სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დღეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს წევრი პარტია „ევროპული საქართველოდან“ ბათლომე შელია დაინტერესდა, თუ რატომ არ განთავსდა სიჩქარის შემზღუდავი ბორცვი, ე.წ „მწოლიარე პოლიციელი“ დუტუ მეგრელის ქუჩაზე და რატომ დამონტაჟდა ის სხვა მონაკვეთზე. საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თაზო ფაცაციამ ოპოზიციონერ დეპუტატს მიუთითა, დალოდებოდა დავით ხუბუას პასუხს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ბათლომე შელიას განმარტებით, თაზო ფაცაცია არ არის ინფორმირებული, რომ მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა საკრებულოს გადაწყვეტილება არ შეასრულა და ბარიერი ნაცვლად განკუთვნილი ადგილისა, სხვა ადგილას განათავსა.
„ერთი წელია, ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ვუთითებ იმ გადაწყვეტილების არასწორად შესრულებაზე, რომელიც ეხებოდა დუტუ მეგრელის ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბორცვის განთავსებას, ერთად ვიყავით ამ ტერიტორიაზე, განვსაზღვრეთ ის ადგილი, სადაც უნდა განთავსებულიყო ეს ბორცვი, საკრებულოზე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ადგილზე ბორცვის განთავსებაზე, ნახევარი წლის შემდეგ ბატონმა ხუბუამ კი სულ სხვა ადგილას გააკეთა ბორცვი. ის დღემდე ჯიუტად არ ცვლის ამ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა მედიასთან სხდომის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ.
რაც შეეხება მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის პოზოციას – დავით ხუბუამ აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ინციდენტი კი საკრებულოს წევრებს შორის სხდომაზე მალევე განიმუხტა.