლში დაბრუნება. ჯინჯოლავა ამბობს, რომ გზაზე, სადაც მანქანით გაიარა, არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ იქ გავლა არ შეიძლებოდა, არ იყო. პირიქით, ამბობს, რომ ქვეით პატრულს ის და მასთან ერთად, დაახლოებით, 10-მდე მანქანის მძღოლი არ გაუჩერებია. თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯინჯოლავა პატრულის ეკიპაჟმა გააჩერა და მოძრაობის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.
 
„როგორც მითხრეს, დაგვირეკეს, მოძრაობის წესები დაგირღვევია, იმ გზაზე შესვლა არ შეიძლებოდაო. ვუთხარი ავად ვარ, წამლის დასალევად სახლში მეჩქარება, ჯარიმას თუ მიწერთ, დამიწერეთ-მეთქი. ამის შემდეგ მითხრეს დაგიჭერთო, არ გვემორჩილებიო. რომ ვიკითხე რატომ მიჭერთ რა დავაშავე-მეთქი, ხელბორკილი დამადეს და სამმართველოში გადამიყვანეს. სამმართველოს ეზოში პატრულის თანამშრომელმა ხელი გამარტყა, რა კონცერტები გაგვიმართეო, მაგინებდა. რა დავაშავე, ხელბორკილი რატომ დამადეთ-თქო, მარტო ამას ვკითხულობდი. ყაჩაღი ხომ არ ვიყავი?! ტელეფონი წამართვეს, ვითხოვდი, რომ შვილთან დარეკვის ნება მოეცათ და არ მარეკინებდნენ. უფროსიც იქ იყო, უთხრა, თავიდან ამბობდა, ავადმყოფი კაცია, თავი დაანებეთო. მაგრამ რამდენიმე თანამშრომელი მაინც აგრესიულად იქცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ვიყავი, სასწრაფოს გამოძახება მაინც არ უნდოდათ. ნახევარი საათის მერე დაურეკეს სასწრაფოს. ექიმებს ეუბნებოდნენ, ეს არ არის ცუდად, იტყუებაო. მაგრამ ექიმმა არ დამტოვა პოლიციის შენობაში, შაქარი აქვს 400-ზე აწეული და თუ საავადმყოფოში არ გადავიყვანთ, რამე რომ დაემართოს თქვენ აგეთ პასუხიო. პოლიციის უფროსი, მჟავია იძახდა,არაფერი ტკივა მაგას, ჩააგდეთ კამერაშიო. თუმცა, ექიმმა უთხრა, რომ არ ვიყავი კარგად და ამის მერე გადამიყვანეს საავადმყოფოში. ნემსები და გადასხმები გამიკეთეს. ცოტა უკეთესად რომ ვიგრძენი თავი ხელწერილით გამომიშვეს. ექიმების მოსვლამდე ხელბორკილიც არ მომხსნეს“, _ აღნიშნავს ჯინჯოლავა.
მისივე თქმით, პატრულის იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელმაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არ იცის, თუმცა, მისი ამოცნობა შეუძლია. ჯინჯოლავა ამბობს, რომ მან ასევე უთხრა პატრულის თანამშრომლებს, რომ მათ სასამართლოში  ვიდეოჩანაწერების წარდგენა მოუწევდათ, თუმცა მათგან პასუხად მიიღო, რომ ვიდეოკამერები პატრულებს გამორთული ჰქონდათ.
„შეურაცხყოფის მოყენება რომ დამიწყეს, ვუთხარი მაგ კამერაზე ახლა ყველაფერი იწერება და სასამართლოში მოგიწევთ ჩვენება მძღოლს როგორ მელაპარაკებით-თქო. ყვიროდი და იგინებოდი, ამას ხალხი უსმენდაო, ტყუილები დამაბრალეს. ვიდეოკამერაზე კი მითხრეს, რომ გამორთულია, არაფერს ვიწერთო. წარმოგიდგენიათ, პოლიციის სამმართველოს ეზოში გამარტყა ხელი პოლიციელმა. ამას შეხედა უფროსმა და მჟავია მაინც პირზე დამადგა, არაფერი ხელი არ დაურტყია, მოიგონე ახლა რაღაცო. ასეთი რამის მოფიქრება შეიძლება? 10 ადამიანი მაინც უყურებდა ამ ამბავს. სამმართველოს ეზოშიც ხომ არის კამერები, იქაც გამოჩნდება, ხელს რომ მირტყამს“, _ ამბობს ჯინჯოლავა და უახლოეს წარსულში პატრულის თანამშრომლებთან რაიმე სახის დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს.
 „გურია ნიუსი“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც რევაზ ჯინჯოლავას ადმინისტრაციული წესით დაკავებას ადასტურებენ.
„ადმინისტრაციულად ერთი მოქალაქის დაკავება ნამდვილად მოხდა დაკავება. 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა)და 173-ე მუხლით (პოლიციელისკანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა);თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი შეუძლოდ შეიქნა, ის ხელწერილით სახლშია გაშვებული. მის მიმართ არ წყდება სამართალწარმოება ადმინისტრაციული წესით და უნდა დაელოდოს სასამართლო პროცესს“, _ აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლის მხრიდან რევაზ ჯინჯოლავასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, შსს-ში ამაზე აცხადებენ, რომ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ.
„თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, დარეკონ გენინსპექციის ცხელ ხაზზე – 126“, _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რევაზ ჯინჯოლავამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და სახალხო დამცველს, რომელიც წარმომადგენელიც მასთან შეხვედრას დღესვე აპირებს.
„გურია ნიუსი“ რევაზ ჯინჯოლავას მიმართ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოების პროცესს დააკვირდება და უახლოეს ინფორმაციებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
 
წყარო: Gurianews.ge
წინა სტატია26 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ეგვიპტეში, ქრისტიანი მლოცველების ავტობუსებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად
შემდეგი სტატიაესტონეთიდან რუსეთის გენერალური კონსული და კონსული გააძევეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური