მთავარისიახლეებისაზოგადოებაფასკუნჯი აიეტის სატახტო ქალაქის კარიბჭესთან

ფასკუნჯი აიეტის სატახტო ქალაქის კარიბჭესთან

Published on

ნონა ქობალიას ბლოგი ,,მთვარის მოზაიკა''
 
 
 მეგრელ მეზღაპრეთა ნაამბობით, მინდორში ეულად მდგარ მოლაპარაკე მუხაზე –  ტებეჭყონზე  ფასკუნჯი ზის და ოქროსფრად ანათებს სამეგრელოს ბნელ ღამეებს.
რა აკავშირებს ერთმანეთთან კოლხების მანათობელ და მოლაპარაკე მუხას, ფასიანურ ვენერას, ზღაპრულ მზეთუნახავს და თავად ამ კითხვას – კითხვას საზოგადოდ, ან, თუ გნებავთ, ზმას, გამოცანას, რომელსაც მეგრელები დღეს ,,მოკოს'' ვეძახით, ხოლო ადრე ,,ორცელი'' ერქვა – ირიბად თქმული, გამოსაცნობი, დაშიფრული?
 
 
,,მოიადებს'' ანუ შორით მოვლას და სიტყვას მოყოლებულ გრძელ ამბებს რომ თავი ვანებოთ, პირდაპირ ვიტყვით, რომ ეს მაკავშირებელი არის ფასკუნჯი, მეგრულად ფასკური, რომელიც ჩვენს მითებსა და ჯადოსნურ ზღაპრებში შიშისა და აღტაცების მომგვრელ არსებად გვევლინება: მუხაზე მჯდარი მანათობელიც ფასკუნჯია, ფასიანური ვენერაც და ზღაპრული მზეთუნახავიც, ხოლო თავად ფასკუნჯი – ღვთაება იშთარის ერთ–ერთი ჰიპოსტასი.
 
დავიწყოთ ფასიანური ვენერით. აია–კოლხეთში მოსულ არგონავტებს ზღვაში ფაზისის ჩადინების ადგილას, შესართავთან აგებული ქალაქის კარიბჭესთან დახვდათ ქანდაკება, რომელსაც აპოლონიოს როდოსელიც და სხვა ძველი ბერძენი ავტორებიც ფასიანურ ვენერად იხსენიებენ.
 
რატომ ფასიანურ ვენერად და არა უბრალოდ ვენერად?
 
მითებში არაფერი ხდება შემთხვევით და ფასიანურის ხაზგასმა პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს იყო სახელდობრ კოლხების კერპი, რომელიც მათ ფილოსოფიურ საზრისსა და სახელმწიფოებრიობის საფუძველს გამოხატავდა. იგი ამავე დროს იყო მფარველი თავისი სახელობის ქალაქისა, რომელსაც დღეს ფუთს, ფოთს ვეძახით, ხოლო იმ შორეულ ხანაში ერთ–ერთი ვარიაციით ფათიც ერქვა ( სხვათა შორის, ფოთს ფათის ეძახიან დღემდე კახეთშიც კი).
 
ფასიანელთა ვენერა ანუ იშთარი იყო ურარტული ბაჰბართუ, აფსათი, აფჰათი, ფათი, რომლის არსი და ფუნქციები გაცილებით ღრმა იყო და მრავლისმომცველი, ვიდრე ბერძენთა სიყვარულის ქალღმერთ ვენერასი. არგონავტების დროისათვის ბერძნული ვენერა მნიშვნელოვნად იყო დაშორებული თავის არქეტიპს – წინარებერძნული ტომების, პელაზგების, კოლხების ვენერას, იგი გაცილებით მარტივი და გასაგები იყო არგონავტებისთვის, ამიტომაც აკრთობთ მათთვის ნაცნობი, გათავისებული ვენერასგან მკვეთრად განსხვავებული ქანდაკების ხილვა და მისი ძალმოსილების განცდა.
 
ძველი ვენერა, იშთარი მისი ფასიანური მნიშვნელობით სამი სკნელის მეუფეა, მათი გამაერთიანებელი თუ დამსაზღვრებელი ღვთაება, რასაც ნიშნავს კიდეც მისი მეგრული სახელწოდება ფასკუნჯი, ფასქურჯი, ფასკური ანუ სხვადასხვა სივრცული და დროისმიერი განზომილებების, შრეების, ფენების კვანძი – ფეფიშ სქვილი, სკური ან სულაც მასკვალი.  ფასკური აერთიანებს ერთის მხრივ, წარსულს, აწმყოსა და მომავალს და მეორე მხრივ, ქვესკნელს, შუასკნელსა და ზესკნელს ანუ გამოსახავს დროისა და სივრცის სამგანზომილებიან ერთსახეობას, ამიტომ ბუნებრივია, რომ იშთარი, ფასკური ჩვენს  უძველეს წინაპრებს წარმოდგენილი ჰყავდათ სხვადასხვა არსებების ნაწილებისგან კომბინირებული სახით – მას ტანი თევზისა ჰქონდა, ქერეჭიანი, რითაც წყლის მომნიჭებელ ქვესკნელს განასახიერებდა, ფრთოსანი იყო – ზესკნელს განასახიერებდა, პირი ჰქონდა ძაღლისა, მგლისა ან ლომისა – რითაც შუასკნელს განასახიერებდა, ხოლო მკერდზე ქალის ძუძუები ასხდა. ეს უკანასკნელი ხაზს უსვამდა მის ქალურ, დედობრივ საწყისს, ის იყო ჩვენი ბენდიდა, სიცოცხლის დამსაბამებელი. მოგვიანებით, ჩვენმა ფასკურმაც, ჩვენმა იშთარმაც, ბერძნული ვენერას მსგავსად, მთლიანად ქალის სახე მიიღო და სახელიც იცვალა, გახდა ცაიში, ეთერი, თუმცა ჯადოსნურ ზღაპრებში უპირატესად მაინც ჯადოსნური ფრინველის სახით დარჩა.
 
ეს ის ეთერია, ესთერია, ის ჯადოსნური ფრინველი, რომელიც მეგრელ მეზღაპრეთა ნაამბობით, მინდორში ეულად მდგარ მუხაზე , ტებეჭყონზე ზის და სამეგრელოს ბნელ ღამეებში ოქროსფრად ანათებს მიდამოს. ახლა მხოლოდ მოკლედ ვიტყვით, რომ მუხა ამ შემთხვევაში არის სიცოცხლის ხე, ამაზე კიდევ გვექნება საუბარი მასისის ბორცვთან და საკრალურ ხეებთან დაკავშირებით, აქ კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ფასკუნჯს, ფასკურს, როგორც იშთარის ზოომორფემას, აქვს არაერთი სხვა სახელიც – ნათა, ნათობა, ნათელი, რაც ნათებასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სიღრმისეული, უფრო ღრმა სოფლებში, ლაკადაში, სადაც ძველი მითები და რწმენა–წარმოდგენები სხვაზე მეტად ინახავს უძველეს ხსოვნას იმის შესახებ, რომ ფასქური, ნათიუ სხვადასხვა თისგან, თიასგან, სხვადასხვა ნაწილებისგან არის შედგენილი. ამ ახსნას ამყარებს სამეგრელოში ქართული ელფერით შემორჩენილი სიტყვა ნაწილიანი, რომელიც ასევე გვხვდება დანარჩენ საქართველოშიც წმინდანიანთან ერთად.
 
მაგრამ რა შუაშია მზეთუნახავი, ბჟაუძირაფუ ფასკურთან და ფასიანურ კერპთან, რა აქვს სილამაზეს საერთო ქიმერასავით კომბინირებულ არსებასთან, რაც უნდა მშვენივრად ანათებდეს ის და რაც უნდა საკრალურ მნიშვნელობას ატარებდეს მისი სხეულის ნაწილები?
 
საქმე ისაა, რომ ბჟაუძირაფუც იშთარია ისევე, როგორც გუმათანე მურიცხი, მთიები, ვენერა, ცაიში და ბევრი სხვა სახელით ცნობილი ასტრალური სხეული, რომელიც იშთარის მეტაფორას ქმნის.
 
სამივე ეს ჰიპოსტასი – გუმათანე, ვენერა, მთიები –  მზეთუნახავია როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. იგი ცაზე ჩნდება მზის ჩასვლის შემდეგ და მის ამოსვლამდე ქრება. მზე და გუმათანე არ ხვდებიან ერთმანეთს ცაზე, ამიტომ არის იშთარი თეთრი და ამიტომ ხედავს მეგრელი ფასკურს მხოლოდ კუნაპეტ , წკურიანტელა ღამეში, როცა ცაზე არც მზეა და არც მზის მედიუმი –  მზის ამრეკლავი მთვარე.
 
და აქ დავუბრუნდეთ ,,მოკოს'', ,,ორცელის" ანუ დაშიფრულ, ტელეპატიურ ენას, რომლითაც ხეზე მჯდარი ფასკური ლაპარაკობს და გამოცანებს, კითხვებს უსვამს განბრძნობის მოსურნე თუ ბედის მაძიებელ ადამიანებს. იგი, როგორც ყველგან მყოფი  – ყველა დროსა და სივრცეში მყოფი, ფლობს ზესივრცულ, ზედროულ, დაუსაზღვრებელ ღვთაებრივ და კაცობრიულ სიბრძნეს და თავად არის მოარული კითხვა, წუთისოფლისა და მარადისობის გამოცანა. 
 
ამიტომ განასახიერებს ფასიანური ვენერა არგონავტების თვალში მათთვის შეუცნობელი, იდუმალი კოლხური სამყაროს გამოცანას ისევე, როგორც მეფეთა ველზე მდგარი სფინქსი ფლობს ძველი ეგვიპტის საიდუმლოს.
 და მუხაც, რომელიც მის ტევრს შეფარებული ფასკურისგან ნათებისა და ადამიანის ხმით ლაპარაკის უნარსაც ფლობს,  არის  ძველი კოლხის ფანტაზია , გასხეულებული ფიქრი   ზედროულ და სამგანზომილებიან სამყაროზე, რომლის ნაწილიც არის ნისლებში გახვეული ძველი კოლხეთი.
 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...