როგორ აღმოჩნდა რუსეთის სპეცსამსახურების ხელში ქართველი სამხედრო პირის, აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე ვიცე – პოლკოვნიკ გია ცერცვაძის პერსონალური მონაცემები, რომელიც ქართული სპეცსამსახურების საიდუმლო დოკუმენტაციის კატეგორიას განეკუთვნება? – ეს არის კითხვა, რომელიც ერთი კვირაა აქტიურად განიხილება ქართულ მედიასა და საზოგადოებაში, ამასთან პირადად გია ცერცვაძის ბედზე წუხილი გადაიზარდა უფრო ფართო მასშტაბის პრობლემაში – დოკუმენტების გადაცემა უცხო ქვეყნის, მით უფრო, ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის სავსებით საფუძვლიანად აღიქმება როგორც სახლმწიფო ინტერესების ღალატი.
„ეს არის სახელმწიფო ღალატის და მოქალაქეების აბუჩად აგდების კლასიკური მაგალითი, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება უსწორდება და აქვს სადამსჯელო ოპერაცია გაჩაღებული ქართველი მებრძოლების, პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ პუტინის და რუსეთის ფედერაციის დაკვეთით," – განაცხადა დღეს ამ საკითხზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობა მხარდაჭერას უცხადებს გია ცერცვაძეს და პროკურატურისგან დოკუმენტების გადაცემის საკითხზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. '' ჩვენ ვუცხადებთ სრულ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს. თუკი უკრაინის სასამართლო მისი ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, მზად ვართ, დავეხმაროთ სტრასბურგში გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. ჩვენ მივმართავთ უკრაინის საელჩოს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, რადგან ის იბრძოდა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის და ექსტრადირების შემთხვევაში სახეზეა, როგორც მისი წამების საფრთხე, ასევე სიცოცხლის მოსპობის. მივმართავ, საქართველოს პროკურატურას, აღიძრას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ჩვენ მივმართვათ საერთაშორისო თანამეგობრობას და საელჩოებს, გამოვიყენოთ დიპლომატიური არხები, რომ არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთში.'' – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერდა.
ოპოზიციის, მედიისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პასუხად მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ, მაგრამ ცალსახად აცხადებენ, რომ საქართველო ბოლომდე დაიცავს აგვისტოს ომის მებრძოლების ინტერესებს.
„არც ოკუპანტს, არც სხვა ქვეყანას არ შეიძლება გადასცე, კანონით როგორც არის განსაზღვრული ისე უნდა მოვიქცეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ,“- განაცხადა დღეს გიორგი ვოლსკიმ, ხოლო გიგა ბუკია აქცენტების გადატანას ცდილობს:
„აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომში მონაწილეებზე, დაღუპულთა ოჯახებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ და უმრავლესობამ უპრეცენდენტო მასშტაბის დახმარებები გავაკეთეთ. კონკრეტულად დახმარებები გავაკეთეთ,“ – განაცხადა მან.
აშკარაა, რომ მმართველი გუნდი საქმის კურსში არყოფნის მომიზეზებით არიდებს თავს პასუხს მთავარ კითხვაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევს მასზე პასუხის გაცემა.
შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გია ცერცვაძე ერთი კვირის წინ დააკავეს უკრაინაში რუსეთის მოთხოვნით.