ამბავი ფეხსაცმლისა, რომელიც პატრონს სულ ერთხელ, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ეცვა, და მედეას წყევლა და რისხვა, რომელიც სოხუმს დაატყდა თავს

0
447
,,ეს ძველთაძველი ისტორია პირდაპირ კავშირშია სოხუმის ქარიშხლიან ღამესთან –    თუნდაც არ გჯეროდეს მისტიკისა,  თავს ვერ დააღწევ ფიქრს, რომ მედეას სული განარისხა ამ ოპერის დადგმამ მის სამშობლოში – აფხაზეთში ‘’ – წერს რუსი ჟურნალისტი აფხაზურ მედიაში.  
საოპერო სპექტაკლის ,,მედეას’’ რეკლამირება თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა მესიჯით ,,არგონავტები ბრუნდებიან! ‘’ოპერა სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ – დანჩენკოს  სახლობის მოსკოვის აკადემიურ მუსიკალურ თეატრშია დადგმული და მისით იხსნებოდა  მეთხუთმეტე საიუბილეო ფესტივალი ,,ხიბლა გერზმავა გიწვევთ’’
სპექტაკლი 3 აგვისტოს ღამით,  ღია ცის ქვეშ,  დიოსკურიის ნანგრევებზე დაშენებულ ამფითეატრზე  უნდა გამართულიყო, გაყიდული იყო ათასამდე ბილეთი,  ჩამოსული იყო თეატრის საოპერო დასის – ორკესტრანტების,  გუნდის ათეულობით წევრი, ამფითეატრი გადაივსო დამსვენებლებითა და ადგილობრივი მოსახლეობით, ადგილობრივი მედიის ძალისხმევით, ისინი ამაყად ელოდნენ ,,აფხაზეთის  ( ისტორიული კოლხეთის) მეფის ასულის” დაბრუნებას.  მაგრამ მოულოდნელად მოვარდნილმა დელგმამ ყველაფერი ჩაშალა – ჯერ წვრილმა წვიმამ აახრიალა მიკროფონები, შემდეგ კი ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა  და ისეთმა ქარიშხალმა დაჰბერა, რომ აპარატურაზე პოლიეთილენის გადაფარების შესაძლებლობაც არ მისცა  ტექნიკურ პერსონალს. შტორმმა, ცისა და ზღვის წყალმა დაალტო და დაგლიჯა თავშესაფრის საძებნელად გაფანტული მაყურელის მიერ ადგილზევე დაყრილი პროგრამები, რომელიც ,,აფხაზი ასულის” ისტორიას ამცნობდა მკითხველს.. 
განრისხებულმა მედეამ ფაქტობრივად არც თეატრის შენობაში შეუშვა სანახაობის მსურველნი – ორგანიზატორებმა მთელი სამი საათის  წვალების შემდეგ შეძლეს რაღაცისთვის დაემსგავსებინათ სცენა, მაგრამ დეკორაციების გამართვა ვერ შეძლეს, პატარა სცენამ ვერ დაიტია ორკესტრანტები და საოპერო გუნდი, გაითიშა რამპა, მწყობრიდან გამოვიდა დასველებული აპარატურა,  ხმა ჩაეხრინწა ერთიანად დასველებულ და სიცივით ატანილ მომღერლებს, უფრო მეტიც, სიმწრით დაწყებული მეორე აქტის მსვლელობისას სცენაზეც ისეთივე კოკისპირული წამოვიდა, როგორც გარეთ. სპექტაკლი ჩავარდა.
მოგვიანებით, სპექტაკლის დირიჟორმა, რუსეთის დამსახურებულმა არტისტმა ფელიქს კორობოვმა  მთელი ოდა მიუძღვნა სტიქიასთან მებრძოლ აფხაზებს, რომელთაც პიჯაკები და ,,ტუფლებიც” კი შეწირეს მედეას განრისხებულ სულს. 
,,ჯერ არსად მინახავს დირექტორის მოადგილე, რომელსაც პიჯაკი გვერდზე მოესროლოს და ფეხშიშველს (წყალმა წააძრო ფეხსაცმელი, რომელიც სულ ერთხელ ეცვა პრეზიდენტთან შეხვედრაზე)  წელამდე წყალში შეეტოპოს , რომ სცენამდე მიეღწია  და თავისი თვალით ენახა, თუ რამის გადარჩენა შეიძლებოდა.”
კორობოვი ამ ოდაში მიმართავს აფხაზეთის თეატრის დირექტორს ირაკლი ხინთბას და მოსკოვის თეატრის დირექტორის მოადგილეს ანდრეი ჩერნომუროვსაც: ,,ირაკლი! ანდრეი! ნუ  გადააგდებთ თქვენს   ძვირფას პიჯაკებს ,მერე რა, რომ   წყალმა გაგინადგურათ, მათი ადგილი მუზეუმშია, მე არ ვხუმრობ! ‘’ – ამბობს იგი  პათოსით, რომელიც  ძველ ანტიკურ თეატრსაც კი  შეშურდებოდა. – ეს დიდებული სპექტაკლი იყო! ფენომენალური ხარისხისა!  გმადლობთ,  ხიბლა!  სამ აგვისტომდე მსოფლიოში იყო ორი ლეგენდა მედეაზე   – უძველესი და საოპერო – ჩვენ კიდევ ერთი ლეგენდა შევქმენით, ის დიდხანს ემახსოვრება სოხუმს”  – წერს რუსი არტისტი. 
რა ბედი ეწევა პიჯაკებს , დაიდებენ თუ არა ისინი ბინას სოხუმის მუზეუმში, ჯერჯერობით უცნობია.  დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მედეამ არ შეიწირა კოლხეთის ისტორიის დამახინჯების სანაცლოდ შეწირული რუსული და აფხაზური ,,ტუფლები”, მაგრამ  ჯერ არავინ იცის,   დასჯერდება თუ არა მედეა ამ რისხვას , რომელმაც მისტიკისგან შორს მდგარ ადამიანებშიც გააჩინა შეკითხვები: 
,,ქარი გლეჯდა ყველაფერს, ფანქრებივით იმსხვრეოდა პალმები, სამ მეტრში არაფერი ჩანდა,   როცა საშინელ თქეშში გალუმპულებმა,  მუხლამდე წყალში ტოპვითა და ხეებს ჩაჭიდებით, როგორც იქნა, შევძელით და  რაღაც გადახურულს შევაფარეთ თავი, ცოლმა მითხრა, რომ ჯადოქარი მედეა , რომლის სული ამ სანაპიროზე დაბორიალებს, როგორც ჩანს განარისხა მისი ამბის დამახინჯებულმა ინტერპრეტაციამ” – წერს რუსი ჟურნალისტი.
 
 იგი, ალბათ მაინც ევრიპიდეს გულისხმობდა, მაგრამ ჰაერში რიალებს კითხვა, რატომ განრისხდა მედეა მაინცდამაინც სოხუმში და არა მოსკოვში ან სადმე სხვაგან, სადაც ეს სპექტაკლი არაერთხელ დადგმულა?  შეუცნობელია ღმერთის აპიანი –  როგორც კოლხი მედეას მშობელი ხალხი იტყვის,  ადამიანს სიმართლეს (ხშირად გაუცნობიერებლად) – ღორონთ ორაგადაფუანს!  – ღმერთი ალაპარაკებს!  
 
წინა სტატიახვალ სანკტ- პეტრბურგში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაგორში მოხალისეებმა რუსული ოკუპაცია დაგმეს და ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური