ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში: არჩევნებში დამარცხების შემდეგ ივანიშვილის მიერ ქვეყნის შესაძლო დატოვების შესახებ

0
362
დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნიკა მელიამ და გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართეს. ნიკა მელიას განცხადებით, მათ სანდრო წყაროსგან აქვთ ინფორმაცია, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი 8 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს დატოვებას აპირებს. მელიას თქმით, ამის შესახებ ივანიშვილმა საკუთარ გუნდს განუცხადა, რის შემდეგაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება.
 
"რამდენიმე დღის წინ ივანიშვილი შეხვდა მის უახლოეს გარემოცვას, რომელზეც დგას ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მან პირდაპირ და გადაჭრით მოსთხოვა შემდეგი, რომ 8 ოქტომბერს არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, იგი დატოვებს ქვეყნის ფარგლებს და ამის შემდგომ დაიწყო ის, რაც ვიხილეთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში [გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერები]. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა დარგი უკან გაწია და წინსვლა ვერცერთ სფეროში ვერ განახორციელა, მის მიერ ქვეყნის დატოვება არჩევნების შემდეგ არის ძალიან ცუდი ქვეყნის განვითარებისათვის", – თქვა ნიკა მელიამ
 
,გვინდა, მოვუწოდოთ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომ არჩევნებში მარცხის შემდეგ საქართველო არ დატოვონ, ისინი უბრალოდ, უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ, ნორმალურ განვითარებას. ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში, ხელისუფლებები არჩევნებში მარცხის შემდეგ, დევნილობაში კი არ მიდიან, ან მითუმეტეს ციხეში, უბრალოდ, გადადიან ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობაში არის სრული კონსენსუსი – მიუხედავად ამ წლების განმავლობაში ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ, ჩვენი აზრით, ჩადენილი არაერთი დანაშაულისა, არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ, არ უნდა განხორციელდეს მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნა. ეს სჭირდება ქვეყანას. 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ეს ძალიან უსიამოვნო იყო, ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, იმიტომ, რომ ოდესღაც, ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო არჩევნების გზით. ეს ტესტი საქართველომ მაშინ ჩააბარა, მაგრამ ახალმა ხელმძღვანელობამ, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ვერ ჩააბარა მეორე ტესტი – შეგუებოდნენ იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება და ახალი ოპოზიცია არის ბუნებრივი ნაწილი მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. 8 ოქტომბერს ივანიშვილის მარცხის შემდეგ ჩვენ მეორედ შევცვლით მშვდობიანად და არჩევნების გზით ხელისუფლებას და საქარველო ჩააბარებს ამ მეორე ტესტსაც – გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხესა და დევნილობაში. ”- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 
წინა სტატიანაციონალისტური მსვლელობა და დაპირისპირება თბილისში
შემდეგი სტატიაპოლიტიკური დებატები ტელეკომპანია „ოდიშის“ ეთერში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური