,,HAMATSUK-ის მუსიკის მონაბერს, რომელიც საქართველოდან მოდის, ჩვენამდე მოაქვს უნიკალური, დახვეწილი და სუფთა ხმები”

0
538
,,HAMATSUK-ის მუსიკის მონაბერს, რომელიც საქართველოდან  მოდის, ჩვენამდე მოაქვს უნიკალური, მის შინაგან სამყაროსავით დახვეწილი და სუფთა ხმები.  
 
მისი ბგერები  სიღრმისეულის, მინიმალურისა და ექსპერიმენტულის ნაზავია, რაღაც შორეულსა და მოუხელთებელთან  მიაახლებს მსმენელს. ამ  მუსიკიდან გარკვეული მელანქოლია მოჟონავს
 
მისი ხმების უმრავლესობა გამოუცემელია და ღრმადა ვართ დაინტერესებული წარმოგიდგინოთ იგი, რადგან ძალიან ცოტაა შანსი გადაეშვათ მის სამყაროში  – იგი, როგორც ბევრი სხვა, არჩევს დარჩეს ჩრდილში  მაშინ, როცა თვითნაბადი  ტალანტის მფლობელია  –  და ამიტომ გვინდა შუქი მივანათოთ მას. 
 
იგი გვთავაზობს თავისი ბგერების მცირე არჩევანს, ჩვენ – გეპატიჟებით მის   Soundcloud – ზე, რომ აღმოაჩინოთ უფრო მეტი ამ მუსიკალურ სამყაროში! '' – ასე წარმოგვიდგენს ხელოვნების მოყვარულთათვის კარგად ცნობილი ფრანგულენოვანი ელქტრონული გვერდი louderground.com  HAMATSUKI- ის მუსიკალური ვარიაციების ანოტაციაში.
 
ვინ არის HAMATSUKI, რომელმაც ელექტრონულ მუსიკაში მოსვლის საწყის ეტაპზევე მიიპყრო ესოდენ დიდი ყურადღება?  
 
ჰამაცუკი მამუკა ცხადაიას მუსიკალური ფსევდონიმია, უფრო ზუსტად მისი დახვეწილი მუსიკის სახელი, მაგრამ იაპონურთან მის მუსიკას ხელოვნების მოყვარულთათვის კარგად ცნობილი ე.წ. იაპონური სინატიფე  უფრო აკავშირებს, სხვა მხრივ მისი სამყარო ქართული სევდით არის გაჯერებული.
 
მამუკა ცხადაია   ზუგდიდიდან არის და თბილისის ახალგაზრდულ მუსიკალურ ბომონდში  უკვე პოპულარული ხელოვანი, რომელმაც მოკლე ხანში მიაღწია აღიარებას ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ სფეროში მოღვაწე უცხოელი პროდიუსერებისა და ექსპერტების წრეში.
 
აქვე გთვაზობთ ინტერვიუს, რომელიც მან ინტერნეტგამოცემა ,,მარკეტერს“ მისცა. 
 
,,ონლაინ სივრცე ხშირად ერთადერთი ადგილი ხდება, სადაც ქართველ მუსიკოსებს „თვითრეალიზაცია“ და „თვითაქტუალიზაცია“ უწევთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ცუდის მანიშნებელია, ვინაიდან ხშირად ეს ხდება საფუძველი მათი წინსვლისთვის. #თაობა ამის შესახებ ქართველ ელექტრონული მუსიკის პროდიუსერს Hamatsuki-ს ესაუბრა. – წერს ჟურნალისტი ინტერვიუს შესავალ ნაწილში. 
 
– ქართულ სივრცეში რთულია იპოვო ადამიანი, ვინც ბავშვობიდან მიიღო ინსპირაცია ელექტრონულ მუსიკაზე, ვინაიდან საცეკვაო მუსიკამ დიდი ნაბჯებით სულ რამდენიმე წელია, რაც შემოაბიჯა ჩვენს რეალობაში. რამ იქონია პირველად შენზე გავლენა, რამაც მუსიკით დაგაინტერესა?
-არ მახსოვს მომენტი, როცა მუსიკა არ მაინტერესებდა, შესაბამისად, არც ის მახსოვს, რამ გამოიწვია ეს დაინტერესება. ბონბონერში მოგებული მოცარტის სიდიდან ლუი არმსტრონგამდე ყველაფრის სმენა მომწონდა, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. ინსტრუმენტებთანაც შემეძლო საათების გატარება და ადრეულ ასაკშიც მიყვარდა ჩემი ,,მელოდიების” შექმნა. თუმცა პირველი დიდი ინტერესი ჰიპ-ჰოპმა გამოიწვია.
 
– შენი მუსიკა Lo-Fi ესთეტიკისა და ცოტა სევდიანი ნარატივის მატარებელია, ამასთანავე, მნიშვნელოვან როლს ანიჭებ სათაურებსაც – რა არის ამის მამოძრავებელი?
– სახელები უბრალოდ მომენტებია იმ პერიოდიდან, როდესაც Hamatsuki დავიწყე, ძირითადად ვარქმევ იმას, რაზეც ვფიქრობ, ან რაც მოცემულ მომენტში ზუსტად ასახავს განწყობას. ალბათ მომწონდა მსმენელისთვის სახელით მიმართულების მიცემა,  თუმცა, ეს მიდგომაც ნელ-ნელა იცვლება. სევდიან ნარატივს რაც შეეხება, უბრალოდ ასე გამოდის.
– შენ, როგორც ბევრი სხვა, ინტერნეტის შვილი ხარ, სწორედ ამ ინსტრუმენტის სწორად გამოყენებამ მოგცათ საშუალება რომ გეკეთებინათ მუსიკა, შემდეგ კი გაგევრცელებინათ თქვენი ნამუშევარი – რას ურჩევდი სხვა პროდუსერებს ამ მიმართულებით?
– ვურჩევდი, რომ არ იფიქრონ რელიზებზე და მსმენელის პოვნაზე, მგონია, როცა იმას აკეთებ, რაც მოგწონს, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც მოგისმენენ და გაიზიარებენ შენს მუსიკას. რა თქმა უნდა, გააჩნია რა არის არტისტის პრიორიტეტი, მაგრამ მგონია, რომ დღეს ყველა ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ შენი მუსიკა გაუზიარო მსმენელს.
 
–  ქართულ მუსიკალურ სცენაზე ვისაუბროთ – ვისთან მეგობრობ ყველაზე მეტად, ან ვისთან გაქვს საერთო მუსიკალური ხედვები აქ?
-ბევრთან ვმეგობრობ , ამიტომ არ იქნება სწორი ვინმე გამოვარჩიო. მეგობრული გარემო  და არტისტებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა ალბათ აუცილებელია ადგილობრივი სცენის განვითარებისთვის. ვფიქრობ , რომ ყველას ინდივიდუალური მუსიკალური ხედვა აქვს, თუმცა მყავს მეგობრები ვისთანაც ამ ხედვას ვიზიარებ.
 
-ბავშვობის ნოსტალგიაზე რომ ვისაუბროთ, გინდა თუ არა ამ ყველაფრის მუსიკით გადმოცემა და არის თუ არა ეს ხაზი შენთვის მნიშვნელოვანი?
არ მიფიქრია კონკრეტულად რისი გადმოცემა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის. ალბათ   უფრო მინდა , რომ ჩემი მუსიკა ჩემს ცხოვრებას მიყვებოდეს და არ იყოს ღრმა წარსულის მოგონებებზე ორიენტირებული.
 
–  მუსიკის კეთების რა საშუალებები გააჩნია რიგით თბილისელ პროდუსერს? ისევ კომპიუტერული მუსიკა თუ ანალოგურ სინთეზატორებსაც უგებთ გემოს?
– ,,თუ მონდომებულია ყველგან ისწავლის”. ეს ფრაზა შეიძლება ამ სფეროსაც მოერგოს. არიან ადამიანები ვისგანაც გამიგია, რომ ანალოგური სინთეზატორების და სხვა ტექნიკის შეძენის შემდეგ გამოუვათ იმის გაკეთება, რაც უნდათ  და ხშირ შემთხვევაში თავს აჯერებენ, რომ შეუძლებელია გატეხილი ლეპტოპით და იაფი ყურსასმენებით მუსიკის კეთება. მე ასე არ ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ გიარის გარეშეც შეიძლება შენი მუსიკალური იდეების გადმოცემა. თუმცა, რა თქმა უნდა, ხარისხის და შესაძლებლობების დონეში განსხვავება არის. ხშირად ვუგებთ სინთეზატორებს გემოს, რადგან სცენა დიდი არ არის და ხშირად ერთ ინსტრუმენტს ბევრი არტისტი იყენებს, ესეც მეგობრული გარემოს კიდევ ერთი პლიუსია.
 
 
წინა სტატიაიობიქ გემნომფურინუ … ყრმა იესოს ქრისტიანულ იკონოგრაფიაში პატარა ხელზე პეპელა აზის…
შემდეგი სტატიაგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა 45 წლის მამაკაცი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური