თაღლითობისთვის დაკავებულია პირი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართის მიღებაში დახმარებას პირდებოდა.

0
358
თაღლითობისთვის დაკავებულია პირი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართის მიღებაში დახმარებას პირდებოდა. –  ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაასაჯარივა.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, სუსის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ლაშა შ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში, ლაშა შ. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6 000 აშშ დოლარი. 
„მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ლაშა შ-მ აღნიშნულ პირს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 3000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს“, – განაცხადეს სუს-ში. 
გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
 
 
წინა სტატიაგუშინ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს სახლში, სადაც მუშაობდა
შემდეგი სტატიაკომერციულ ბანკებში დოლარის ფასი ლარებში 2,5 ნიშნულს უახლოვდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური