პორტირების კვირა – ვინ და რატომ აყენებს ,,თავისუფალ დემოკრატებს” მეხანძრის ამპლუაში?

0
409

პარტიიდან პარტიაში გადარბენა, ე.წ. პორტირების სენი, რომელიც  ქართული არჩევნების და ზოგადად პოლიტიკური ცხოვრების ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა, ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ღრმავდება.  ამის ნიშნები უკვე მეტ–ნაკლებად შეინიშნება  რეგიონშებიც და დედაქალაქშიც და,  თუ ყველაზე გახმაურებული ფაქტებით ვიმსჯელებთ, ბოლო პერიოდში უპირატესად ეხება ორ პარტიას – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ და ,,თავისუფალ დემოკრატებს'' .
 
სულ ახლახან ხობის მუნიციპალიტეტში ბურჭულაძის პარტია 90 – ზე მეტმა წევრმა დატოვა, რითაც ამ წინასაარჩევნო პერიოდში  მოხსნილია პარტიიდან წევრების მასობრივი წასვლის რეკორდი,  მაგრამ კიდევ უფრო დიდ სკანდალთან გვაქვს საქმე ,,თავისუფალი დემოკრატების'' შემთხვევაში, როცა პარტია დატოვეს გორში წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა  და რაიონული ორგანიზაციის შტაბის უფროსმა.  
 
მაჟორიტარობის კანდიდატმა თამაზ შიოშვილმა თავისი ნაბიჯი საერთოდ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებით ახსნა, თუმცა ამისა ელექტორატს ნაკლებად სჯერა, რაც შეეხება პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსს დავით წეწვაძეს, მან მიკიბ– მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ ”ქართულ ოცნებაში” გადადის. 
”მე ამ პარტიასთან ერთად ვიდექი 2012 წელს, მე ამ პარტიასთან ერთად ვიდექი გუშინდელ დღემდე. განვითარებული მოვლენები ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მე ჩემს გუნდთან ერთად მოტივირებული ვიყავი გამარჯვებისთვის, თუმცა, ისევე როგორც ჩემს უკან მდგომი თანაგუნდელები, იმედგაცრუებულები დავრჩით. მე ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ პარტიაში. ჩემთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმსგავსებული იდეების მატარებელ პარტიაში ყოფნა. მე ეს მანკიერი მსგავსება გუშინ განვითარებულ მოვლენებში დავინახე, რომელსაც მე „ბინძურ თამაშს“ ვუწოდებ. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და შევუერთდე „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ამ წუთიდან, მე ჩემს რესურსს ჩემი ქალაქის კეთილდღეობისთვის ამ პარტიის წევრის ამპლუიდან მოვახმარ”– განაცხადა მან.
 
ნიშანდობლივია, რომ ამავე მოტივით ხსნიან თავიანთ წასვლას პაატა ბურჭულაძის მოძრაობის ყოფილი  წევრებიც  და, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტიის ლიდერი კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს ნაციონალურ მოძრაობასთან  და მის  მწვავე ოპონენტად რჩებიან,  პორტირება გრძელდება და საკმაოდ მტკივეულ მასშტაბებს იღებს, რამდენადაც, ნაციონალებისგან განსხვავებით, ეს ორი პარტია, განსაკუთრებით „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“  ამ მხრივ უფრო მოწყვლადია, როგორც ახალი შექმნილი და ჯერ არა აქვს ფორმირებული მყარი დასაყრდენი როგორც საერთო ღირებულებებზე დამყარებული ერთიანობა თავისივე შიდა სტრუქტურებში, ისე  რიგით მხარდამჭერებში. 
 
მოსალოდნელია, რომ სახელისუფლებო პარტიის ნაცადი   ტაქტიკა პორტირების ახალ ფაქტებს შემოგვთავაზებს მომავალშიც. მის  სასარგებლოდ მოქმედებს დროც – არჩევნები კარზეა მომდგარი, გარედან დამკვირვებლის თვალით, ამ პარტიებს შესაძლოა არ ეყოთ  რესურსი უმოკლეს დროში ჩაანაცვლონ  შტაბის უფროსისა და მაჟორიტარობის კანდიდატის დონის პორტირებულები ( თუ მსგავსი რამ სხვაგანაც განმეორდა). ამჯერად გორში პრობლემა მოგვარდა –  გორის მოსაგებად პარტიის სახელით თავად ირაკლი ალასანია იბრძოლებს (რაც მისი მხრიდან ერთობ გაბედული ნაბიჯია), მაგრამ არავინ იცის, კიდევ   სად და რა  შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე დარჩენილ დროში. დრო კი ამ შემთხვევაში  ,,ქართული ოცნების'' სასარგებლოდ მუშაობს, რადგან  იგი მეხანძრის ამპლუაში აყენებს  ახალგაზრდა  პარტიებს.
 
ცალკეა საკითხია, რომ  ,,ქართული ოცნების'' ტაქტიკა – მოისყიდოს, დააფრთხოს, გადაიბიროს მერყევი და მერკანტილური ადამიანები, ამ პარტიების დასუსტებაზე მეტად  მიმართულია იმაზე, რომ  განაგრძოს მცდელობა კეთროვანის იმიჯი შეუქმნას თავის უძლიერეს კონკურენტს –ნაციონალურ მოძრაობას , ამ პარტიებს ხომ კოლექტიური წეწვაძე ,,ნაციონალურ მოძრაობასთან''  შესაძლო გარიგებით აღშფოთებული''  ტოვებს.  მაგრამ ეს უკვე ძველი და მოყირჭებული სიმღერაა.
 
 რაც შეეხება თავად პორტირებას – ნაცვიონალურმა მოძრაობამ  უკვე გამოიარა ის, რაც ახლა თავისუფალი დემოკრატებისთვის, ბურჭულაძის პარტიისა  და რესპუბლიკური პარტიისთვის არის გამზადებული. მართალია, შიხიაშვილობის  დიდი ტალღის გადასვლის შემდეგაც, თუნდაც ბოლო თვეებშიც კი, იყო გარკვეული რეციდივები, მაგრამ    ნაციონალურ მოძრაობას ეს სენი მეტნაკლებად მოხდილი აქვს. მოიხდიან ალბათ ამ სენს ,,ქართული ოცნების'' მიერ დღეს ათვალწუნებული სხვა პარტიებიც, მაგრამ დღეს ფაქტია: ეძგვერძეობა  ცოცხალი თავით არ ტოვებს ქართული პოლიტიკას. 
 
 
წინა სტატია,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელით მიმართავს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისი გაქურდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური