გაიზრდება? არ გაიზრდება? – მკითხაობა ყავის ნალექზე დენის ტარიფთან დაკავშირებით

0
440
,,იცი, დენი 3 თეთრი ღირს და 17 რატომ იხდი?'' – ,,ქართული ოცნების'' ეს  ,,საკრალური'' კითხვა დღეს მალ-მალე  გვახსენებს თავს  ახლა უკვე  ტარიფს შლეიფივით ადევნებულ  კითხვასთან ერთად: ,,გაიზრდება? არ გაიზრდება?’’
.
ამ უკანასკნელს დენისა და გაზის გაიაფების დაპირების ტალღაზე მოსული ხელისუფლება  ენერგეტიკის მინისტრის ჩათვლით, და,  სამწუხაროდ, ოცნებაში ჩარჩენილი ექსპერტებიც კი, ყავის ნალექზე მკითხაობის სტილში პასუხობენ. 
 
სულ რაღაც 5 დღის წინ ენერგეტიის მინისტრი ტარიფის ცვლილებას გამორიცხავდა, თუმცა დღეს უკვე თავად უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ ლარის დაცემა და შესასყიდი ელექტროენერგიის ფასის გაძვირება შესაძლოა, უკვე აბონენტების ქვითრებშიც აისახოს.
„ნამდვილად შეცდომა იქნება თუ გეტვით, რომ ვალუტის კურსის ცვალებადობა ჩვენზე არანაირ გავლენას არ ახდენს, პირიქით მნიშვნელოვანია ეს კომპონენტი, თუმცა როგორ  აისახება ეს სამომხმარებლო ტარიფზე, ეს კითხვა უკვე არის მარეგულირებელთან, მათი გადასაწყვეტია. იქ არის საკმაოდ რთული კალკულაციები და ამ გადაწყვეტილებას გაიგებთ მალე.-  ამბობს ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე -კომპანიისთვის ჯერჯერობით უცნობია შენარჩუნდება თუ არა ძველი სამომხმარებლო ტარიფი. 
 
„ჩვენი მიზანი არის ის, რომ რისკები სწორედ შეფასდეს და ახლავე აისახოს ტარიფებში და არა მას შემდეგ, რაც ურემი გადაბრუნდება. ჩვენი ჯგუფი წარმოადგენს საბაზისო გენერაციის 60%-ს. ეს არის 600 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრე, თბოელექტროსადგურები და მე ვფიქრობ რომ ენერგოუსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია რეგულატორმა ადეკვატური და ბიზნესის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელსაც დღეს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ,“-აცხადებს საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.
 
ექსპერტთა ნაწილი დენის ტარიფის 2 თეთრით გაძვირებას ელოდება. მათი შეფასებით ამის მიზეზი ლარის კურსის არასტაბილურობაა და მიაჩნიათ, რომ მთავრობამ სტრატეგია უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა უმართავი პროცესები დაიწყოს.
 “ერთადერთი გამოსავალი, რომ არ გაიზარდოს ტარიფი არის  ის, თუ მაქსიმალურად შევზღუდავთ  კომპანიებს და მივცემთ ირიბად უფლებას, რომ იყოს ქვეყანაში გრაფიკი, მაგრამ ეს მოგვცემს ჩაბნელებულ საქართველოს და, რა თქმა უნდ,ა საბოლოოდ დაანგრევს ენერგო სისტემას. ასე რომ, სამწუხაროდ კომპანიას მოუწევს ტარიფის გაზრდა,“ – აცხადებს  სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.
 
საპარლამენტო ოპოზიცია ელექტროენერგიასა და გაზის ტარიფების გაზრდას ელოდება. ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენლის გიორგი ტუღუშის თქმით, ხელისუფლება ვერ აღიქვამს იმ საფრთხეებს და კრიზისის სიმძიმეს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.
„არავის აქვს იმის ილუზია, რომ ლარის ამ დონის გაუფასურება, პირდაპირ არ აისახება ელექტროენერგიაზე და გაზის ტარიფზე, გახსოვთ ალბათ, უკვე იყო ერთი ტალღა, როდესაც ლარმა დაიწყო გაუფასურება, მაშინ მოხდა ტარიფის გადახედვა. მაშინაც გვარწმუნებდა ხელისუფლება, რომ ეს არ შეეხება ელექტროენერგიის და გაზის ტარიფს, მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს უფრო მძიმე ვითარებაში ვართ,“ – აცხადებს იგი. 
 
რას ამბობს ხალხი?
,,გაუფასურებული ლარი. გაზრდილი ტარიფები დენზე, გაძვირებული პროდუქტები. – გალურჯებულ  სანტა-ოცნებას სიურპრიზები არ ელევა ''
,,სრული ბედნიერებისთვის გრაფიკიღა გვაკლდა.''
,,ოცნების ნაბიჯი წინ ( ოღონდ სიტყვით), ორი ნაბიჯი უკან (ოღონდ საქმით)''. – წერენ სოციალურ ქსელში
 
 
 
 
 

წინა სტატიაზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა
შემდეგი სტატია“სამწუხაროდ, ეკლესიაში რუხი კარდინალის მდგომარეობა არსებობს” – მეუფე პეტრე პატრიარქის მდივანზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური