დღეს აქვე, ჩვენს გვერდით არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის მაქსიმალურად სასურველი გახდეს აფხაზეთის მოქალაქეთათვის. საქართველოში არ არის ისეთი ეკონომიკა, რომელიც მიიზიდავდა შრომით რესურსებს აფხაზეთიდან და ამ თვალსაზრისითაც შეუქმნიდა აფხაზებს ხელსაყრელ გარემოს. მაგრამ იქ, სადაც ქართველები ძლიერნი არიან, ისინი იგებენ ბრძოლას ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით. სულ უფრო ფართოვდება იმ ადამიანების წრე, რომელნიც საქართველოში იხსნეს სიკვდილისაგან. მათი ნათესავების, ახლობლების სახით ყალიბდება ქვეყნისადმი მადლიერებით, საკმაოდ ლოიალურად განწყობილი ადამიანების ფართო ბაზა. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ადამიანური კაპიტალის კარგვას, არის საშიშროება ამ ხალხმა საქართველოსკენ იბრუნოს პირი. – ასეთია საკითხი, რომელიც აქტიურად განიხილება აფხაზეთის საზოგადოებაში და განხილულია sukhum-moscow.ru -ს პუბლიკაციაშიც ,,აფხაზთა მკურნალობა საქართველოში – გულმოწყალება თუ პოლიტიკა?''
არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ აფხაზები დიდი ხანია სამკურნალოდ საქართველოში მიემგზავრებიან. ადრე მალავდნენ, მაგრამ ბოლო ხანებში ამაზე სულ უფრო ღიად ლაპარაკობენ. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა აიძულებს ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალოდ თბილისს მიაშურონ, და რა არის უფრო მნიშვნელოვანი – სიცოცხლე თუ პრინციპები.
აფხაზეთის მოქალაქეთა მკურნალობა თბილისში ჩვენი მხრიდან გარკვეული თვალსაზრისით ტაბუირებულია, თუმცა დღეს სავსებით ცხადია, რომ ქართული მედიცინის დახმარებით მოსარგებლე აფხაზთა რიცხვი ასეულობით განიზომება.
ამ დღეებში სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც აფხაზეთის მოქალაქე მადლობას უხდის ქართველ ექიმებს და ყველას, ვინც დაეხმარა ახლობლის სიკვდილისგან გამოხსნაში. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ადამიანი, ვინც დახმარებისთვის ქართველ ექიმებს მიმართა, მზად არის ღიად და საჯაროდ გამოხატოს მათდამი მადლიერება და არად აგდებს ჩვენს ქვეყანაში გამეფებულ კოლექტიურ საზოგადოებრივ აზრს, რომელიც ცალსახად გმობს მსგავს მოქმედებას.
, უკვე რეალობაა, რომ საქართველოს სამედიცინო დახმარებისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს. ამ პრობლემას ორი განზომილება აქვს – პოლიტიკური და ჰუმანიტარული და მისი ფესვები ჩვენი ეროვნული მედიცინის კრიტიკულად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში უნდა ვეძიოთ. აფხაზ ექიმთა აზრით, ჩვენი ჯანდაცვა ვერ აწვდის მოსახლეობას ბევრ ისეთ მომსახურებას, რომელიც მისაწვდომია საქართველოში. დახმარებისთვის ქართული მედიცინისადმი მიმართვა აფხაზეთის მოქალაქეთა მხრიდან მეტწილად დაკავშირებულია ჩვენი ჯანდაცვისადმი უნდობლობით, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. მეორე მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არ გაგავაჩნია სამედიცინო აღჭურვილობა, რომლის შეძენა შესაძლოა არც იყოს მიზანშეწონილი, რადგან, ჯერ ერთი, ძვირადღირებულია და მძიმედ დაააწვება ბიუჯეტს, და ამასთან გასათვალისწინებელია ჩვენი მასშტაბებიც, რომელიც ამგვარ ხარჯებს აპარატურის შესაძენად თითო – ოროლა ადამიანისთვის გაუმართლებელს ხდის. შესაბამისად, ადამიანი დგება არჩევანის წინაშე, სად წავიდეს სამკურნალოდ – რუსეთში თუ საქართველოში.
საქართველო ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევანი მასზე შეაჩერონ – პირველ რიგში, ეს არის იქ ჩასვლის გამარტივება და უფასო მკურნალობა. კვალიფიციური ექიმები აფხაზეთშიც გვყავს, ამდენად საქმე მარტო კვალიფიკაციის დონეში არ არის. ხდება ისე, რომ, როცა აფხაზ ექიმებს პაციენტის განკურნება არ ძალუძთ, ვერც იმას ახერხებენ, გაწერონ და რუსეთის კლინიკებში გადაამისამართონ იგი, რადგან არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები რუსეთსა და აფხაზეთს შორის. და აი, ხალხი მიდის იქ, სადაც დაეხმარებიან. პრობლემა იმაშიცაა, რომ ჩვენ საერთოდ არა გვყავს სპეციალისტები მედიცინის ისეთ დარგებში, როგორიცაა კარდიოქირურგია, ბავშვთა ქირურგია თავისი სხვადასხვა მიმართულებებით, არა გვყავს ალერგოლოგები, ინფექციონისტები და სხვ.
საქმე, რა თქმა უნდა, მარტოდენ ქართველი ექიმების განსაკუთრებულად მაღალ კვალიფიკაციაში როდია, ჩვენს ხალხს ამისკენ უბიძგებს გადაუდებელი საჭიროება – ონკოლოგია, ავტოსაგზაო შემთხვევებში მიღებული პოლიტრავმები და ინფექციური დაავადებები, ასევე შიდსი და ჰეპატიტი. – ამბობს რესპუბლიკური სააავადმყოფოს ქირურგი რუსლან სმირი.
ქართული კლინიკების აფხაზი პაციენტები ლაპარაკობენ ასევე იმაზე, რომ აფხაზეთში შეუძლებელია სამედიცინო დახმარების მიღება ბევრი სხვა დაავადების შემთხევებშიც, მაგრამ თვლიან, რომ ამ საკითხის პოლიტიზება არ არის საჭირო.
,,მე საქართველოში სამკურნალოდ გავემგზავრე იმიტომ, რომ მქონდა პრობლემები ქალური დაავადებების თვალსაზრისით, აფხაზეთში არ არიან გინეკოლოგები, რომელნიც შეძლებდნენ ჩემთვის საჭირო ოპერაციის გაკეთებას, საქართველოში კი მყავს ნათესავები, რომელთა დახმარებით ჩავერთე პროგრამაში. იქ კერძო კლინიკაში დამაწვინეს, ეს არის ძალიან კარგი საავადმყოფო და ექიმებიც ძალიან კარგები არიან. საერთოდ იქ საკითხი ასე დგას, თუ აფხაზეთიდან ხარ, ავტომატურად გაწვენენ საუკეთესო კლინიკაში. ჩემთვის არავის მოუთხოვია საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ეს სრული სიცრუე და სისულელეა. ერთადერთი, რასაც ექიმები მე, როგორც აფხაზს, კეთილგანწყობით მეუბნებოდნენ იყო ის, რომ მათთან სამკურნალოდ ბევრი აფხაზი ჩადის. არ ვნანობ, რომ იქ ჩავედი, ოპერაცია გამიკეთეს და ყველაფერი კარგად დამთავრდა. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამშობლოს ვუღალატე. – ამბობს აფხაზეთის მოქალაქე, რომელმაც გვთხოვა საიდუმლოდ შეგვენახა მისი ვინაობა.
ედუარდ შევარდნაძის დროს საქართველოში აფხაზეთიდან ცოტა ვინმე თუ ჩადიოდა სამკურნალოდ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის საქართველოში სამედიცინო მომსახურების გაწევის იდეის ავტორი და ორგანიზატორი მიხეილ საააკაშვილია, მაგრამ მის დროს ეს საკითხი პოლიტიზებული იყო. არცთუ იშვიათად, პროგრამაში ჩართვის მსურველ პაციენტებს სთავაზობდნენ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, ყოველ შემთხვევაში, სთხოვდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე მიმანიშნებელი ამა თუ იმ დოკუმენტის, მაგალითად, სადაზღვევო პოლისის წარდგენას. და ეს ყველაფერი არ არის. აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჩასული პაციენტი საავადმყოფოს დერეფნებში შეიძლება გადაწყდომოდა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, რომელიც რეპორტაჟს ამზადებდა და შესაძლოა მის კადრებში მოხვედრილიყავი. ერთი სიტყვით, ადამიანებს ეხმარებოდნენ, მაგრამ ამავე დროს ამას აპიარებდნენ და ამ თვალსაზრისით ეს წმინდა წყლის პოლიტიკურ ხასიათს იძენდა.
ახლა ყველაფერი უფრო გამარტივებულია. კონკრეტული პაციენტისთვის საქართველოს კლინიკებში მკურნალობა უაღრესად პირადული საქმეა და არა ,,პოლიტიკური პროექტი“. არავინ გახვევს თავს მოქალაქეობას, თუმცა წინანდებურად უფასოდ და საუკეთესო ადგილებში გიწევენ დახმარებას, ამასთან ამის ირგვლივ პიარი აღარ კეთდება. თუმცა, ამ პროგრამას, რასაკვირველია, პოლიტიკა მაინც ახლავს.
ასეთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს თუნდაც იმიტომ, რომ, ვთქვათ, გალის რაიონის მცხოვრებლებს, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, ამგვარი სამედიცინო დახმარების პროგრამაში, როგორც წესი, არავინ რთავს, გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართულ კლინიკებში ნაკლები ხალისით იღებენ აფხაზეთის იმ მოქალაქეებს, რომელნიც ეროვნებით აფხაზები არ არიან.
,,გალელებს საქართველოში ამ პროგრამით არ მკურნალობენ, რადგან ისინი ქართველები და საქართველოს მოქალაქეები არიან და შეუძლიათ ისარგებლონ შეღავათებით, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში საქართველოს მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის არის დაწესებული. მათთვის მოქმედებს შეღავათები როგორც მკურნალობაში, ისე ექიმის კონსულტაციის მიღებაში. მაგრამ გზა თბილისამდე გალელებს 120 ლარი უჯდებათ, ამას ემატება მკურნალობის ნაწილობრივი საზღაურიც. ამიტომ ვიღებთ უკუპროცესსაც – ბევრი გალელი სამკურნალოდ სოხუმში ჩადის. მაგრამ ეს ის კატეგორიაა, რომელსაც აფხაზური დოკუმენტები აქვს’’ – ამბობს გალის ერთ-ერთი მცხოვრები.
პოლიტიკური ქვეტექსტი საჩინოა, თუ გადავხედავთ და გავაანალიზებთ ამ პროგრამის განვითარების პროცესს. 2016 წელს, თუკი ყველაფერი კარგად წარიმართება, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, რომელიც უშუალოდ აფხაზეთთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, დასრულდება 220 პაციენტზე გათვლილი თანამედროვე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მშენებლობა. მის გვერდით იგება სამვარსკვლავიანი სასტუმრო პაციენტის თანმხლები პირებისათვის. კლინიკაში იმუშავებს ყველაზე საუკეთესი სამედიცინო პერსონალი – ექიმები ახლა სტაჟირებას გადიან ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, ისრაელის, რუსეთის კლინიკებში. კლინიკაში მკურნალობა აფხაზეთის მცხოვრებთათვის უფასო იქნება, ქართულ მედიაში ხაზგასმით აღინიშნება, რომ ეს შეეხება სწორედ ეთნიკურ აფხაზებს.
ცენტრს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშენებს. პროექტის ღირებულება 20 მილიონი დოლარია. აქ 600 – მდე ადამიანი იმუშავებს. სიმბოლურია, რომ საბჭოურ პერიოდში რუხში აფხაზთა და ქართველთა მეგობრობის ფესტივალები იმართებოდა. ახლა ამ მეგობრობის სიმბოლოდ სამედიცინო ცენტრი მოიაზრება.
აფხაზეთის საზოგადოებრიობის უარყოფითმა რეაქციამ იმაზე, რომ აფხაზები სამედიცინო დახმარებისთვის მასობრივად მიმართავენ საქართველოს, ქვეყანას, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორც ჩანს, აიძულა ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები გაამკაცრონ მათ მიერ საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის პირობები. ამგვარი ზომების ეფექტურობა ფრიად საეჭვოა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გართულებულ შემთხვევებში დახმარებისთვის ქართველ კოლეგებს მიმართავენ თავად აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებიც კი და მომხდარა ისეც, რომ რეანომობილები ზუგდიდიდან პაციენტის გადასაყვანად სოხუმში ჩამოსულან. მეორეც, საქართველოში უპრობლემოდ შეიძლება მოხვდე სოჭის გავლით, საიდანაც ბათუმისა და ფოთისკენ სისტემატურად გადის საზღვაო ტრანსპორტი.
,,სავსებით ცხადია, რომ აფხაზეთში უახლოეს ხანებში არ გვექნება ჯანდაცვის ისეთი დონე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას საშუალებას მისცემს აქვე, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. პრობლემა ისაა, რომ შეიძლება ყოველთვის გამოჩნდეს პაციენტი, რომელსაც სრულიად განსხვავებული, ცალკე სამსახურის დახმარება დასჭირდება. ასეთი შემთხვევა იშვიათი არ არის. ანუ, იმისათვის, რომ მას ვუმკურნალოთ, ცალკე საავადმყოფოს აშენება და აღჭურვა დაგვჭირდება, თან საქმე მხოლოდ ამაშიც არ არის. ჩვენ არა გვაქვს რენტგენი, რომლის მეშვეობით განისაზღვრება ლეიკოზი და იმისათვის, რომ ასეთი ავადმყოფი საავადმყოფოში განვათავსოთ, გვჭირდება ცალკე სპეციალური საავადმყოფოს აგება. პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, როცა გადაუდებელი იყო ნაღვლის ბუშტის სადინარებში გაჩხერილი ქვების ამოღება, სადინარებიდან ამოღებას კი ცალკე აპარატურა სჭირდება და იძულებული გავხდით პაციენტი რუსეთში გადაგვემისამართებინა’’ – ამბობს ქირურგი რუსლან სმირი.
პრობლემა ნაწილობრივ დაიძლევა, თუკი აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებთან დადებს ხელშეკრულებას, რომელიც დაარეგულირებს ფორმალურ საკითხებს და პაციენტები შეძლებენ აქ თუ არა, იქ მაინც მიიღონ სათანადო მომსახურება. მაგრამ ქართულ მედიცინასთან კონკურირება ამ შემთხვევაშიც რთული ამოცანა იქნება. არადა, ამას, სავარაუდოდ, სრულიად კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოყვება.
სულ უფრო ფართოვდება იმ ადამიანების წრე, რომელნიც საქართველოში იხსნეს სიკვდილისაგან. მათი ნათესავების, ახლობლების სახით ყალიბდება ფართო ბაზა ამ ქვეყნისადმი მადლიერებით, საკმაოდ ლოიალურად განწყობილი ადამიანებისა და ამაში ცუდი არც არაფერი იქნებოდა, თავად საქართველოში რომ გვეკიდებოდნენ ისე, როგორც მეზობელ ქვეყანას, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქართული მხარის შორსმიმავალ პოლიტიკურ გეგმებს მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ,,ქართულ სამყაროსთან“ , ამას არ უნდა ველოდოთ გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი.
მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყანა უკვე შედგა როგორც პოლიტიკურ- იდეოლოგიური კომპლექსი, რომლის თვითიდენტიფიკაციას საფუძვლად უდევს სახელმწიფოებრიობის, როგორც უმაღლესი ღირებულების, შეფასება. ამიტომ იმ ადამიანებისადმი უნდობლობა და მათ პატრიოტიზმში დაეჭვება, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით საქართველოში მოუხდათ ჩასვლა, იკვებება ჩვენს ცნობიერებაში წარსული წლებიდან გამჯდარი კომპლექსებით.
საკითხს აქვს მესამე მხარეც – ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანური კაპიტალის უკიდურესი მობილურობის ეპოქაში. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთთვის აირჩიონ ხელსაყრელი გარემო და საცხოვრებელი ადგილი, გაემგზავრონ დროებით ან დაფუძნდნენ იქ, სადაც მიიღებენ უკეთეს სამედიცინო დახმარებას, სადაც შესაძლებელია მეტი გამოიმუშაონ. ქვეყნებს შორის კონკურენცია ადამიანური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისითაც დიდია.
არადა, დღეს აგერ აქვე, ჩვენს გვერდით არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის მაქსიმალურად სასურველი გახდეს აფხაზეთის მოქალაქეთათვის. საქართველოში არ არის ისეთი ეკონომიკა, რომელიც მიიზიდავდა შრომით რესურსებს აფხაზეთიდან და ამ თვალსაზრისითაც შეუქმნიდა აფხაზებს ხელსაყრელ გარემოს. მაგრამ იქ, სადაც ქართველები ძლიერნი არიან, ისინი იგებენ ბრძოლას ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით.
პრობლემა დღეს ის კი არ არის, რომ ხალხი იქ სამკურნალოდ მიემგზავრება. პრობლემა ჩვენი სახელმწიფოს პერმანენტული კოლაფსია. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ადამიანური კაპიტალის კარგვას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი უთუოდ საქართველოსკენ იბრუნებს პირს. ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც თავის მომავალს და ცხოვრებისეულ სტრატეგიას რუსეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას უკავშირებს. და თუ ჩვენში უკვე ახლა არ დაიწყება ნამდვილი განვითარება, შორეულ პერსპექტივაში ჩვენ წავაგებთ ბრძოლას ჩვენი მომავლისათვის.
სტელა ადლეიბა
www.sukhum-moscow.ru