,,შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ საპატრულოს პოლიციას ბექას მამა დაურეკა და სთხოვა შეეჩერებინათ და ჩაემოერთმიათ მანქანა მისი შვილისთვის, რომელიც ნასვამი იყო. მანქანის ჩამორთმევის ნაცვლად კი ადამიანს შვილი მოუკლეს.- აცხადებს ადვოკატი, სამართალდამცავი დავით ახალაია.
უფრო მეტიც, სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის დირექტორი ზვიად კუპრავა აქვეყნებს შემთხვევის ადგილის ოდნავ მოშორებით, გვირაბისკენ გადაღებულ ფოტოებს, რომელზედაც აღბეჭდილია მუხრუჭის კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბექა ხახუბია შეჯახების თავიდან არიდებას ცდილობდა ანუ მისი უმტკივნეულოდ გაჩერების რესურსები არ იყო ამოწურული.
,,ტრაილერი, რომელიც მძღოლს დაახვედრეს ჩაბნელებულ ადგილზე, არ შედის საჭიროების შემთხვევაში პოლიციის მხრიდან შესაძლო გამოყენებად სპეც.ტექნიკათა ნუსხაში, რომელსაც კანონი პოლიციის შესახებ არეგულირებს. შესაბამისად, მისი დაქოქვის და გზის გადაკეტვის მომენტიდან, პოლიციამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. რადგან, მათ ტრაილერის გამოყენების უფლება, კანონით არ ქონდათ’’ – ნათქვამია ზვიად კუპრავას კომენტრებში, რომელსაც იგი ფოტოებს ურთავს.
იმგვარი დევნა, რომელიც 21 წლის ახალგაზრდას ირაკლი ხახუბიას მოუწყვეს გორის ავტობანზე, ყველა ქვეყანაში ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ მძღოლი განსაკუთრებით საშიში დამნაშავეა.
არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ მძღოლი ნასვამია, პოლიციას არ ქონია, ამიტომ არავითარი აუცილებლობა ტარანი მოეწყოთ მისთვის, არ ყოფილა.
,,პატრულები მეუბნებიან, ბექა ხახუბიას დევნაში მთელი გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის საპატრულო ეკიპაჟები იყვნენ ჩართული. რომლებსაც უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლოთ ავტობანი მოციმციმე ეკიპაჟებით გადაეკეტათ, რაც ხილვადობის მანძილს მკვეთრად გაზრდიდა და შეჯახების რისკს შეამცირებდა. მაგრამ არა! ამათ ტრაილერით გადაკეტეს გზა.'' – წერს ზვიად კუპრავა.
შესაბამისად, პოლიციის ქმედება ფაქტობრივადიყო სასიკვდილო განაჩენი, რომელიც 21 წლის ახალგაზრდას, ორი შვილის მამას გამოუტანეს.
როგორ იქცევა პოლიცია აშშ- სა და დასავლეთის ქვეყნებში მძღოლის შესაჩერებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის გზაზე მოძრავ სხვა ავტომობილებს ან არ ემორჩილება პოლიციის მოთხოვნას გაააჩეროს მანქანა? ამ ქმედებათა მთავრი პრინციპია გამოიყენონ ტექნოლოგიები, რომლებიც მაქსიმალურად უსაფრთხოა დევნილისათვის და რადგან პოლიცია მოქმედებს პრინციპით – ,,გადაარჩინე მძღოლი! '' და არა ,,დაიჭირე მსხვერპლი! ''. მანქანის დევნა არამცდაარამც არ უნდა გადაიქცეს ნადირობად.
აშშ – ში ურჩი მძღოლის შეჩერებას ჯერ ცდილობენ ე.წ. ზღარბის – წვეტიანი ლენტის დაგებითა და ამ გზით მანქანის საბურავების გახვრეტით, თუ ამან არ გაჭრა, პოლიცია ცდილობს მის მიმწყვდევას და კიუვეტში- გზისპირა თხრილში ჩაგდებას, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიჩქარე არ აღემატება 40 მილს საათში. სხვა შემთხვევაში ტრასას ათავისუფლებენ სხვა მანქანებისგან, რომელთა მძღოლებს აფრთხილებენ ვერტმფრენიდან – ყველა მძღოლი ვალდებულია დაემორჩილოს ამ ბრძანებას და გადავიდეს ტრასიდან, რომ თავიდან აირიდოს შეჯახება მთვრალი მძღოლის მიერ მართულ ავტომობილთან.
პოლიციის ეკიპაჟები და მოტოპოლიციელები ცდილობენ მძღოლს მიაწვდინონ ხმა, გამორიცხულია მუქარა, საუბარი გამოკვეთილად მეგობრულია. თუ დევნა აუცილებელი გახდა, ეკიპაჟს მიყვება სახანძროც და სასწრაფოც. შეიძლება მძღოლი ასეთ მდგომარეობაში სახლამდეც კი მიაცილონ, ხოლო შემდგომ ხდება მისი აყვანა.
საფრანგეთში საგზაო ჟანდარმები მოძრაობენ სპეციალური ფორსირებული ავტომობილებით, პატრულირებაზე გასვლამდე ისინი გადიან სპეციალურ მომზადებას და რეგულარულად ვარჯიშობენ სპორტულ ავტოტრასებზე.
ურჩი მძღოლის დევნისას ფრანგი პოლიციელები მაქსიმალურად ცდილობენ არ გამოიყენონ იარაღი და სხვა პიროტექნიკა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ წვეტიან ლენტებსაც, როცა საქმე აქვთ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავესთან. ასე იყო ორიოდ წლის წინათ, როცა ლიონში აიყვანეს ბანდა, რომელსაც მძლავრი ბოლიდებით გადაჰქონდა ნარკოტიკები ბელგიიდან საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში. მაშინ ამოღებულ იქნა 120 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და დაკავებულ იქნა ბანდის თორმეტი წევრი.
დიდ ბრიტანეთში ურჩი მძღოლის შეჩერება საგზაო პოლიციის პატრულის ფუნქციაა, თუ მძღოლი არ რეაგირებს პოლიციელის ნიშანზე – გააჩეროს მანქანა და დიდი სისწრაფით აგრძელებს სვლას, მას უკან დაედევნება პოლიციის მანქანა ან მოტოციკლი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხმოვან კონტაქტში შევიდეს მასთან და დაამშვიდოს და დაიმეგობროს იგი. თუ მძღოლი მოძრაობს ისეთი სისწრაფით, რომმანქანით მოძრავი ეკიპაჟი ვერ ეწევა, და ამით საფრთხეს უქმნის სხვა მანქანებს, , საქმეში ერთვება ვერტმფრენი – ტრასის სხვა მანქანებისგან გათავისუფლებისა და მძღოლთან კონტაქტში შესვლის მიზნით.
სატრანსპორტო პოლიციელებს, ისევე როგორც სხვა პოლიციელთა უმრავლესობას, როგორც წესი, არ დააქვთ იარაღი, ამიტომ განსაკუთრებულ შემთხვევებში მათ დასახმარებლად რთავენ შეიარაღებული პოლიციის სპეციალურ ქვედანაყოფებს, რომელთაც აქვთ მკაცრი ინსტრუქციები, როგორ გამოიყენონ იარაღი მანქანის შესაჩერებლად – ეს იქნება საბურავების დახვრეტა თუ უკანა საქარე მინის ჩამტვრევა.
იტალიაში საგზაო პოლიცია უმრავლეს შემთხვევაში არ აწყობს ავტოდევნას, ინფორმაციას გადასცემენ დაახლოებით ერთი კილომეტრით წინ მდგარ ეკიპაჟებს, რომლებიც შედარებით უმტკივნეულო ზომებს იღებენ მძღოლის შესაჩერებლად. კერძოდ,ხდება გზის მოჭრა პოლიციის ავტომობილის ჩაყენებით, მაგრამ ისე, რომ ის აბსოლუტურად ხილვადი იყოს ურჩი მძღოლისთვის.
საქართველოში მძღოლს სულ სხვაგვარად, დანაშაულებრივად მოექცნენ.
ადვოკატი დავით ახალაია განმარტავს, რომ საპატრულოს ეკიპაჟს ვალდებულება ჰქონდა და უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სატვირთო ტრაილერით გზის ჩახერგვით საფრთხეს უქმნიდა ბ.ხახუბიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და უნდა გაეთვალისწინებინათ სამართალდარღვევის სახე და საფრთხე, რადგან არ ჰქონდა ადგილი შეიარაღებულ წინააღმდეგობას. აღნიშნულ ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება არამარტო საქართველოს ს.ს.კ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, კერძოდ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, არამედ უნდა დადგინდეს საპატრულო ეკიპაჟის და უფლებამოსილი პირების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი სამსახურებრივ გულგრილობას, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ ვრცელდება გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ პოლიციის მუშაკების და უფლებამოსილი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილია საქართველოს ს.ს.კ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ანუ მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ბ. ხახუბიას სიცოცხლის მოსპობა.