დღეს დილით თბილისის ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, ქართველმა სპორტსმენებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვეს 39 ოლიმპიური ლიცენზია, რაც რეკორდული მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დელეგაციას წარმატება და გამარჯვება უსურვა.
”მიხარია, რომ აქ ვარ, თქვენთან ერთად და გაცილებთ მომავალი გამარჯვებებისკენ. ჩვენ იქ გავდივარ, როგორც ერთი ქვეყანა, ერთი გუნდი, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გამარჯვებისკენ მოვუწოდებთ და ვეხმარებით. საქართველო უნიკალურია თუნდაც იმით, რომ რა მიღწევებიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, თუნდაც სპორტის მიმართულებით. – განაცხადა მარგველაშვილმა. – დღეს იბრძვის ორი მსოფლიო. ერთია ის ბოროტება, რომელიც ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ, როდესაც ასე დამალულად, ფარულად, ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს. ამის საპირისპირო რეალურად ყველაზე მეტად ხართ თქვენ – ადამიანები, რომლებიც ძალით, შემართებით, უნარით, ღიად და ჭეშმარიტად ასპარეზობთ. კეთილ ნებას, სპორტულ წარმატებას და შეჯიბრებას აჩვენებთ მთელ მსოფლიოს. მთელი მსოფლიო შემოგხედავთ თქვენ და მთელი მსოფლიო გაიგებს საქართველოს ჰიმნს, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ. თქვენ მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი იცოდეთ, რომ მილიონობით ქართველის გულს გაახარებს, გააბედნიერებს”,
როგორც მთავრობის მეთაურმა გიოერგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, .39 ოლიმპირი ლიცენზია ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მართლაც პატარაა, მაგრამ უდიდესი სპორტული ტრადიციებითაა გამორჩეული. დღეს მთელი საქართველო მათ გვერდითაა და მათი გულშემტკივარია.”ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ამ გამარჯვებებს მივაღწევთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა. სპორტსმენების თქმით, ოლიმპიური თამაშების წინ პატრიარქის დალოცვა ტრადიციაა და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კანოეში: ზაზა ნადირაძე. მშვილდოსნობაში: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინა ესებუა, იულია ლობჟენიძე. მძლეოსნობაში: დავით ხარაზიშვილი, ბაჩანა ხორავა, ბენიკ აბრამიანი, ლაშა თორღვაძე, ვალენტინა ლიაშენკო. მხატვრულ ტანვარჯიშში: ხათუნა ფაჟავა.
პირველად ისტორიაში, ერთ ოლიმპიურ დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს დედა-შვილი. კერძოდ, ტყვიის სროლაში საქართველოს ღირსებას ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი დაიცავენ. ფარიკაობაში: სანდრო ბაზაძე. ძალოსნობაში: ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე. ჩოგბურთში: ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცურვაში: ირაკლი ბოლქვაძე, თეონა ბოსტაშვილი.
ძიუდოში კი ოლიმპიური მედლების მოპოვებას ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი ეცდებიან. გოგონებში კი აღნიშნულ სახეობაში საქართველოს სახელით ესტერ სტამი გამოვა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სპორტსმენები ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გაახარებენ.