სად მიდის თბილისის წყალდიდობისას დაზარალებულთთვის შეგროვილი თანხები? – დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი

0
361
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს.
 
როგორც ”ინტერპრესნიუს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ორი ადვოკატი, ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში არსებულ, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს დაეუფლნენ.
 
”გამოძიებით დადგინდა, რომ საადვოკატო საქმიანობის შედეგად, ადვოკატებისთვის – ნათელა გოდერიძისთვის და მზევინარ კოსტავასთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისში, წყნეთის ქ. N1-ში მდებარე 4255 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცულ მასალებში, აღრიცხული იყო 1960 წელს გარდაცვლილ მოქალაქე იოსებ წინამძღვრიშვილზე. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა იოსებ წინამძღვრიშვილის სამკვიდრო ქონებას და მის სახელზე აღრიცხული ნაკვეთი, სხვა პირების ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში იმყოფებოდა ათეული წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა,  ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, აღნიშნული ქონება იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრის ბელა გუბელაძის სახელზე აღირიცხა, რომელმაც თითქმის მთელი უძრავი ქონება წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ნათელა გოდერიძესთან დაახლოებულ პირზე, ქეთევან ჯავახიშვილზე ფიქტიურად გაასხვისა, რათა ამ უკანასკნელს, როგორც ე.წ. კეთილსინდისიერ შემძენს, პრეტენზია წაეყენებინა იქ მცხოვრებთათვის და თითქოსდა „კანონიერ საკუთრებაში’’ არსებული უძრავი ქონებიდან მათი გამოსახლება მოეთხოვა. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოსა და კერძო პირებს დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 657 000 ლარის ზიანი მიადგა”, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 
 
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალისხმევით შეგროვილი საკომპენსაციო თანხის დაუფლების მცდელობაც ჰქონდათ.
 
”ვინაიდან დანაშაულებრივი გზით დარეგისტრირებული ქონება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარეობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ასევე შეეცადნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალისხმევით შეგროვილ საკომპენსაციო თანხასაც დაუფლებოდნენ და ქ. თბილისის მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ადვოკატი ნათელა გოდერიძე ანალოგიური სქემის გამოყენებით შეეცადა დაუფლებოდა ქ. თბილისში წყნეთის ქუჩა N22-ში მცხოვრებ მძელურებისა და ბასოშვილების ოჯახების კუთვნილ, 112 980 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით უძრავ ქონებას. 
 
ნათელა გოდერიძეს, მზევინარ კოსტავას, ბელა გუბელაძესა და ქეთევან ჯავახიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და 19, 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (თაღლითობის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 6-დან ცხრა წლამდე ითვალისწინებს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
 
წინა სტატიასაქართველოს პატრიარქმა უკვე დატოვა თოდუას კლინიკა, სადაც გამოკვლევა ჩაუტარდა
შემდეგი სტატია, იმედი” ,მაესტროს” და GDS-ს ყიდულობს – ორ მათგანზე სავარაუდოდ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური