თვითმმართველობის რეფორმა უბრალო ავანტიურა აღმოჩნდა, ხელისუფლებამ, რომელიც ან ბრმად მოქმედებდა წინა ხელისუფლების ჯიბრით, ან არ ქონდა ელემენტარული პროგნოზირებისა და რეალიების ანალიზის უნარი, ძალიან მარტივად უარყო თავისი ესოდენ რეკლამირებული ,,მონაპოვარი'' და ბევრ სხვა დაპირებასთან ერთად, ისე წაიღო უკან, მაგალითად, ზუგდიდისათვის მინიჭებული თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, რომ თავად თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირებისთვისაც არაფერი უკითხავს – ,,თბილისიდან ბრძანეს, გადწყვეტილების ოქმი გამოგზავნეს და ისტორიული მომენტიც დასრულდა. გარკვეულ დრომდე, ამ ხელისუფლების დასასრულამდე, რასაკვირველია''- წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.
ირაკლი ღარიბაშვილი რომ დუმს, გასაგებია, მაგრამ რატომ არ აპროტესტებს პარლამენტარი მერაბ ქვარაია ამ ფაქტს, ოდნავ უფრო ძნელი ასახსნელია, რადგან არსებობს ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე, რომელთანაც თავს ზუგდიდის თვითმმართველობაში მიღწეული (მართალია, მოსახლეობისათვის უხილავი) შედეგებით იწონებდი, ახლა კი ფაქტობრივად აღიარებ, რომ თავის მოსაწონი არც არაფერი გქონია – რეფორმა ჩაფლავებულა.
რამდენიმე ციტატა ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსთან დაკავშირებული ეგზალტირებული სიტყვებიდან:
,,2014 წელი იყო მეტად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე გამორჩეულად ჩვენი ქალაქისთვის, მე ვიტყოდი ეს იყო ისტორიული წელი ჩვენი ქალაქისთვის!!! 2014 წელს საქართველოში დაიწყო და განხორციელდა თვითმმართველობის რეფორმა. თავისი არსებობის მანძილზე ზუგდიდს პირველად მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, მიეცა განვითარების ახალი შესაძლებლობები,ახალი უფლებამოსილებები და სრულიად ახალი ასპარეზი დადგეს ევროპის განვითარებული თვითმმართველი ქალაქების გვერდში და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების თანამშრომლობით – თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობით უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და ყოველმხრივ განვითარებული ქალაქი გახდეს.''(საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას მიერ 2015 წელს წარმოთქმული სიტყვიდან – ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში მერიის ანგარიშის მოსმენაზე)
"ამ ქალაქმა უნდა დაიბრუნოს თავისი სახე, თავისი ღირსშესანიშნაობებით და თავისი განსაკუთრებული ხიბლით. ზუგდიდი სამეგრელოს გულია და დიდი შეცდომა იყო, რომ ამ ქალაქს აქამდე არ ჰქონდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შეცდომა გამოასწორა და დღეს ზუგდიდს სრულიად დამსახურებულად მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. უკვე ამ ზაფხულს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება თავად აირჩიონ ქალაქის მერი, განსაზღვრონ საკუთარი ბედი და თავად გადაწყვიტონ, ვინ უნდა უპატრონოს ქალაქს. ამ არჩევნების შედეგად ქალაქი შეიძენს სულ სხვა ფუნქციას". ( ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ზუგდიდში 2 აპრილს წარმოთქმული სიტყვიდან)
,,2014 წლამდე არსებული თვითმმართველობის სისტემა, მიუხედავად არა ერთი სახეცვლილებისა, არ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს (მათ შორის თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ნორმებს) ვერც დემოკრატიისა და ვერც მართვის ეფექტიანობის კუთხით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები წლების მანძილზე მრავალი პრობლემის წინაშე იდგნენ, მათ შორის, ფინანსური რესურსების ნაკლებობა და ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის რეფორმა მომზადდა და წარიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების გათვალისწინებით, რითიც საქართველომ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისაკენ.
1 ინსტიტუციური მოწყობა გახდა მეტად დემოკრატიული – ახალი მოწყობით ყველა თვითმმართველ თემს ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი, ხოლო თვითმმართველ ქალაქს – პირდაპირი წესით არჩეული მერი. მერი/გამგებელი გახდა მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია პირდაპირ საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე. ახალი სისტემით გაიზარდა გამგებლის/მერის ინსტიტუტის დემოკრატიულობა, თანამდებობის სტატუსი და გაადვილდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
2. ნათლად გაიმიჯნა უფლებამოსილებები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის – შეიცვალა თვითმმართველობათა კომპეტენციები და უფლებამოსილებები, ისევე, როგორც ზედამხედველობის მექანიზმები.
3. თვითმმართველობებს გაეზარდათ რესურსები – მათ საკუთრებაში გადაეცათ თვითმმართველ ტერიტორიაზე არსებული ქონების გარკვეული კატეგორია და მიეცათ რესურსების აქტიურად და დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ის არის, რომ მას დამოუკიდებლად შეეძლოს გადაანაწილოს ფინანსური რესურსები ადგილობრივი საჭიროებების და პრიორიტეტების გათვალისწინებით. – აცხადებდა (საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო რეფორმის პირველ შედეგებთან დაკავშირებით.
ამავე უწყების ბოლო განცხადებებში ეს დადებითი შეფასებები გაქრა:
,,არსებობდა მოლოდინი, რომ ამ ცვლილებას უნდა მოეტანა შემდეგი დადებითი რეზულტატები:
1. მოქალაქეთა მეტი ჩართულობა თვითმმართველობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
2. მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ხარისხის გაუმჯობესება;
3. მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების გაზრდა.
მაგრამ ეს არ გამართლდა.''
ერთი ცნობილი ვიდეოჩანაწერის პერსონაჟისა არ იყოს: ,,ახლა არ გინდათ ქალაქის სტატუსი ხომ?!''
და საერთოდ, როდემდე აპირებს ეს ხელისუფლება ხალხი კვებოს დაპირებით ,,ერთი ნაბიჯი წინ" და საბოლოოდ შესთავაზოს ,,ორი ნაბიჯი უკან'' ? – ეს ციტატაც სოციალური ქსელიდან არის.