ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ” 2015 წლის მუშაობა შეაჯამა

0
437

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ დამსწრეებს ფრაქციის გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა და მიმდინარე წლის მიზნებზე გეგმებზე ისაუბრა.

„ადგილობრივი და რეგიონის ხელისუფლება, მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი,  კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა მოვისმინოთ ჩვენი შეხედულებები, საქმიანობა და გეგმები ჩვენი ქალაქის განვითარებაზე. რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ პასუხიმგებლობა საკუთარი ქალაქის წინაშე, რათა  რეალურად ვაქციოთ ზუგდიდი ევროპული ტიპის მოწესრიგებულ ქალაქად, სამაგალითო ადამიანური ურთიერთობებითა და ღირსეული საცხოვრებელი პირობებით. ეს იყო და არის ჩვენი  უმთავრესი მიზანი და ეს პროცესი შეუქცევადია. არათავმდაბლობით ვიტყვი, რომ 2014 წლიდან ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული ღირებულებების და სისტემის დამკვიდრების, ღიაობის, გამჭვირვალეობის, სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის, ნოვაციების დამკვიდრების და   ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს  საქმიანობის წარმატებულ მოდელთან მიახლოების თვალსაზრისით  სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ეს კი სტიმულია და წამახალისებელი თითოეული ჩვენგანისათვის. ქალაქ ზუგდიდის საკრებულო კომპეტენციის ფარგლებში აქტიურადაა ჩართული ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ ვართ კონსტრუქციული და ამავე დროს პრინციპული საზედამხედველო ორგანო, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს ქალაქის მერთან და ზოგადად აღმასრულებელ ხელისუფლების ყველა რგოლთან.

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად ვთვლი, რომ საკრებულო გახდა სახალხო დაწესებულება, სადაც ადამიანები მოდიან, ისმენენ, იზიარებენ და მსჯელობენ მათთვის საინტერესო საკითხებზე, ეს არის ორგანო, სადაც ინფორმაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც საქმიანობა  თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული, სადაც ხელმისაწვდომი და კომუნიკაბელურია საკრებულოს ნებისმიერი წევრი, სადაც ყველა ფაქტი თუ მოვლენა ღია და გამჭვირვალეა და ეს არ გახლავთ პათეტიკა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით 2015 წელს ქალაქის საკრებულომ 100 პროცენტიანი მაჩვენებელი აჩვენა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სპეციალური სიგელი დაიმსახურა.

სიახლე, რომელიც დავამკვიდრეთ და მინდა გითხრათ საკმაოდ შედეგიანიც გამოდგა,  ესაა მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარება არა მარტო ამ ან სხვა დარბაზში, არამედ ასევე  უშუალოდ მათსავე უბანში, მათსავე ქუჩაზე. ამ მიზნით როგორც საკრებულოს, ასევე მერიის თანამდებობის პირებმა გასვლითი  შეხვედრები გამართა ქალაქის ყველა ზონაში. ეს შეხვედრები გრძელდება და გაგრძელდება მომავალშიც. საკრებულოს   მთავარი გზავნილია "თანამშრომლობა" და კიდევ "თანამშრომლობა"… !

საქართველოს კანონმდებლობაში ჯერ არ მოქმედებს არასამთავრობო სექტორის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ ამ თვალსაზრისით გავხდით პიონერები, უკვე მეორე წელია შევქმენით, მუშაობს და იხვეწება  საგრანტო კონკურსი, რომელიც უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების მხარდაჭერას მცირე გრანტებით, წარმოდგენილ პროექტებში თანამონაწილეობას. ეს სექტორებს შორის თანამშრომლობის უნიკალური მოდელია.

ჩვენ ვიყავით ჩართულები ადგილობრივ ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და ბიზნეს სექტორის ერთობლივი ფესტივალის ორგანიზებაში.

ჩვენი ინიცირებით ქალაქში წარმატებით განხორციელდა და მიმდინარეობს შარშან  დაანონსებული და დაწყებული კამპანია  „საკუთარ ქალაქში შეზღუდვების გარეშე“ – ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე საჯარო და კერძო  შენობებში  შშმ პირთათვის შეიქმნა ათეულობით პანდუსი, წესრიგდება და იქმნება ადაპტირებული გარემო. ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება.

ჩვენი ფრაქციის მიერ იყო ინიცირებული ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა.

ჩვენი მხარდაჭერით ქალაქში გაჩნდა პირველი ველობილიკები. გვინდა პოპულარიზაცია გავუწიოთ ველოკულტურას, რაც თავისთავად ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა. უნდა შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ თვალსაზრისით მოხალისეთა მიერ გამართულ არაერთ აქციაში მივიღეთ მონაწილეობა.

ქალაქის მოსახლეობისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მიუსაფარი ცხოველები. საკრებულომ დაიწყო  მუშაობა „ქალაქზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის, აღრიცხვისა და პოპულაციის მართვის წესზე“. ამ წესის შესაბამისად, უნდა მოხდეს ცხოველების აღრიცხვა და პოპულაციის მართვა დასავლური, ევროპული  მეთოდებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ჩვენ დავიწყეთ საუბარი მაწანწალა ცხოველების თავშესაფარზე, სამწუხაროდ საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ პრობლემის აქტუალიზაცია და წინ წამოწევა აუცილებლად სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს.

ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პროფესიულ სფეროში განსაკუთრებული მოღვაწეობა აქვთ გაწეული. ეს ადამიანები იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას. შესაბამისად, საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი. ეს წესი განსაზღვრავს საპატიო ზუგდიდელის, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭებას და ქალაქისა თუ ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თანაქალაქელების წახალისებას.

დავიწყეთ და  ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და გზამკვლევი ნიშნულების დამონტაჟების კვალდაკვალ დავიწყეთ მუშაობა ერთ-ერთ აუცილებელ საკითხზე -ქუჩებისსახელდების, ნუმერაციისა  და   სანომრე ფირნიშების მოწესრიგებაზე. ეს მნიშვნელოვანია არამარტო ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ ქალაქის სტუმრების, ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის.

მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, შშმ პირთა და სოციალურად დაუცველთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ფასდაკლების პაკეტის შემოღება, ამ მიმართულებით პირადად მე და ფრაქცია აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენი მუშაობის შედეგი მალე, ახალი ტრანსპორტის და შესაბამისად ახალი რეგულაციებისთანავე გამოჩნდება.

თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი და პირობები. ამ წესის უმთავრესი მიზანია თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, შესაბამისი პროფილის სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის კვალიფიკაციური კადრების მომზადება.

ზუგდიდი საუნივერსიტეტო ქალაქია, მოსწავლე-ახალგაზრდობისა  და სტუდენტების ხელშეწყობა და მხარდაჭერა იყო და იქნება ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი.

თვითმმართველობამ განსაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის საკითხი. საკრებულომ მიიღო ინსტრუქცია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის თაობაზე. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

ჩვენ დავიწყეთ ქალაქის უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების; ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფის და მათთვის სახელწოდების მინიჭების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ გაწეული კანონ შემოქმედებითი საქმიანობა.

საკრებულომ მიიღო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ქუჩების ნუმერაციის წესი, რომელიც განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების(მოედნის, პროსპექტის, გამზირის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობისდაა.შ.) ნუმერაციის დადგენის პირობებს.

ქალაქის საკრებულომ მიიღო ასევე მნიშვნელოვანი დადგენილება,  დაამტკიცა“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი“.  ეს წესი არეგულირებს ქალაქის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ ნორმებსა და სტანდარტებს.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების სისტემის მოწესრიგებაზე. საკრებულომ დაამტკიცა„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესი.“

2015 წელს ჩვენ მივიღეთ„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსი“. ამ მხრივ, საქართველოში ვართ პირველი წარმომადგენლობითი ორგანო. მინდა მადლობა გადავუხადო NDI-ს საქართველოს ოფისს, მათი მხარდაჭერითა  და საკრებულოს ყველა წევრისა და პოლიტიკური ორგანიზაციის ერთობლივი თანხმობით მოხდა ამ წესის მიღება. 

საკრებულოს ვებ- და ფეისბუქის გვერდი მუდმივად განახლებადია. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოიპოვოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია თვითმმართველობაში მიმდინარე პროეცესებთან დაკავშირებით, ასევე გაეცნოს არსებულ პროექტებსა და პროგრამებს.

თითოეული ჩვენგანის მიზანი არის და იქნება ის, რომ ზუგდიდი გადავაქციოთ მაღალი დონის განვითარებულ ქალაქად, სანიმუშო ადამიანური ურთიერთობებითა და მოწესრიგებული სოციალური პირობებით. ჩვენი ეს საერთო მიზანი  დაძლევადია და ამის განხორციელება თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა." – ნათქვამია საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" 2015 წლის ანგარიშში.

წინა სტატიაეგნატე შამუგია: „მერია ტენდერებზე მიკერძოებულობას ავლენს“
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატმა მოვაჭრეების აქციის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური