გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. Imedinews -ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე პატიმარ გიორგი ლუკავას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და მისი გათავისუფლების საკითხი, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადაადგილების მხრივ არსებული ვითარება და ბოლოდროინდელი დაკავებების თემები განიხილება.
ქემოკლიძეს ადმინისტრაციულ საზღვართან დღეს გიორგი ლუკავას მეუღლეც შეხვდა, რომელიც მისი ქმრის და სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერებთან ერთად ენგურის ხიდთან აქციის გამართვას გეგმავს.
52 წლის გიორგი ლუკავას, რომელიც ამ დრომდე დრანდის ციხეში იმყოფებოდა, 5 წლის წინ აფხაზურმა მხარემ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხინს წინ ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარესთან ყოფილი სამხედრო მოსამსახურის გაცვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, ბოლო მომენტში აფხაზებმა ლუკავას გადმოცემაზე უარი განაცხადეს.