ბათუმის დემირელის კოლეჯის მმართველის თურქეთში ექსტრადიცია – თბილისში ბინალი ილდირიმის ვიზიტის ხმაურიანი შედეგი

0
400
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
 სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის  შუამდგომლობა –  ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდება.
 
როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს. მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციით, წინასაექსტრიდაციო პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება საკმარისი ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების აღსაკვეთად.
 
საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, და ჩაბუქის მონაწილეობაზე მის საქმიანობაში.
 

,,ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმან იმოქმედა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე – ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. 15 წელია საქართველოში ვარ. მაქვს საქართველოში ბინადრობის უვადო უფლება, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა.''
ბრალდებულმა პროცესზე  ცრემლებიც ვერ შეიკავა. და თხოვა არ გადასცენ თურქეთს, სადაც მისი თქმით, სამწუხაროდ, სამართლიანობა არ არსებობს ".
 
 ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და სასამართლო გადაწყვეტილება არ არის ფაქტებით  გამყარებული.   
დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავების საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილის თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქიმისის დაკავება საეჭვოდ დაემთხვა საქართველოში თუქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ვიზიტს.
 
განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავა  აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, დემირელის სკოლის ფუნქციონირების შეზღუდვასთან დაკავშირებით ანკარას მხრიდან მოთხოვნა არ ყოფილა. „ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა. თურქული მხარე გამოხატავს თავის წუხილს მათი კვალიფიკაციით ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო კავშირების შესახებ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ თავიდანვე დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ნებისმიერ სკოლაში არაფერი დაემუქროთ, მათ შორის, არანაირი იდეოლოგიური ზეწოლა მათზე არ იყოს. მე მგონია, ამით პასუხი გაეცა ამ შეკითხვებს. რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად მეტი ყურადღება გვმართებს ნებისმიერ სკოლასთან დაკავშირებით და მონიტორინგის და კონტროლის სტანდარტი უნდა იყოს მაღალი, ამას მე ვიზიარებ“, – განაცხადა ჯეჯელავამ
 
თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. 

 
 
წინა სტატიასაატესტატო გამოცდების ზღვარი დაახლოებით 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: “ვენაცვალე” ბიძინა ივანიშვილს. იძახა, პატარა სოფელია ეს ქვეყანაო და აგერ, თუ არ არის”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური