როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში

0
591
ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ხვდებიან.
 
არგენტინაში ძველი ტრადიციის თანახმად, დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან.ასე რომ, ბუენოს–აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით “იმოსება”. ერთ–ერთი გაზეთის რედაქცია ქაღალდების ფრიალით იმდენად მოიხიბლა, რომ მთელი არქივი ფანჯრიდან მოისროლა. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა,  მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა.
 
ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი  სანტა კლაუსის  ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის “პაპას”  მაინც აქვს ტრადიციული სანტა კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ავსტრალიელები დილის 5–6 საათზე იღვიძებენ, სამაგიეროდ,  უკვე ათი საათისთვის იძინებენ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია, თუმცა,  შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს.
 
ავსტრიაში, ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული “მსოფლიო ზარის” საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და ნახშირით დასვრა. ეს ტრადიცია ბედიერების მომტანად მიაჩნდათ.
 
ბირმაში იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერი გასაბრაზებელი არ არის, რადგან წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობას გამოხატავს.
 
ბულგარეთში ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს ეძებენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას კიდევ ერთი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბულგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან,  მათი აზრით,  ეს ბედნიერების მომტანია.
 
საბერძნეთში ტრადიციის თანახმად, ზუსტად თორმეტ საათზე,  ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში შესვლისას მასპინძელს ეუბნებიან: “დაე, ჩემი მასპინძლის  ქისა (ანუ საფულე) ამ ქვასავით მძიმე იყოს”.
 
იტალიაში საახალწლო ტრადიციებს ძირითადად სოფლებში იცავენ. შობის წინა დღეს სადილობამდე მუშაობენ, ნასადილევს რთავენ ნაძვის ხეებს და ამზადებენ საჩუქრებს. ძველი ჩვეულებით,  საჩუქრები უნდა მიუტანონ მოხუც ქალს, რომელსაც ის ახალი წლის შემდეგ დაარიგებს.
 
ჩეხეთსა და სლოვაკეთში შობის დღესასწაულს მოუთმენლად ელიან გასათხოვრები. ისინი ხომ შობის ღამეს შეიტყობენ, გათხოვდებიან თუ არა ამ წელს! ამას ამცნობს ოთახის ქოში, რომელიც უნდა გადააგდონ თავს უკან. თუ ქოში წვერით დავარდა,  საქმრო მალე გამოჩნდება, თუ ქუსლით – გოგონას კიდევ ერთი წელი მოუწევს
 
ვიეტნამში ერიდებიან დავას. ბაზარში ვაჭრობენ იაფად, რათა მთელ წელიწადს სიიაფე იყოს.
 
იაპონიაში ახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს. ყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას.
 
განაში შუაღამისას ყველა წაჩხუბებული უნდა შერიგდეს.
 
ინგლისში მეოცე საუკუნემდე შემორჩა ყველაზე ორიგინალური ჩვეულება. ვინც წლის ბოლოს დადებდა ფიცს, რომ მთელი წლის მანძილზე არ წაეჩხუბებოდა მეუღლეს. ის ქალაქის ხარჯზე ჯილდოდ იღებდა ღორის ბარკალს, 1144 წლიდან 1908 წლამდე ასეთი ჯილდო მიუღია 8 მამაკაცს.
 
ირლანდიაში ახალი წლის ღამეს საკუთარი სახლის კარს აღებს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს,  სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას სვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს ” მშვიდობა ამ ხალხს და მთელ მსოფლიოს” შესვამენ!
 
დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან, რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!
 
შოტლანდიაში შუაღამის დადგომამდე  ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12–ს მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოჰკრავს. ამგვარად,  იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.
 
კუბაში ახალი წლის ღამეს ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ! ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და რასაკვირველია,  ბედნიერი ყოფილიყოს! აქ საათი მხოლოდ 11 ჯერ ჩამოკრავს! რადგან კუბელებისთვის 12 ჩამოკვრა უკვე ახალი წელია!
 
 
პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარს სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება. სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში წნელი უჭირავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს,  საქმროს იპოვის.
 
ესპანეთში ერთ-ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა,  უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან – რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ “საცოლეებს, ხოლო გოგონები – საქმროებს’’. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს: ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს – პრაქტიკული საჩუქრის.
 
ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ-ერთი ფორმაა გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში – ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.
 
ჩინეთში ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარეობისას. ქუჩის პროცესიები – ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ათასობით ფანარი ინთება პროცესიის დროს. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტი სულებით. ამიტომ, ისინი ხმაურით უნდა განდევნონ. ჩინეთში არააა მიღებული საათის ჩუქება, რადგან,  ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავალობასა და ყოფიერების ამაოებაზე.
წინა სტატიაამერიკელი სენატორი: ,,ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია , მაგრამ ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი”
შემდეგი სტატიაწყლის საათი და გალენიშები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური