აფხაზეთში რეფერენდუმის ჩაშლას ხაჯიმბასგან რუსეთი მოითხოვდა – იქ კარგად ესმით, რომ აფხაზები მოსკოვისადმი მის ,,უფასო მაამებლობას” ვერ ეგუებიან

0
430
აფხაზეთში რეფერენდუმის ჩაშლას რუსეთში კმაყოფილებით შეხვდნენ . როგორც პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებული რუსეთის პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორი ალექსეი ჩესნაკოვი აცხადებს, სხვა შედეგი გაზრდიდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირების  გახანგრძლივების რისკებს,  მოახდენდა პოლიტიკური დღის წესრიგის რადიკალიზაციას და საფრთხეს შეუქმნიდა ისედაც მყიფე სტაბილურობას რესპუბლიკაში . სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით უჭერდა მხარს მოსკოვი მოქმედ ხელისუფლებას კონფლიქტის დასაწყისისთანავე.
პრეზიდენტ ხაჯიმბას  გამარჯვებად მიიჩნევენ  რეფერენდუმის ჩაშლას სხვა მოსკოველი ექსპერტებიც, ამასთან ისინი ლაპარაკობენ ოპოზიციის შეცდომებზე – მან  ვერ განჭვრიტა მოვლენათა ყველა შესაძლო განვითარება და მოსალოდნელი შედეგები, ხოლო როცა სურათმა ისეთი კონტურები შეიძინა, რომელიც მას ხელს არ აძლევდა, მოახდინა მასობრივი არეულობების პროვოცირება, რაც მისთვის კატასტროფით დასრულდა – ამომრჩეველმა, რომელიც ამ სახიფათო თამაშების მომსწრე გახდა,  უარი თქვა მის მხარდაჭერაზე პოლიტიკური დესტაბილიზაციის შიშით.   – აცხადებენ ისინი. 
თავად ხაჯიმბა თავის პოლიტიკური გუნდთან ერთად  გამარჯვებას ზეიმობს. იგი აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარებისათვის ყველა პირობა იყო შექმნილი, მაგრამ თავად ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება არ მისულიყო რეფერენდუმზე, რადგან არ ეთანხმება  კითხვის დასმის საჭიროებასაც კი  – უნდა გაიმართოს თუ არა პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები. 
,,ქვეყანაში ყველაფერი რიგზე იქნება, არასოდეს ვყოფილვარ  დიალოგის წინააღმდეგი, პირიქით სულ მოვუწოდებდი ოპოზიციასთან ამისაკენ, მაგრამ იგი,სამწუხაროდ, გამუდმებით ცდილობდა თავი აერიდებინა დიალოგისთვის და შედეგად მიიღო ის, რაც მიიღო. ‘’ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მან წუხელ გვიან ღამით გააკეთა.
 
მაგრამ სიმშვიდე, რომლის გამოხატვასაც იგი ამ განცხადებისას ცდილობდა, არც თუ რეალურია – მას კარგად ესმის, რომ ხალხის უმეტესობა  რეფერენდუმზე არ მივიდა ბოიკოტისაკენ  ოპოზიციის მოწოდების პასუხად  და არა მისდამი სიმპათიის გამო და რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდება. ხაჯიმბა თავს იზღვევს, როცა აცხადებს, რომ ,,აღარანაირი არეულობები აღარ იქნება, არშემდგარი რეფერენდუმის შემდეგ სახელმწიფო არ დაუშვებს გასულ სამშაბათს მომხდარი მოვლენების განმეორებას და ყველაფერი კონსტიტუციის, კანონმდებლობის  ფარგლებში დარჩება’’.    
 
რაც შეეხება ოპოზიციას, იგი აცხადებს, რომ რეფერენდუმი  ხელისუფლებამ ჩაშალა, ყველაფერი რასაც იგი აკეთებდა, მიმართული იყო მოქალაქეთა დაშინებაზე. ახლა სამწუხაროდ, ხელისუფლების სამართლებრივ ველში დაბრუნების შანსი დაკარგულია.’’
 იმას, თუ რას ნიშნავს ოპოზიციის ეს განცხადება, ახლო მომავალი გვიჩვენებს. ერთი კი ამთავითვე გადაჭრით შეიძლება ითქვას – არც მოსკოვს, არც ხაჯიმბას დამშვიდების საფუძველი არა აქვთ. 
ის ოცი ათასი ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას, არსად წასულა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ოპოზიციას  შეეძლო ხელმოწერების შეგროვება გაეგრძელებინა, მაგრამ შეწყვიტა, რადგან ამის საჭიროება არ იყო (აფხაზური  კანონმდებლობით ათი ათასი ხელმოწერა რეფერენდუმის ინიცირებისათვის სავსებით საკმარისია), რეფერენდუმის მომხრეთა რიცხვი გაცილებით მეტია.  
რეალური სურათი ისეთია, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ არ მივიდნენ რეფერენდუმზე, რომ მათ ამით  მხარი დაუჭირეს ბოიკოტს, რომელიც ოპოზიციამ მთავრობის მიერ რეფერენდუმის ჩაშლაზე მიმართული ღონისძიებების პასუხად გამოაცხადა.  
ოპოზიციამ ისტერიული უწოდა რეფერენდუმის დანიშვნის დღიდან ხაჯიმბას სიარულს სოფელ – სოფელ, ქალაქ – ქალაქ და უხვად გაცემულ არარეალურ დაპირებებს მოსახლეობისათვის , ყველა ოფიციალური პირისა და მათ მიერ მიმხრობილი ცნობადი სახეების რიტორიკას მედიაში თუ საზოგადოებასთან შეხვედრებზე რუსეთის კეთილისმყოფელი როლისა და ქართული საფრთხის წინაშე ხაჯიმბას შეუცვლელობის  შესახებ, მმართველი პარტიის ,,ედიანაია აბხაზიას’’ ყრილობას, რომელიც რუსეთის განაწყენებაზე მიმართული ოპოზიციის ,,მავნებლობის’’ მხილებით დაიწყო და დამთავრდა,   ფართოდ გაშლილ მედიაკამპანიას ,,მადესტაბილიზებელი“  ოპოზიციის წინააღმდეგ,   შსს მინისტრის ლეონიდ ძიაფშბას ღია მუქარებს პირადი შემადგენლობის მიმართ მათი ოჯახების, მეზობლების, უბნების მოსახლეობის გამოცხადების შემთხვევაში. (ხელისუფლება უფრო დაბლაც დაეშვა და 9 ივლისს ქალაქის დღის საზეიმო ღონისძიება დაამთხვია, ხოლო რეფერენდუმის დღეს – მარულა).ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა 5 ივლისის მოვლენებიც, რომელთა პროვოცირება თავად მოახდინა.
,,ჩვენ ვიგრძენით, რომ ამან  დააშინა ხალხი,   ჩვენ კი მოახლოებულ რეფერენდუმამდე აღარ გვრჩებოდა დრო, გაგვენეიტრალებინა ეს ბრალდებები, ამიტომ მოვითხოვეთ 5 ივლისს რეფერენდუმის გადადება შემოდგომამდე, ხოლო როცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბოიკოტის გადაწყვეტილება მივიღეთ.  ახლა იგი დიდი რიხით ლაპარაკობს და თავის გამარჯვებას მიაწერს რეფერენდუმის ჩაშლას, თუმცა კარგად იცის, რომ რეფერენდუმზე არგამოცხადების გადაწყვეტილება ჩვენი მიღებულია და არამც და არამც არ წარმოადგენს ხალხის მიერ მისი მხარდაჭერის დემონსტრირებას. ასე რომ ყოფილიყო, იგი მეტი დამაჯერებლობისთვის თავის მომხრეებს მაინც გაიყვანდა რეფერენდუმზე და არ დასჯერდებოდა ტრაბახს იმის საფუძველზე, რომ რეფერენდუმზე მისული რამდენიმე ასეული ადამიანიდან მაღალმა პროცენტმა არ მისცა ხმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.'' – აცხადებს აფხაზური ოპოზიცია. 
 
წინა სტატიაალ-ქაიდას მოკლული ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებს მამის მოკვლის გამო სამაგიეროს გადახდით ემუქრება
შემდეგი სტატიაკოჟორიძე: გაუგებარია იუსტიციის სამინისტრომ იფაციფუცა თუ პარლამენტმა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური