ფაკუშ ფაჩუა – ქალს ქუდი ესროლე და, თუ არ წაიქცა, გასათხოვრად არის მომწიფებული

0
501
ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
 
გოგონებს მივმართავ: თუ ახლო ხანებში ხალხმრავალ სუფრაზე ხართ მიწვეული და შუა ცეკვისას სუფრასთან მჯდარმა მამაკაცმა მოულოდნელად მოიშვლიპა ქუდი და გტყორცნათ, ნურც თქვენ და ნურც თქვენი ახლობლები იჩქარებთ მის გამოლანძღვას ან საფეთქელთან თითის დატრიალებას. ჯობს გაიღიმოთ და ამით მიაგოთ პატივი ქუდისროლია კაცის ცოდნას ჩვენს მივიწყებულ ტრადიციებში და ქალის სარძლოდ დაგულვების – ნოსათ მიკოწონებაშ წეს-ჩვეულებებში, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ რბილი ქუდი გესროლათ და მუზარადით არ ჩაგიმტვრიათ გვერდები.
 
 ძველ სამეგრელოში იცოდნენ ,,ქუდიშ ფაჩუა“ , ანუ ქალის დანიშვნა ქუდის ტყორცნით. ეს ჩვეულება მეტნაკლებად  ბევრ ცნობილ ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს აქვს აღწერილი, მათ შორის არქანჯელო ლამბერტის, ივანე ჯავახიშვილს, სერგი მაკალათიას და სხვებს. შორს რომ არ წავიდეთ, შეგიძლიათ გაიკითხოთ შინაურებშიც, იქნებ, ქუდის ტყორცნით იყოს დაწყებული თქვენი დიდი ბაბუებისა და ბებიების ანუ შამასა და შამარის, ჩამასა და ჩამარის და მათი წინანდელი მოდგმის ოჯახური ცხოვრების ისტორია.
 
ამრიგად, ყველაფერი იწყებოდა იმით, რომ  ჯარობაზე თუ ნადიმზე დანახულ ახალგაზრდა ქალს სარძლოს მაძიებელი კაცი საჯაროდ ესროდა ქუდს ანუ სათავისო ნიშანს დაადებდა. 
თუ ქალი და მისი სანათესაო ამ ქუდს უკანვე ან განზე გადაისროდა, ეს იყო ამ საკითხის შემდგომ განხილვაზე  უარის ნიშანი, რაც ფრიად შეურაცხმყოფელი იყო ქუდის მსროლელისთვის და ატყდებოდა გაწევ–გამოწევა – ქუდი მოხვდა და არაფრად ჩაგვაგდესო – აბობოქრდებოდა ვაჟის მხარე, სად გვყავს ჩვენ ვიღაცისთვის მისათხოვებელი გოგოო – ხმალზე გაივლებდნენ ხელს ქალისიანები.  
 
 აქ საქმეში სოფლის კითხულები (ჭკუაშ ელაკითხაფალ კათა), უხუცესები (უჩაშეფი) ჩაერეოდნენ, ორივე მხარეს დააშოშმინებდნენ, ქუდის მსროლელ კაცს დიდი ყანწით დაალევინებდნენ ღვინოს ანუ ყველაფერს ხუმრობაში გაატარებდნენ და სუფრაც წესრიგს უბრუნდებოდა. მით უფრო, თუ შეურაცხმყოფელ გამოთქმას  – სად გვყავს ჩვენ ვიღაცისთვის მისათხოვებელი ქალიო  (სო პუნა ჩქი მიდგარენ ხიაჩარშა ოყუნაფალ ძღაბია),  გადააკეთებდნენ – სად გვყავს ჩვენ გასათხოვებელი ქალიო, (დიო სო პუნა ჩქი გასათხუარ ძღაბია) –   ანუ ვითომ ქალის უასაკობის გამო იუარეს ნიშანი.
 
 ქუდის მსროლელიც, რომელსაც გულით სურდა ნაკლებად შეურაცხყოფილი გამოსულიყო სიტუაციიდან, ჩაიბუზღუნებდა – ქალს ქუდი ესროლე და თუ არ წაიქცა, გასათხოვრად არის მომწიფებულიო. სხვათაშორის,  ეს გამოთქმა გათხოვების ასაკში შესული გოგონას მიმართ დღესაც არის  შემორჩენილი ლაკადაში – სამეგრელოს მთიანეთში:  ძღაბის ქუდ გუფაჩ დო ვეკირთუდა, გასათხუარო რენია წუმორდილი.
 
მაგრამ დავუბრუნდეთ კაცს, რომელიც თავის თავზე იღებდა ,,ქუდიშ ფაჩუაშ“ მისიას. ეს  უპირატესად იყო ვაჟის ბიძა, სახელდობრ,  დედის ძმა – ჯიჯი, ჯიმადი –  იშვიათ შემთხვევაში (თუ დედა უძმო იყო)  –  ვაჟის  უფროსი ძმა.  ამ ხალხს სრულიად განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა ქალ–ვაჟის დაოჯახების საქმეში. ხელის მთხოვნელი მხარე, ქალის  დედასა და მამაზე უწინარეს, ამ ადამიანებს მიმართავდა, მათი დასტურისა და ხელშეწყობის გარეშე ეს საქმე ძნელად თუ გადაწყდებოდა. მხოლოდ მათთან შეთანხმების შემდეგ ეწყობოდა გინოძირაფა – ქალის გადანახულება, სხვა მხრივ, ქალის მამის სახლს პირდაპირ, ნიადაგის მოუსინჯავად (უგულიბაფუო) ვერავინ მიადგებოდა. 
 
ხელის თხოვნის პროცესში ყველაზე მკაცრი და შეუვალი, როგორც წესი, ქალის მამა იყო და მისი მოტეხვა მხოლოდ განსაკუთრებული ავტორიტეტის მქონე ახლობელს შეეძლო. ეს კი, როგორც წესი, ცოლისძმა იყო. 
ცოლისძმა ხელმძღვანელობდა ნიშნობას, ქალის სამზითვო წიგნის შედგენას თუ უბრალოდ ოჭყუდურიშ (მზითვის) მომზადებას, ის განსაზღვრავდა ნაძუძურის ოდენობას, ნაძუძური, მოგეხსენებათ, იყო სასყიდელი ქალის დედისთვის, რომელსაც მოთხოვნის შემთხვევაში სიძე იხდიდა, ცოლისძმა განაგებდა და აგვარებდა არეულ სიტუაციას ქალის მოტაცების შემთხვევაში, ის იყო შუამავალი ქალ-ვაჟის ოჯახების მორიგება–შერიგებაში. და, ბუნებრივია, ის იდგა ახალი ოჯახის შექმნის თავსა და ბოლოში, დაწყებული ქუდიშ ფაჩუადან.
 
ქუდიშ ფაჩუა არ არის ლოკალური, მეგრული მოვლენა, ეს იყო კავკასიის ხალხებში მიღებული წესი, თუმცა  ქუდი, როგორც რიტუალური საგანი, სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის აფსარებშიც  სხვადასხვა ფორმით გამოიყენებოდა. 
 თუ აფხაზის ოჯახში ვაჟი და მისი პატრონი  შევიდოდა და ბოხოხს ამოტრიალებულად დადებდა მაგიდაზე, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ იგი ქალის ოჯახს ქორწინებაზე მოლაპარაკების  დაწყებას სთავაზობდა. ამოტრიალებული ქუდის პატრონი მთხოვნელის როლს ირგებდა, ოღონდ მთხოვნელისა, მაგრამ არა მათხოვრისა, რომელიც მოწყალების მოლოდინში ასევე წინ დადებული ამოტრიალებული ქუდით ზის.
 
