რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი, კორცხელში ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმა და ვიზა ლიბერალიზაცია – მსჯელობა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე

0
365

რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი, კორცხელში ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმა და ვიზა ლიბერალიზაცია იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა. პრეზიდენტს თითქმის ყველა გამომსვლელმა კითხვა რუსთავი2-ის შესახებ დაუსვა.

“ჩემი პირველი კითხვა რუსთავი2-ს ეხება. იცით თუ არა, რომ ქართველი ხალხის ნდობა სამართლებრივი სისტემისადმი ძალიან დაბალია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ, რუსთავი2-ის, დამოუკიდებელი ტელევიზიის მომავლით. ხელისუფლების ქმედებები ახლა უმნიშვნელოვანესია,“ – მიმართა საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტარმა ხავიერ ნარტიმ.

საუბარი შეეხო კორცხელის ინციდენტსაც. ევროპელი დეპუტატები ინტერესდებოდნენ ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარებით. ევროპარლამენტარი ქეთი პირი დაინტერესდა, ფიქრობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, რომ ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხის არჩევნებამდე გადადება უსამართლობა იქნება.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომლებთანაც ვიზა ლიბერალიზაციასაც განვიხილავთ, საქართველო ყველაზე ნაკლებ საკამათოა. საქართველომ შეასრულა 72-ვე კრიტერიუმი, ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა ამისთვის. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ უსამართლობა იქნება, თუ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ არჩევნების შემდეგ მივიღებთ?“ – განაცხადა  ქეთი პირმა. 

გამოსვლაში პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებაც ისაუბრა. მან დეპუტატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს. 

წინა სტატიაგაუგებარი განცხადება ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების გამოყენების ნაცვლად – საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ჟურნალისტების მიჭირხვნით კი არა, ჭეშმარიტების ძიებით არის დაკავებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური