ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ორ საათზე მეტია ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ოფიციალური განცხადება ამომრჩევლის ატიურობის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ სარჩევნო უბნებზე მომუშავე,,ოდიში ნიუსის'' ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ აქტივობა გაცილებით დაბალია, პირველი ტურის დღეს ამ დროისათვის დაფიქსირებულთან შედარებით, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა უბანი დროულად გაიხსნა, პირველი ხმის მიცემა გაცილებით გვიან დაფიქსირდა, რადგან 08:00 საათზე პირველი ამომრჩეველი არ იყო მისული.
დამკვირვებლები გამოთქვამენ პირველ შენიშვნებს, რომლებიც ორგანიზაციულ მხარეს ეხება და ნაწილობრივ კომისიის წევრთა დაბალ კვალიფიკაციას უკავშირდება:
ბევრგან კამერები გვიან, მხოლოდ დამკვირვებელთა კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ჩაირთო.
26-ე საარჩევნო უბნის პირველმა ამომრჩეველმა ბიულეტენი საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე მოათავსა.
ერთერთ უბანზე რეგისტრატორთა მაგიდები მჭიდროდ აღმოჩნდა კედელთან მიდგმული და მათ მუშაობაზე დაკვირვება მხოლოდ გვერდიდან არის შესაძლებელი, რაც აფერხებს დაკვირვების შესაძლებლობას.
ერთ უბანზე რეგისტრატორის მაგიდაზე დაფიქსირდა ,,ქართული ოცნების'' სააგიტაციო მასალა.
ამ დროისათვის დაწერილია პირველი საჩივარი, რომელიც საიას წარმომადგენელმა დაწერა იმასთან დაკავშირებით, რომ მე – 9 უბანზე კომისიის წევრებმა პარტია ,,რესპუბლიკელებიდან'' და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'' უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის თანმხლები ჯგუფის დაკომპლექტებისათვის ჩატარებულ კენჭისყრაში.
,,დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე ან უკვე წილისყრის ჩატარების შემდეგ, აღნიშნული ფუნქციის გამოვლენისას, უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის წაღებაზე (მთაწმინდის #8, გორის #79 და #64, ზუგდიდის #9 უბანზე.)
საია-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ასეთ დროს კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ასეთი წევრები არც სხვა ფუნქციების გამოსავლენ წილისყრაში მიიღებდნენ მონაწილეობას და შეასრულებდნენ თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.''- ნათქვამია საიას განცხადებაში.