დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა იწყება. საორგანიზაციო კომისიის პირველი გასვლითი სხდომა ქუთაისში გაიმართება. მოსახლეობასთან შეხედრები 11 დღის განმავლობაში სხვადასხვა დიდ ქალაქში ჩატარდება და 15 მაისს, თბილისში დასრულდება. მაისის ბოლოს კი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა უკვე პარლამენტში განახლდება.
პროცესს ყალბს უწოდებს ნაციონალური მოძრაობა. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ. და მოსახლეობასთან შეხვედრებს პარალელურ რეჟიმში გამართავენ.
„ეს არის ადმინისტრაციული რესურსის მოზიდვა, სადაც არავითარი კრიტიკული აზრი არ იქნება გამოთქმული კონსტიტუციის მოდელთან დაკავშირებით. ასევე ყალბია ქართული ოცნების შეთავაზება პრეზიდენტისადმი, ინსტიტუტისადმი, რომელსაც ებრძვის ქართული ოცნება და რომლის გაუქმებაც უნდა. ასე რომ, ჩვენ ჩვენი საკუთარი კამპანიით სხვა პარტიებთან ერთად, დღეს უკვე ვიწყებთ ძალიან აქტიურ ჩართულობას,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მმართველ გუნდში საყოველთაო განხილვების დაწყებას პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს უწოდებენ. პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი.
„ჩვენი ყველას ვალია, რომ ჩავატაროთ თუნდაც დაპირისპირების ჭიდილი იმ პირობებში, რასაც ჰქვია კონსტრუქციული კამათი და აზრთა დაპირისპირება და არა პიროვნებების დაპირისპირება ერთმანეთთან. ფაქტობრივად გვთავაზობენ, რომ შეიქმნას ერთიდაიგივე ლეგიტიმაციის ორი ინსტიტუტი, რომელიც იქნება ერთმანეთთან დაპირისპირებული და ამის წინააღმდეგი ვართ ჩვენ,“ -აცხადებს იგი.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ჩაერთვება ,,ევროპული საქართველო''. პარტიის ლიდერების თქმით, ისინი შეხვედრებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური პროექტის ხარვეზებზეც გეგმავენ საუბარს.