მიხეილ სააკაშვილი: ,,ჩემი ამოცანა და პასუხისმგებლობაა, რომ გადაჯგუფება მოხდეს და პარტია გავაერთიანოთ ისე, რომ მან შეძლოს გამარჯვება”

0
393

 

,,„მე საკმარისად ვითმინე. ბევრი რამ ვიცი: ვიცი, რა გარიგებები შედგა, რა ლაპარაკი შედგა. ტყუილად ჰგონიათ, რომ მე ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს ინფორმაცია ორი, სამი, ხუთი და მეტი წყაროდან, საკმარისზე მეტი გამოცდილებაც მაქვს. ჩემი პასუხისმგებლობა არ არის ის, რომ ყველას ენა მოვუჩლიქო, ჩემი ამოცანა და პასუხისმგებლობაა, რომ გადაჯგუფება მოხდეს და პარტია გავაერთიანოთ ისე, რომ მან შეძლოს გამარჯვება. –  განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ზუგდიდში ენმ სამეგრელოს ორგანიზაციების კონფერენციაზე სკაიპის საშუალებით ჩართვისას პარტიაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. 
 
.„ამ კამპანიის დროს რამდენიმე ტყუილი ითქვა, პირველი ის რომ, მე ჩემი ნებით წავედი უცხოეთში, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე ჩემი ნებით არ წავსულვარ. ის, რომ მე აქ  ( უკრაინაში – ო.ნ.) ბრძოლას ვაგრძელებ, არ ნიშნავს, რომ მე საქართველოში ბრძოლაზე ვამბობ უარს და ამის გამოყენება ჩემს წინააღმდეგ არგუმენტად, რომ სხვა პარტიაში წავიდა და ამიტომ საქართველოში არაფერს არ ნიშნავს, მცდარია.
ასეთ სიტუაციაში, როცა აქ ასეთი ბრძოლაა, როცა ამდენი ადამიანი ერთვება, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან… მინდა ვთქვა, რომ  ყ ო ფ ი ლ ი თანამებრძოლის მხრიდან ( რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს) … ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ რაღაც რყევები არსებობს,  რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“,  სწორედ ამ დროს  ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის როლი უნდა იყოს სიმბოლური და ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი არ მემიჯნებოდნენ, არის სიცრუე, რადგან ჩემმა მტრებმა რუსეთში და უკრაინაში ეს გაყიდეს და გაასაღეს ისე, რომ სააკაშვილი მოიშორა თავისმა პარტიამ და საკუთარი პარტიაც კი აგდებს სააკაშვილს.
 მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. და თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი ხალხის თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში.“- აღნიშნა სააკაშვილმა.
"მე საქართველოდან ჩემი ნებით არ წავსულვარ და ის, რომ ახლა მე აქ ( უკრაინაში)  ვაგრძელებ ბრძოლას, არ ნიშნავს, რომ საქართველოში ბრძოლაზე ვამბობ უარს.“ -განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მას პარტიაში მიმდინარე პროცესებზე სრული ინფორმაცია აქვს.
„პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს“ – ეს არის ივანიშვილის თამაშის წესები. რანაირად ებრძვით თქვენ ივანიშვილს, თუ მის წესებს იღებთ, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს? ეს არის ივანიშვილთან თქვენი ბრძოლა? ის, რომ უკრაინაში ამ ბოლო პერიოდში ოლიგარქების პრესამ აიტაცა – აი, საქართველოში თავისი პარტია გაემიჯნა სააკაშვილსო – ეს არის ივანიშვილთან თქვენებური ბრძოლა? მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის და მტრის გვერდზე გაწევა? მე ამას ვერ გავიზიარებ!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
  
სააკაშვილის თქმით,  ის არ აპირებს შეწყვიტოს პოლიტიკური ბრძოლა იმის მიუხედავად,რომ ქვეყანაში არ იმყოფება. 
,,დღესდღეობით იმ ხალხმა, ვიზეც მე ვსაუბრობდი, გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის დავმარცხდებით. მე უარს ვამბობ დამარცხების ლოგიკის მიღებაზე, უარს ვამბობ ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაზე, ხოლო იმის გამოცხადება, რომ ჩვენ დავმარცხდებით, ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაა.“-ამბობს სააკაშვილი. – „მე ვხედავ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებასაც და ამ  დამარცხების იქით ვხედავ, რომ ჩვენ დავუბრუნდებით სახელმწიფოს აღმშენებლობის გზას“.
 
„ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ჩვენი საქმე არის იმ დიდი აღმშენებლობის გაგრძელება. ერთი რამე ვისწავლე, ექსპერიმენტები არაა საჭირო, არაფერი ისე ძვირად არ ფასობს ცხოვრებაში როგორც ერთგულება. თუკი სადმე დავმარცხდით და უკან დავიხიეთ- იმიტომ, რომ არ დავაფასეთ ერთგულება და ექსმპერიმენტებს ვატარებდით, კი, შეიძლება ერთგული არაა ადამიანი, მაგრამ რაღაცა…, რაღაცა არ არსებობს, ერთგულების იქით არაფერი არსებობს. ერთგულება ან არის ან არა, ერთგულება პიროვნების კი არა იდეის და მიზნის.“- აღნიშნა სააკაშვილმა
 
სააკაშვილმა მინიშნებები გარიგებებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ მას შემდგარ გარიგებებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია აქვს:  მე ვარ მოქმედი პოლიტიკოსი, მე საკმარისად ვითმინე. ბევრი რამ ვიცი: ვიცი, რა გარიგებები შედგა, რა ლაპარაკი შედგა. ტყუილად ჰგონიათ, რომ მე ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს ინფორმაცია ორი, სამი, ხუთი და მეტი წყაროდან, საკმარისზე მეტი გამოცდილებაც მაქვს. ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არაა, რომ ყველას ენა მოვუჩლიქო, ჩემი ამოცანა და პასუხისმგებლობაა, რომ გადაჯგუფება მოხდეს და პარტია გავაერთიანოთ ისე, რომ მან შეძლოს გამარჯვება. 
 
სააკაშვილმა პარტიის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში ახალი ხალხი უნდა შევიდეს უნდა მოხდეს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა, რომელზეც შეთანხმდება პარტიის უმეტესობა. იმ ხალხმა კი, ვინც დაიწყო გამიჯვნაზე ლაპარაკი,თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს  და ხალხმაც უნდა მიიღოს მათზე გადაწყვეტილება.“- განაცხადა სააკაშვილმა.
 
 მან ამომრჩეველთა მიმართ  შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზც ისაუბრა. „რაც შეეხება სიტყვას „ჯოგი“,  (,,ოდიში ნიუსი'' შეგახსენებთ,  რომ ასე მოიხსენია ,,ტაბულას'' რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ამომრჩეველი, რომელიც ეწინააღმდეგება ენმ -დან მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების მცდელობას), ჩვენ ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია და „პეროიანებმა“ თუ მიიღეს თავიანთ თავზე რამე, ეს მათი პრობლემაა. ეს ხალხი, ვინც აქ ზის, ჯოგი არ არის.ისინი   პარლამენტში სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა, ვისაც ახლა თავად ჯოგს ეძახიან  “,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა –  პოლიტიკურ ცხოვრების მანძილზე ვისწავლე, რომ ერთგულება ყველაზე მაღლა დგას და ექსპერიმენტების დრო აღარაა:.„. კონფორმისტებს და იმ ადამიანებს ვინც თავის პირად მიზნებს დააყენებს საერთო ინტერესებზე მაღლა, ნაციონალურ მოძრაობაში არაფერი არ ესაქმებათ, იმიტომ რომ ენმ-ში ყოველთვის იყო საუკეთესო ხალხი. 
 
 

წინა სტატიაგიორგი ოვაშვილს დღეს გადაეცემა ჯილდო საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური