რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში, დინიელის მონასტერში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრა. ილია მეორე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით მიესალმა რუსეთის პატრიარქს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.
„ჩვენ ჩამოვედით თქვენი უწმინდესობის 70 წლის იუბილეს აღსანიშნად და გვსურს გამოვხატოთ ჩვენი კეთილი სურვილები, ასევე გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ ეკლესიასა და სამშობლოს. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნიათ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიები იძლევიან მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებისთვის ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვა, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებელი რუსეთიდან, როგორც ახლა და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ,“ – ბრძანა ილია მეორემ.
საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წმინდა სამების ხატი უსახსოვრა.