მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოეტი თინათინ მღვდლიაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ზუგდიდელი ქალბატონის მერი ესებუას გარდაცვალებას ეხმაურება

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ზუგდიდელი ქალბატონის მერი ესებუას გარდაცვალებას ეხმაურება

Published on

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ზუგდიდელი ქალბატონის მერი ესებუას გარდაცვალებას ეხმაურება:

 

,,მარმარილოს ბიჭების'' მარმარილოდ ქცეული დედა – მერი ესებუა

გუშინ, 2016 წლის 12 აპრილს, მანცხვარკარის სასაფლაოზე  დაკრძალეს დიდებული ქალბატონი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის შეწირული ორი ლომგულა ვაჟკაცის სვეგამწარებული დედა – მერი ესებუა.

თვალწინ მიდგას ესებუების ლამაზი, კოპწია, გაკრიალებული, სტუმართმოყვარე ოჯახი. პატარა, მაგრამ მოვლილი, უმშვენიერესი ეზო – კარი. სახლის კედელზე მიყრდნობილი ორი ძირში გადაჭრილი ხის ქანდაკებადქცეული, ერთმანეთზე მიყრდნობილი ტოტები, ნიშნად სამწუხარო ამბისა, რომ ოჯახი ორ ფესვებგადაჭრილ ვაჟკაცს გლოვობს…

ღმერთო, რამდენჯერ ვყოფილვარ ამ სევდიან, მაგრამ ქართული ღირსებით სავსე ოჯახში, რამდენჯერ დამითვალიერებია თეთრ, სუფთა კედლებზე გამოფენილი გია და გოჩა ესებუების ფოტოები, სავარძელზე სათუთად გადაფენილი გოჩას ჯვრით დამშვენებული, ნატყვიარი სვიტერი და რამდენჯერ დამიღვრია ცრემლი მათ მშობლებთან, სერგო და მერი ესებუებთან ერთად…იქვე, პატარა მაგიდაზე დადებულ ჩემს შინდისფერ წიგნსაც არაერთხელ დასცემია ჩემი მწუხარე ცრემლი…

რამდენიმე წლის წინათ, 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს (აღსანიშნავია,რომ გოჩა ესებუა 31 მარტს მოკლეს), როდესაც ზუგდიდის ცენტრში პრეზიდენტის ძეგლის საძირკველი ჩაისხა, მეც იქ გახლდით. მიტინგის შემდეგ ჩემი სულიერი ძმების, ჩემ მიერ ათასგზის დანატირალი ბიჭების საფლავზე ავედით და სწორედ მაშინ მოვისმინე ქ-ნი მერის გამაოგნებელი, განსაცვიფრებელი ,,ხმით ნატირალი''.

იცით, როგორ ტირიან ვაჟკაცების დედები?..სხვაგვარად ტირიან!.. სხვადასხვა დროს მომისმენია მერაბ კოსტავას, ნუგზარ ქაჯაიას, ნუგზარ ლეჟავას, გოჩა ჯიქიას და სხვა გამწარებული დედების ზარი, რომელსაც თვით ,,ვეფხვისა და მოყმის'' დედაც კი მოიწონებდა…

აი, როგორ ტიროდა ესებუების დედა:,,ჩემო შვილებო, გოჩა და გია,ვიცი, ვაჟკაცებს ცრემლი არ შეშვენით, ბრძოლებში დახოცილი ბიჭების დედას დიდი თავშეკავება მმართებს, მაგრამ, რა ვქნა,რომ არ გიტიროთ, გული გამისკდება!..თბილისში რომ ტყვია გავარდა, ზუგდიდში რა გამაჩერებდა, მთავრობის სახლისკიბეებთან ვათენ- ვაღამებდი!..მეშინოდა თქვენი დაკარგვის და მაპატიეთ, რომ გაწუხებდით, შვილებო!.. სამდურავი კიროგორ შეგკადროთ, როგორ შემოგბედოთ, საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს პრეზიდენტს და გვარდიელის ღირსებას იცავდით!…ერთად იზრდებოდით, ერთმანეთი გიყვარდათ, ფოტოსურათებშიც სულ ერთად ხართ, ერთმანეთზე თავმიყრდნობილები და ზეციურ საქართველოშიც ერთად წახვედით, ჩემო მამაცო შვილებო!..ჩემო უღალატო შვილებო!
არა, ვერ გისაყვედურებთ!..მე გაგზარდეთ! მე გასწავლეთ სამშობლოს სიყვარული! მე შთაგაგონებდით, რომ ქვეყნისა და ერის ერთგულები ყოფილიყავით და ჩემს გამოზრდილ ვაჟკაცებს, ვაჟკაცობა როგორ დაგიწუნოთ?..საქართველოს მოღალატეებმა დაგხოცეს, შვილებო!..ზურგში ხომ მხოლოდ მოღალატეებს შეუძლიათ სროლა!..დედა მოგიკვდეთ, ჩემო მამაცო,ჩემო უღალატო, ჩემო ლამაზო ბიჭებო!..'' 

და აი, სწორედ მაშინ, როდესაც ამ სულისშემძვრელ გოდებას ვისმენდი, მხარზე ხელი დამადო ესებუების გამწარებულმა მამამ, სერგო ესებუამ და ყურში წამჩურჩულა, – თინათინ, აი,შენი მარმარილოს ლეგენდები, შენი მარმარილოს ბიჭები!.

.,,ჯიხაშკარში შაშვი გალობს, მაფშალია – ოდიშში,
 ვერვინ დასცემს სამეგრელოს, მტერთან – დიდი ბოდიში!..
ო,ეს მწვანე გორაკები, ჭრელა-ჭრულა ქედები,
დადიანის ნაბაღნარში მტრედები და გედები…

ტყაშმაფა და ოჩოკოჩი, ზღაპრები და ოდები,
მანცხვარკარის ლურჯ გორაზე მარმარილოს ლოდები,
მარმარილოს ლეგენდები, მარმარილოს ბიჭები…
მიწა, ასგზის საფიცარი, – უფლის დანაბიჯები!'' –

ერთად ვჩურჩულებდით ჩემი ლექსის სევდიან სტრიქონებს მე და ბ-ნი სერგო ესებუა.

შემდეგ?..შემდეგ იყო უმშვენიერესი, შეიძლება ითქვას -დახატული სამარხვო სუფრა, ტკბილი ღვინო, მოგონებები,კოლხური სიდარბაისლე და სიკოპწიავე…ყელში კი ყველას ბურთი გვქონდა გაჩრილი!…
ღმერთო, რამდენი მოსაგონარი მაკავშირებს ესებუების ოჯახთან. წლების მანძილზე შობა-ახალ წელს მილოცავდნენ ქ-ნი მერი და ბ-ნი სერგო და მუდამ ზუგდიდში მეპატიჟებოდნენ…

ახლა?..ახლა, ზეციურ საქართველოს შეუერთდნენ ჩემი მარმარილოს ბიჭების მწუხარე მშობლები!
უფალო, აცხონე სერგო და მერი ესებუების სულები!
უფალო, სასუფეველში დაამკვიდრე შვილმკვდარი მშობლები!
უფალო, შეახვედრე მათ თავიანთი ლამაზი შვილები!
უფალო, გაამხნევე, გააძლიერე და გაამრავლე ესებუები!
უფალო, იხსენი საქართველო!

მე ვიცნობდი გოჩა ესებუას!..

2016 წლის 13 აპრილი

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...