ჯიხაშკარის 79-ე უბანზე პირველი საჩივარი დაიწერა. საჩივარი დაწერა არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯემ“.
საჩივრის თანახმად, „სოციალური- პოლიტიკური განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა გოჩა რაფავამ კენჭისყრის ოთახში,სადაც ამომრჩეველი თავის არჩევანს აკეთებდა, კაბინაში შეიხედა და იქვე მყოფ ამომრჩეველს თვალით რაღაც ანიშნა, სახელდობრ, თვალი ჩაუპაჭუნა.
როგორც 79-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმირ მირცხულავამ აღნიშნა, „საუნჯის“ მიერ დაწერილი საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიღო და ამის ფონზე გოჩა რაფავას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.
თავად გოჩა რაფავა აღნიშნულ ფაქტს უარყოფს,საჩივარს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ კაბინაში მყოფ თანამშრომელს თვალი ჩაუპაჭუნა ,,სასიყვარულო ფლირტის ფარგლებში" და რომ არანაირ პოლიტიკურ მინიშნებას ადგილი არ ქონია. ,,იყო ერთი შემთხვევა, რომ თვალი ჩამიკრა ამომრჩეველმა ქალმა და მეც ჩავუკარი თვალი. მაგრამ ეს იმის გამო კი არა… ქალისა და კაცის სიმპატია მქონდა ქალის მიმართ და ერთმანეთს თვალი ჩავუკარით. ეს შენიშნეს. რას იზამთ, ახალგაზრდა კაცი ვარ“, – განმარტა მან.