ეს ომი დღემდე გრძელდება, რაც უნდა გაყინული კონფლიქტი ერქვას, რადგან ტყვია, რომელიც აგერ, გუშინ დაახალეს გიგა ოთხოზორიას, ცხელი იყო

0
396

400 რუბლიანი რუსული პენსია აფხაზეთის ფასი არ არის, ეს ბედუკაძის ფასია და, თუ მისთვის მნიშვნელოვანია პატრიარქის სიტყვა, წესით, უნდა მიიღოს განმარტება, რომ  30 ვერცხლი, რომელზედაც გაყიდეს  ქრისტე,  ქრისტეს კი არა,  იუდას ფასია.

24 წელი გავიდა  აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან. ე.წ.-მა „აფხაზურმა გვარდიამ", პირველად სწორედ 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი  ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ეს ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოსთან მოხდა. საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული პირველი მსხვერპლი სწორედ ამ საგუშაგოზე მომხდარ შეტაკებას უკავშირდება. 
 
სახელმწიფო საბჭოს თამჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მტკიცებით, ინგირი-სოჭის სარკინიგზო მონაკვეთზე წესრიგის დამყარების გეგმა მან პირადად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეათანხმა, მაგრამ როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, არძინბამ შეთანხმება დაარღვია ,  14 აგვისტოს სოხუმის ადგილობრივი ტელევიზიით ,,აფხაზეთის სამამულო ომის'' დაწყება გამოაცხადა, მოსახლეობას, განურჩევლად ეროვნებისა, სამშობლოს იარაღით ხელში დაცვისკენ მოუწოდა და ოფიციალურ თბილისს აფხაზეთიდან სახელმწიფო საბჭოს ჯარების გაყვანა მოსთხოვა . 
 
 საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ სამი დღის მანძილზე  ვერ შეძლეს ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი სოხუმის განაპირას, შუქურის რაიონში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილში იყო და ერთხანს იქიდან ხელმძღვანელობდა აფხაზური ძალების წინააღმდეგობას, მოგვიანებით კი  გადავიდა  გუდაუთაში, სადაც მოხდა აფხაზური არაკანონიერი შენაერთების,  ჩრდილოკავკასიელი მოხალისეებისა და იქ დისლოცირებული რუსული  ჯარების ბაზაზე შექმნილი სახელშეცვლილი  რაზმების კონცენტრაცია. 
 
ომი აფხაზეთში მოსკოვის მიერ წაქეზებული სეპარატისტების მიერ მრავალი ათწლეულის მანძილზე მზადდებოდა, იგი თითქმის გარდუვალი იყო, მაგრამ რუსეთი მისი დაწყებისათვის  ხელსაყრელ დროსა და საბაბს ეძებდა და სახელმწიფო საბჭომ , რომელმაც დაამხო კანონიერი ხელისუფლება, ააოხრა თბილისი და,  განსაკუთრებით, მასთან, როგორც კლასიკურ ხუნტასთან შეურიგებელი სამეგრელო, ლანგრით მიართვა ეს საბაბი –   რკინიგზაზე წესრიგის დაცვას არ სჭირდებოდა სამხედრო შენაერთების შესვლა  ქალაქებში, მით უფრო,  ტანკებითა და მძიმე ტექნიკით შესვლა სოხუმში, მაგრამ პრეზიდენტისა და პრეზიდენტისთვის მიცემული ფიცის გამტეხმა ეროვნულმა გვარდიამ, პირადად სარდალმა კიტოვანმა   მაინც გააკეთა ეს და აღარა აქვს მნიშვნელობა, ეს მისი თვითნებური გადაწყვეტილება იყო თუ სახელმწიფო საბჭოსი, ამასთან ყველაზე მეტად  ეს სწორედ ედუარდ შევარდნაძეს სჭირდებოდა, რადგან თავს მყარად ვერ გრძნობდა მიტაცებულ ხელისუფლებაში –  მან ვერ ჩაახშო წინააღმდეგობის მოძრაობა თბილისში, ვერ მიიმხრო სამეგრელო და აფხაზეთი, თავისას ითხოვდა მოსკოვი, რომლის ხელდასმით დაიკავა მან დამხობილი პრეზიდენტის ადგილი და, რაც არცთუ უმნიშვნელოა,  ვეღარ ერეოდა სამხედრო გადატრიალების  ძირითადი მოთამაშეების –ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის ბანდად ტრანსფორმირებულ ყოფილ გვარდიასა და მხედრიონს, ის მეტისმეტად იყო დავალებული მათგან,  რასაც   ისინი   მალ – მალე ახსენებდნენ და მოქმედების სრულ თავისუფლებას მოითხოვდნენ.  ყურადღების გადატანა აფხაზეთზე, თუნდაც ბლიცკრიგით დასრულებული  მცირემასშტაბიანი ომი,   საკმაოდ ხელსაყრელი იყო იმისთვის, რომ თავგასული ,,არმიის'' მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლის ველზე დარჩენილიყო, ამასთან აფხაზეთის ქართული მოსახლეობა  თავდაცვაზე გადასულიყო და უკვე სრულიად იზოლირებული სამეგრელო,  მარტოკა დარჩენილიყო კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის ბრძოლაში. მაგრამ ბლიცკრიგი არ შედგა და  ეს ომი დღემდე გრძელდება, რაც უნდა გაყინული კონფლიქტი ერქვა მას, რადგან ტყვია, რომელიც აგერ გუშინ დაახალეს გიგა ოთხოზორიას აბსურდულ საზღვარზე, ცხელია.  
 
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. შედეგად ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი დაიღუპა,  ქართული მხრიდან როგორც საომარი მოქმედებების , ისე ეთნოწმენდის შედეგად, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე, მშობლიური კუთხის დატოვება მოუხდა 300 ათასამდე ადამიანს . 
 
 
წინა სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა ელისაბედ რულოვსი განმუხურის მოსახლეობას 18 აგვისტოს შეხვდება
შემდეგი სტატიახელისუფლება ოკუპანტების მიერ სოფელ რუხიდან მეთევზეების გატაცების ფაქტს ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური