აქცია ენგურის ხიდთან – ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა – შვილის ახლობლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

0
397
ენგურის ხიდთან ოკუპანტების მიერ  5 აპრილს დაკავებული არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრების გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. ისინი აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ აქვთ რეალური ინფორმაცია დაკავებულთა  მდგომარეობის შესახებ, ხელისუფლება კი  სათანადო ყურადღებას არ იჩენს ამ საკითხის მიმართ.
 
“ჩვენთან მხოლოდ ზუგდიდის გამგეობიდან იყვნენ მოსულები და გვითხრეს, რომ ვერაფრით დაგვეხმარებიან. ვითხოვთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან მამაჩემი და ჩემი ძმა. პოლიციას პირადობის ასლები უნდა გაეგზავნა, თუმცა წითელ ჯვარში გვითხრეს, რომ ეს არ მომხდარა. იმ შემთხვევაში, თუ არავინ გამოგვეხმაურება და ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ხვალიდან მთელი ჩვენი სანათესაო და ჩვენ ოჯახის წევრები, აქ დავდგებით და მანამდე არ დავიშლებით, ვიდრე არ გვეცოდინება მამაჩემის და ჩემი ძმის მდგომარეობა და ის, თუ რას აკეთებს ხელისუფლება მათ გასათავისუფლებლად”, –  განაცხადა არჩილ როგავას შვილმა თინათინ  როგავამ.
 არჩილ გოგავას მეუღლე აცხადებს, რომ, თუ  ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენს, ის და მისი ოჯახის წევრები ყველა გზით შეეცდებიან აფხაზეთში გადასვლას და ვითარების ადგილზე გარკვევას.
 
შეგახსენებთ, 5 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა  ენგურის  ნაპირებიდან გაიტაცეს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრები მამა-შვილი როგავები , რომლებიც   დაკარგულ ცხენს ეძებდნენ და და მდინარის გაღმა  ნაპირს მიუახლოვდნენ, თუმცა ადმინისტრაციული საზღვარი არ დაურღვევია. გატაცებულები, ოჯახის წევრების  ინფორმაციით, იარაღის მუქარით ამოიყვანეს წყლიდან და დაატყვევეს. 
ოჯახმა ტელეკომპანია ,,ოდიშის'' გადამღებ ჯგუფს განუცხადა, რომ  არსებული ინფორმაციით, დაკავებულები დაკავებულები , გალის ე.წ. იზოლატორში   იმყოფებიან. 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას მამა-შვილის დაკავების შესახებ.  
,,მამა-შვილი ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. ამის შესახებ  დაუტყოვნებლივ იქნა ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მუშაობს ცხელი ხაზი და ყველაფერი კეთდება მათ გასათავისუფლებლად“, – განუცხადეს გადამღებ ჯგუფს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
 

წინა სტატიაკახი კალაძე სენაკის მოსახლეობისა და ,,გაქსუებული გაზკომპანიის ხელმძღვანელის” შესახებ
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონისადმი ნდობის ხარისხს გაუარესებაზე ლაპარაკობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური