ეუთოს 315 კაციანი დელეგაცია,რომელიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება უკვე საქართველოშია

0
358
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მასშტაბით ეუთოს 315 კაციანი დელეგაცია დააკვირდება, მათი ნაწილი თბილისში უკვე ჩამოვიდა.ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ჯგუფის შემადგენლობაში ძირითადად მოკლევადიანი დამკვირვებლები არიან, რომლებიც საარჩევნო პროცესს მის ყველა ეტაპზე დაესწრებიან.პირველ განცხადებებს ეუთოს წარმომადგენლები არჩევნებიდან მეორე დღესვე გააკეთებენ. საბოლოო დასკვნა, როგორ ჩატარდა არჩევნები, 2 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.„როგორც იცით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ჩამოდის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. ისინი გააკეთებენ სხვა საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად განცხადებას არჩევნების შემდეგ. ასე რომ, ველი მათ შეფასებას. მათ უნდა შეაფასონ წინასაარჩევნო კამპანიაც. ეს დელეგაცია სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმყოფება საქართველოში. შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და პოლიტიკურ პარტიებს. გამოაქვეყნეს წინასწარი განცხადება და მათი დასკვნა იქნება ასახული არჩევნების საბოლოო შეფასებაშიც,“ – განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებიან. მათთან შეხვედრას ცესკოს ხელმძღვანელი თამარ ჟვანია მართავს.„ჩვენ კარგად ვართ მომზადებული არჩევნებისთვის და მზად ვართ მშვიდობიანი, რა თქმა უნდა, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება სანდო საზოგადოებისთვის და ყველა მონაწილისთვის ამ ქვეყანაში. ყველაფერი არ არის კომისიაზე დამოკიდებული. ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ პასუხისმგებლობას და საკუთარ მოვალეობასაც. მზად ვართ მივაწოდოთ ინფორმაცია, მოვემსახუროთ, რომ ყველა ამომრჩეველმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, რომ დავითვალოთ ხმები თავისუფალ და სანდო გარემოში, რომ შედეგიც იყოს სანდო,“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
 
 
წინა სტატიაესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გახდა
შემდეგი სტატია,,არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, ციხეში დიდხანს არ დავჯდებიო” – დრანდის ციხის ყოფილი უფროსი გაქცეული პატიმრის ბაჩუკი ლატარიას შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური