მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთ–ერთი შესაძლო პასუხი გია ნოდიას კითხვაზე ,,ვინც მიშას ერთგული რჩება, აპირებს თუ...

ერთ–ერთი შესაძლო პასუხი გია ნოდიას კითხვაზე ,,ვინც მიშას ერთგული რჩება, აპირებს თუ არა პარლამენტში მოღვაწეობას?”

Published on

პოლიტოლოგი გია ნოდია სვამს კითხვას ,,ის რამდენიმე დეპუტატი, ვინც მიშას ერთგული რჩება, აპირებს თუ არა პარლამენტში მოღვაწეობას? თუ აპირებს, რატომ: განხეთქილება ხომ პარლამენტში არშესვლის საკითხით დაიწყო?“
 
ამ კითხვას  ადრესატები ალბათ თავადვე გასცემენ პასუხს, ასევე პარტიის ლიდერები, მაგრამ ამომრჩეველსაც  ( ყოველ შემთხვევაში, ელექტორატის  ერთ ნაწილს) აქვს თავისი პასუხი: 
 
 რადგანაც, სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არ იძლევა  პარლამენტში პარტიული სიით შესული იმ დეპუტატების გაწვევის შესაძლებლობას, ვინც  არჩევნების მეორე ტურიდანვე გაემიჯნა  პარტიას და, ბუნებრივია, ფაქტობრივად  აღარ იქნება  ამ პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში; რადგანაც და კიდევ, უფრო სამწუხაროდ, დეპუტატების ამ ნაწილს არ ყოფნის ღირსება პარტიის წევრობასთან ერთად უარი თქვას ამ პარტიის სახელით მიღებულ მანდატებზე, შექმნილი რეალობა  მოითხოვს პარლამენტში დარჩნენ  ადამიანები, რომელნიც არ მისცემენ მათ  ნაციონალური მოძრაობის სახელით ,,გაჯეჯილების'' საშუალებას.
 
ბლიც –კრიგი არ შედგა.  ამომრჩეველს, პარტიის რიგით წევრებსა და მხარდამჭერებს ამ ჯგუფმა ვერ მოახვია თავს თავისი თამაშის წესი, რომელიც ელვისებურ მოქმედებაზე და ხალხის   სახტად დარჩენაზე იყო გათვლილი.
 
ეს მარცხი განაპირობა, პირველ რიგში, იმან, რომ ამ ჯგუფში  ქედმაღლობამ ძლია  ანალიზისა და პროგნოზირების უნარს – მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს  ამომრჩევლის მოტივაცია და წინააღმდეგობის უნარი. თუ ვინმეს ეგონა, რომ ხალხი ჯოგივით ( თამარ ჩერგოლეიშვილი გამიჯნულების ქვეცნობიერის ლაკმუსია) გაყვებოდა და თავს იბრუნებდა იქითკენ,  საითაც გაიშვერდნენ თითს, მწარე  პასუხი მიიღო.
 
 წესით, ეს პასუხი არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, რადგან თავად დადიოდნენ სოფელ – სოფელ, ქალაქ –ქალაქ არჩევნების პერიოდში და  უკეთ იციან,  ვის და რას ემყარებოდა მათი, როგორც დეპუტატობის კანდიდატების,  წარმატება, ამასთან იციან (თუმცა არ აღიარებენ),  რომ საქმე   მიხეილ სააკაშვილისადმი, როგორც კონკრეტული პიროვნებისადმი, ბრმა სიყვარულში კი არ არის, არამედ იდეათა თანხვდომაში და  კარგად ცოდნაში იმისა, ვინ ვინ არის. მათ ისიც ვერ გათვალეს, რომ, ნდობას რომ თავი ვანებოთ, მიხეილ  სააკაშვილის ენერგია და ბიოლოგიური რიტმიც კი ( ,,დადის, დადის, დადის'') მარტივად დაძლევდა  ბარიერებს ხალხთან კომუნიკაციაში – იჯდა კაცი  კიევში, ათას იქაურ პრობლემას შეჭიდებული,  და ერთი პატარა განცხადებით ფეისბუქგვერდზე აცამტვერებდა მათ არგუმენტებს და დაუღალავ ორგანიზატორულ ფუსფუსს (თავად ხომ იყვნენ ადგილზე, რატომ ვერ აჯობეს ხალხთან კომუნიკაციაში , თუ სააკაშვილი მათთვის იმის გამო იყო მიუღებელი, რომ შორს მყოფი ლიდერი ხალხთან, პარტიასთან  ვერ იმუშავებს). 
 
რაც შეეხება კითხვას ,,განხეთქილება ხომ პარლამენტში არშესვლის საკითხით დაიწყო'' უკვე ძველი ოპერიდან არის. კონსპირაციული დუმილის საჭიროება აღარ არსებობს – ყველამ იცოდა და იცის, რომ განხეთქილება ამ საკითხით არ დაწყებულა. ამომრჩეველი ყოველთვის გრძნობდა , რომ  ადგილი ჰქონდა ქვეგამხედვარობას (ამაზე ჯერ კიდევ 2012 წლიდან ლაპარაკობდა ერთმანეთში ხალხი) , მაგრამ შანსს აძლევდა ამ ადამიანებს ეჯობნათ თავიანთი თავისთვის, დაეძლიათ ამბიციები, შეენარჩუნებინათ ერთიანობა, ამიტომ ამაოა მცდელობა პარლამენტში შესვლა – არშესვლის საკითხზე უთანხმოებამდე დაიყვანო პარტიაში შექმნილი სიტუაციის მიზეზი,  მით უფრო, რომ არშესვლა დირექტივის  კი არა, თვალსაზრისის სახით იყო შეთავაზებული.
 
,,ნაციონალური მოძრაობა'' დღეს ,, ბალასტისგან განთავისუფლდა'', წერს ირონიით  გია ნოდია, ესეც იმ ოპერიდან არის – ნულად და ბალასტად ხალხს ,,წასულები'' არასდროს მიაჩნდა ( პირიქით კი იყო, როგორც აღმოჩნდა – სხვა რა უნდა იფიქროს აწ უკვე ჯოგად და მოპრუტუნე არსებებად სახელდებულმა ხალხმა.) მათ ამ ,,ნულზე'' აპელირებით ( არავინ იცის, იყო კი ასეთი რამ საერთოდ ნათქვამი რომელიმე განცხადებაში) ძალად  გაიბრაზეს თავი, რადგან, როგორც ჩანს,   ლიტერატურაში ,,გაჯავრებული ახალგაზრდების" სახელით ცნობილი მოძრაობის მსგავსად ხმაურიანი, დემოსტრატიული წასვლა სურდათ, მაგრამ არა იმ ახალგაზრდების მსგავსად რაღაც ახალისა და უფრო ძლიერი პლატფორმის შემოთავაზებით, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრადიციად ქცეული მესიჯით – ,,ყველა მინუს ერთი''.   ხალხს ყველა საფუძველი აქვს იფიქროს, რომ მათ უბრალოდ იგივე პარტიის, იგივე პლატფორმის  დასაკუთრება სურდათ , ,,ბებერი''   ,,ჯართის'' გაძევებით,  ანუ პარტიის მიღწევების   მონოპოლიზება, ხოლო დამარცხებების სააკაშვილისათვის შეჩეჩება ან კიდევ უარესი ( ამბიციებს როგორმე გადაიტანდა კაცი) –  ვიღაცის თვალში დივიდენდების მოპოვება. თუ ეს უკანასკნელი ასე არ იყო, ამ სიტუაციაში, ამ კონკრეტულ მომენტში  ღირსეული კაცი ციხიდან არ გამოვიდოდა თუნდაც იმიტომ, რომ ვინმესთან გარიგების ეჭვი არ აღეძრა ხალხში – თეთრი ლამბი შავ სამოსზე ძალიან ,,ყვირის''. 
 
იყო ერთი კაცი – ცოტნე დადიანი, რომელმაც ეჭვი არ გააკარა თავის თავს. მაგრამ ცოტნე ალბათ ძველმოდური პერსონაა თანამედროვე ინტელექტუალებისთვის. 
 
 
 
ნონა ქობალია
  
 
 
 
 
 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...