 მთხოვნელი მათხოვარში არავის შეეშლებოდა, რადგან მათხოვარი არათუ მაგიდას მიუჯდებოდა, მასპინძლის ნების გარეშე ჭიშკარს, ზღურბლს არ და ვერ გადმოლახავდა. ქუდის დადებას მაგიდაზე, თვინიერ ქალის მთხოვნელისა, ვერც ვერავინ გაბედავდა, რადგან მაგიდაზე დადებული ქუდი ყველა სხვა შემთხვევაში უბედურების მომასწავებელი იყო – ქუდს ამოტრიალებულად დებდნენ დაღუპულის სანიშნედ. ასე რომ, შეცდომა გამორიცხული იყო. ქუდის დამდები კაცი ან სიძეობის პრეტენზიის მქონე კაცი იყო ან სიკვდილის მაუწყებელი (შემაწამაფალი)  კაცი (ან სულაც თავად დაღუპულის სული)
 
ჩვენ მასპინძლის ნება ვახსენეთ. ის, ვინც ქალის სახლში შესვლას ვერ ბედავდა, დაელოდებოდა მასპინძლის კარში გამოსვლას და ქუდს ღობიდან ეზოში გადაისროდა ან სარკმელში შეაგდებდა. თუ მასპინძელი ქუდს უკანვე გადმოისროდა, თავის გზას გაუყვებოდა – ე. ი. ეს უიმედო საქმე იყო, ხოლო თუ შინ შეიტანდა, იმედი ჩნდებოდა და ვაჟიც ახლობლებითურთ მეორე დღეს მიადგებოდა ოჯახს. თავისი ქუდი, სასიკეთო შემთხვევაში, მას მაგიდაზე ხვდებოდა, მაგრამ არა ამოტრიალებულად, არამედ რიგიანად დადებული. ხდებოდა ისეც, რომ მაგიდა ცარიელი ხვდებოდათ, მაგრამ მამის ნიშანზე მას გამოიტანდა ქალი და მთხოვნელს თვალებდახრილი დაუდებდა წინ. თავის დახრა და ლამაზად დადებული ბოხოხი კარგის ნიშანი იყო. ამის მერე ყველაფერი მშვიდად მიედინებოდა – საქმე ქორწილისაკენ მიდიოდა.
 
და კიდევ, იმდენი ვიძახეთ ამ ბლოგში ,,ქუდი, ქუდი'', რომ უსათუოდ დავიმსახურებთ მეგრული ენის მცოდნეთა წყრომას, თუკი არ აღვნიშნავთ, რომ ქუდში ვგულისხმობთ მეგრულ ფაკუ- ფაკვას, ფაყუს, რომელიც უსათუოდ კვამლისფერი (კუმაშფერი) ან წყლისფერი (წყარიშფერი) უნდა ყოფილიყო.  კვამლისფერი ამ შემთხვევაში ოჯახის ( ფანიას), კერის , კომლის სიმბოლო იყო, წყლისფერი   – ქორწინების არსის – მარადი სინედლის, სიწმინდის, სიცოცხლისუნარიანობისა. 
 თუ კვამლისფერს დავუბრუნდებით, ამგვარი ქუდის გაშლა იყო გამოხატულება ხელის მთხოვნელის განზრახვისა და მზაობისა – ებრძოლა  საწადელისთვის.
და აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეს ბიზანტიელ წარჩინებულთა, კერძოდ დავით კომნენოსის „იბერიულ ყაიდაზე შეკერილი კვამლისფერი ქუდი“, რომელსაც   სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა. ქუდის კვამლისფერობა გაიგებოდა, როგორც მისი დამრქმელის განზრახვა, კვამლში გაეხვია ყველა, ვინც მის ნებას  არ დამორჩილებოდა. თავსაბურავის ასეთი სიმბოლური დატვირთვა საყოველთაოდ მიღებული წესი იყო როგორც ძველი აღმოსავლეთის, ისე დასავლეთ ევროპის ხალხებში. მაგრამ ეს უკვე სხვა და ძალიან სერიოზული  თემაა, დღეს კი უბრალოდ ვხუმრობთ.
 
 
 
წინა სტატიაპრეზიდენსტს დღეს პარლამენტში მოუსმენენ, შემდეგ კი დებატები გაიმართება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: “ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური