ცოტნე გამსახურდია: ,,არაფერი, რაც ზვიად გამსახურდიას სიკვდილსა და საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას შეეხება, დღემდე არ არის ოფიციალურად დადგენილი”

0
415
,,არაფერი, რაც ზვიად გამსახურდიას  სიკვდილსა და საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას შეეხება, დღემდე არ არის ოფიციალურად დადგენილი. შევარდნაძის დროს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიჩქმალული და თაროზე შემოდებული იყო. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ნგრევა, ათასობით ადამიანის განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყნის ძარცვა და მის ხარჯზე ერთეულების გამდიდრება, რუსეთის ჯარის გამოყენება კანონიერ ხელისუფლებასთან ბანდიტურ ბრძოლაში და პრეზიდენტის მკვლელობა არავის აინტერესებდა.'' – აცხადებს ცოტნე გამსახურდია.
 
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილები  აანონსებენ აქციას მისი  მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით.
ისინი  31 მარტს, რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაზე  იწვევენ ყველას, ვისაც მათი თქმით, გული შესტკივა ქვეყანაზე, სამართლიანობაზე, კანონიერებაზე.- ამის შესახებ ითქვა ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიას ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიმართა. 
 
ცოტნე გამსახურდია 31 მარტის რეფერენდუმს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და მის მკვლელობასთან დაკავშირებულ დეტალებს იხსენებს. 
 
"ყოველი წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში სული სიმძიმით მევსება… ტრაგიზმის, გამოუვალობის განცდით, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს შობას დაჰყვა თან – შინაური გარეწრებისა და ბოროტების იმპერიის მეცადინეობით. მოგეხსენებათ, 31 მარტი დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადების საფუძვლის, დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ამავე დროს, ამ დამოუკიდებლობის ძირითადი შემოქმედის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას მიაჯაჭვა მისი სიცოცხლე და ეს დღეც ორივეს დაბადების დღედ იქცა…
 
თუმც დამოუკიდებელ საქართველოს დიდხანს არ უცოცხლია, და არც მისი არსებობის მთავარ ინიციატორს. უკვე დაახლოებით 25 წელიწადია საქართველო მოჯადოებულ წრეზე დადის: ცხადად დანახული და დაწერილი ისტორიის, შეცდომებისა და სწორი ნაბიჯების შეფასების გარეშე. ხომ ნათქვამია: თუ გინდა, რომ ერს ღირსება დააკარგინო, მას პატრიოტები და თავდადებულები უნიათო და წარუმატებელ კაცუნებად უნდა დაუსახო, ხოლო მოღალატეები და გამყიდველები – გმირებად! განა ამის შემდეგ გასაკვირია, რომ ამდენი წელი გზა გვაქვს აბნეული?!
 
ზვიად გამსახურდიას სიკვდილსაც ჩემთვის ორი განზომილება აქვს: პიროვნული და სახელწიფოებრივი ტრაგედიისა.
 
1994 წელს იანვარში, როდესაც პირველკურსელ ყმაწვილს ჯერ მოკლული მამის ცხედრის ნახვა მქონდა სანატრელი და შემდეგ, როცა რამოდენიმე საფლავის გამოცვლის შემდეგ შევარდნაძის ბანდებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად როგორც იქნა გადმოგვცეს უკვე დაახლოებით 40 დღის გარდაცვლილი… მახსოვს ის დღეები, როდესაც ვეხებოდი მის სხეულს, როდესაც ვერ წარმომედგინა მიწისთვის როგორ უნდა მიმებარებინა იგი…
 
სახელმწიფოებრივ ასპექტს რაც შეეხება: არაფერი, რაც მის სიკვდილსა და საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას შეეხება დღემდე არ არის ოფიციალურად დადგენილი. შევარდნაძის დროს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიჩქმალული და თაროზე შემოდებული იყო. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ნგრევა, ათასობით ადამიანის განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყნის ძარცვა და მის ხარჯზე ერთეულების გამდიდრება, რუსეთის ჯარის გამოყენება კანონიერ ხელისუფლებასთან ბანდიტურ ბრძოლაში და პრეზიდენტის მკვლელობა არავის აინტერესებდა.
 
სააკაშვილის მმართველობის დროს ამ მიმართულებით გარკვეული,მაგრამ უმნიშვნელო ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა დამდგენი საპარლამენტო კომისია, თუმც მას არ მისცეს საგამოძიებო ფუნქციები. მიუხედავად ამისა, ამ კომისიამ სერიოზული მასალები და მტკიცებულებები მოიპოვა, რაც დღესაც ამ საქმის ტექსტთა ძირითად კორპუსს შეადგენს.
 
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ეს საქმე მკვლელობის გამოძიების მუხლით გადააკვალიფიცირა და გარკვეული საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. თუმც მალევე გამოჩნდა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად სასპეკულაციო თემა იყო და სინამდვილეში დღეს პროკურატურა და სუსი გულმოდგინედ მალავენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ავტორებსა და შემსრულებლებს!
 
მალავენ საკუთრივ რუსეთის, იმჟამინდელი შევარდნაძის (რომელნიც იგივე მოსკოვიდან იმართებოდნენ) სპეცსამსახურებისა და ბანდების მონაწილეობას და როლს ჩვენი ქვეყნის დაქცევა-განადგურებაში. საქმის მასალებში ცხადად ჩანს მომხდარი, მხოლოდ ეფექტური საგამოძიებო ქმედებებია განსახორციელებელი! მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა და მინისტრი ვახტანგ გომელაური შეგნებულად აფარებენ ხელს შევარდნაძის მკვლელებსა და იდეურ მემკვიდრეებს. იმედია გასაგებია, ვისი დავალებით!''
 
ცოტნე გამსახურდია დასძენს, რომ  უახლოეს დღეებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, რათა გააცნოს ვითარება. ,,  იმედი მაქვს დასაბუთებული მხარდაჭერისა'' აცხადებს იგი. 
 
 
წინა სტატიააშშ გმობს მოსკოვში ასობით უდანაშაულო დემონსტრანტის დაკავებას
შემდეგი სტატია,,ღომში ჩათხრილი სულუგუნი” და ბოკერიას განცხადება ნაციონალურ მოძრაობაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური