რესპუბლიკურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ ორი რესპუბლიკელი მინისტრის მიერ პოსტების, ხოლო ერთის მიერ პარტიის დატოვებას, უკვე მოყვა პირველი გამოხმაურებები მედიასა და სოციალურ ქსელებში.
პარტიისათვის არასახარბიელო პროგნოზებს გიგლა აგუაშვილის გადაწყვეტილებასთან ერთად ბიძგი მისცა ყურადღება დავით უსუფაშვილის მიმართვამ ყველა რესპუბლიკელისადმი თუკი პარტიის დატოვებას გეგმავენ, უახლოესი ორი დღის განმავლობაში გააკეთონ ეს.
”ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ამიტომ მივმართავთ ყველა რესპუბლიკელს, ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად. გააკეთოს არჩევანი უახლოესი ორი დღეში, რადგან ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული, მტკიცე ჯგუფი, როგორც ვიყავით ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა მოტივებს. ეს იქნება ღირებულებითი, ყოფითი და პერსონალური მოძრაობა, არჩევანი უნდა გაკეთდეს, ბრძოლაში მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში”, – განაცხადა მან.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ აგულაშვილის გზას ძალიან ბევრი ”რესპუბლიკელი” დაადგება და ბევრი ადგილობრივი აქტივისტი მალე ”ქართულ ოცნებაში” აღმოჩნდება.
” ინტერპრესნიუთან'' საუბარში იგი სკეპტიკურად აფასებს რესპუბლიკური პარტიის შანსებს მოახლოებულ არჩევნებში და ამის საფუძველს პარტიაში არსებულ სისტემურ ხარვეზებში და აქედან გამომდინარე მისდამი ამომრჩევლის დამოკიდებულებაში ხედავს.
”ჩემი აზრით, ”რესპუბლიკური პარტია” ქართულ საზოგადოებაში არც არასდროს სარგებლობდა განსაკუთრებული ექსკლუზიური მხარდაჭერით. გამომდინარე იქედან, რომ მათ ძალიან გაუგრძელდათ ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირება და ძალიან დააგვიანეს იმისათვის, რომ სრულფასოვანი კამპანია დაეწყოთ და ელექტორალური სეგმენტი ეპოვათ, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ მათ შანსებს. უბრალოდ, არ ვიცი ამომრჩეველი, რომელმაც ”რესპუბლიურ პარტიას” უნდა მისცეს ხმა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.- ამასთან, ”მათ ძალიან უყვართ მენტორეული ტონით საზოგადოებასთან ლაპარაკი და რატომღაც მიიჩნევენ, რომ სხვებზე უფრო ინტელექტუალური ძალაა, სინამდვილეში, ხშირ შემთხვევაში ფსევდო ინტელექტუალიზმში გადადის. ამასაც საზოგადოება ძალიან კარგად გრძნობს. მე ვფიქრობ ახლა დაიწყება პარტიის დაშლის პროცესი, განსაკუთრებით რეგიონებში.''
გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას, დატოვოს "რესპუბლიკური პარტია" და შეინარჩუნოს მინისტრის პოსტი, შეცდომად აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ,
"მე ვფიქრობ, თქვენ მოისმენთ მისგან არგუმენტებს და ის განმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება არის შეცდომა. ყველა „რესპუბლიკელი“ ერთად შევდივართ საარჩევნო კამპანიაში და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გიგლამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო",- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
თავად გიგლა აგულაშვილს განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მინისტრის პოსტზე დროებით ქეთევან ციხელაშვილი ჩააანაცვლებს, ხოლო თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს აშშ – დან დაბრუნებისთანავე დატოვებს.