რამდენიმე წუთის წინ ფეიერვერკით დასრულდა ზუგდიდქალაქობა, რომლის დასკვნითი ნაწილი იყო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართული გალა კონცერტი სუხიშვილების ანსამბლისა და ქართული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავების მონაწილეობით.
დღეს ზუგდიდმა უამრავ საპატიო სტუმარს უმასპინძლა, მათ შორის ხელისუფლების, ფართო პოლიტიკური სპექტრისა და ხელოვანთა წრეების წარმომადგენლებს.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართა ,,საპატიო ზუგდიდელის'' წოდებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი დადიანების სასახლეთა პარტერში. ,,საპატიო ზუგდიდელის'' წოდება მიენიჭათ: აკადემიკოს ფრიდონ თოდუას, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ოთარ ფაცაციას, ქორეოგრაფ თამაზ მოსიას, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელს თამაზ უბილავას და „ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომელს მეეზოვე ზაირა (თამარ) სალიას.
საპატიო მოქალაქეებს სპეციალურად დამზადებული მედლები, ეროვნული ბანკის ოქროს მონეტები, სიგელები და რადიო "ათინათის" გადაცემა "კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციების" დისკებზე ჩანაწერი გადასცეს
ცერემონიალი გაგრძელდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა დავით ევგენიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ და ანსამბლმა „ოდოიამ“.
დღესვე ბულვარში გაიხსნა ზუგდიდელი ქორეოგრაფის და ანსამბლ „ჩელას“ დამაარსებლის რეზო ბულიას ვარსკვლავი.
ზუგდიდელებს მთელი დღის მანძილზე ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ ქალაქის სხვადასხვა ადგილებში გამოფენილი ხალხური რეწვის ნიმუშები, ნახატები და ფოტოები. განსაკუთრებული ინტერესი მიიპყრო ტრადიციულ, ეროვნულ სამოსელში გამოწყობილი ადამიანების თეატრალიზებულმა მსვლელობამ და ე.წ ,,ცოცხალმა სურათებმა'' ძველი ზუგდიდის ცხოვრებიდან, რაც მიხაი ზიჩისა და იონა მეუნარგიას დროიდან იღებს სათავეს.
ზუგდიდობა – 2016 წელს პირველად ჩატარდა. ეს უდაოდ კარგი წამოწყებაა, მაგრამ როგორც ყველაფერს პირველს, მას ხარვეზებიც ახლდა, ეს უკვე გახდა განსჯის საგანი სოციალიურ ქსელებში – პოლიტიკური მერკანტილიზმი, საეჭვო დროისმიერი ( და არა მხოლოდ) სიახლოვე არჩევნებთან, სახალხო დღესასწაულზე რკინის ჯებირებს მიღმა მყოფი ხალხი, სამეგრელოს დედაქალაქის ისტორიის ათვლა ეკატერინე ჭავჭავაძის მმართველობიდან ( ზუგდიდი შედარებით ახალგაზრდა ქალაქია, მაგრამ სწორედ ის არის ისტორიული კოლხეთის სამართალმემკვიდრე), ნადიმი, რომელიც ბიუჯეტს ძვირად დაუჯდა . კითხვებია საპატიო ზუგდიდელის არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც და ა.შ.
ხარვეზი ხარვეზად, მაგრამ გამოუსწორებელი არაფერია – ზუგდიდობა – 2017 , იმედია, უფრო დახვეწილი იქნება .